საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-2 მუხლის:

   ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „თ) სადაზღვევო ბროკერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში –  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას;“;

   ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ტ) ბენეფიციარი მესაკუთრე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირი;“.

   2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საქმიანობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებასთან დაკავშირებული დაზღვევის ხელშეკრულება, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებისა, შეუძლია დადოს მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასთან. საქართველოს მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის ხელშეკრულება შეუძლია დადოს მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასთან.“.

   3. მე-9 მუხლის:

   ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვას „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის აქვს უფლება, სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა სამსახურის მიერ გაცემული სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობას).

  4. სადაზღვევო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონის, სხვა კანონებისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;

   ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „7. მზღვეველის მართვა და მისი საქმიანობა ხორციელდება სამსახურის ნორმატივების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. თუ არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების სადაზღვევო საქმიანობის სამსახურის მიერ დადგენილი წესი, მზღვეველი უფლებამოსილია იმოქმედოს საერთაშორისო სადაზღვევო ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად.“.

   4. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. სადაზღვევო ბროკერი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია სამსახურში და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სამსახურს და გაიაროს რეგისტრაცია.“.

   5. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. მზღვეველი ვალდებულია სამსახურის  მოთხოვნისას წარუდგინოს მას ინფორმაცია უცხოეთის იმ სადაზღვევო ორგანიზაციის შესახებ, რომელთანაც დადებული აქვს გადაზღვევის ხელშეკრულება. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს გადამზღვეველი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.“.

   6. მე-14 მუხლის:

   ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. მზღვეველი ვალდებულია დაიცვას სამსახურის მიერ დადგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

   ა) კაპიტალის მინიმალური ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე;

   ბ) სადაზღვევო რეზერვების ოდენობა სახეობათა მიხედვით;

  გ) სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების ზღვრული თანაფარდობა სადაზღვევო რეზერვებთან;

   დ) კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

   ე) აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა.“;

   ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. მზღვეველი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე სამსახურს წარუდგინოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის „საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს“ მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად.“;

   გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. მზღვეველი და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებული არიან გამოაქვეყნონ ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა სამსახურის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.“.

   7. მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. აღებულ სადაზღვევო ვალდებულებათა შესასრულებლად მზღვეველი ქმნის რეზერვებს. სადაზღვევო რეზერვების სახეობებს და მათი შექმნის წესს ადგენს სამსახური.

   2. სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვებ აქტივებს და მათ სტრუქტურას განსაზღვრავს სამსახური.“.

   8. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს სამსახური.“.

   9. მე-19–21-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 19. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო

  1. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური. სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

  2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

   3. სამსახურთან იქმნება საკონსულტაციო ფუნქციების მქონე  სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან და რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2 ექსპერტი არასამთავრობო სექტორიდან.

   4. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.

   5. სამსახურის უფროსის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

   მუხლი 20. სამსახურის ფუნქციები

  1. ამ კანონის მიზნებისათვის სამსახურის ფუნქციებია: დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნას და მისი შესრულების კონტროლს, ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავებას.

  2. სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ინიციირებული სახელმწიფო, მუნიციპალური და დარგობრივი სადაზღვევო პროგრამები შეთანხმებული უნდა იყოს  სამსახურთან და უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ მისი თანხმობით.

   მუხლი 21. სამსახურის უფლებამოსილებანი

   სამსახური უფლებამოსილია:

  ა) გასცეს და გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია; განახორციელოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;

 ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ისინი, ასევე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მზღვეველისაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

   გ) მზღვეველის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები;

   დ) აწარმოოს მზღვეველთა და სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი;

   ე) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი;

   ვ) დაადგინოს სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი;

   ზ) დაადგინოს სადაზღვევო ორგანიზაციისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნები;

  თ) განსაზღვროს მზღვეველის აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

   ი) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

  კ) განსაზღვროს მზღვეველის გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესი;

  ლ) შექმნას მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო დოკუმენტაცია სადაზღვევო საკითხების შესახებ;

   მ) შეიმუშაოს და მიიღოს ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის რეგულირების შესახებ;

  ნ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

   ო) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის კაპიტალის წარმოშობის შესახებ;

  პ) დაადგინოს მზღვეველის ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მათი წარდგენის პროცედურა;

  ჟ) ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის დადებას;

   რ) გამოაქვეყნოს სადაზღვევო ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;

   ს) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის წესი;

   ტ) დაადგინოს მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესი.“.

   10. 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

   „1. სამსახური უფლებამოსილია ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი სანქციები, თუ მზღვეველმა ან რომელიმე ადმინისტრატორმა:

   ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

   ბ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

   გ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

   2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისას სამსახურს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

   ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

  ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მზღვეველმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;

   გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

  დ) მზღვეველის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს/საერთო კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;

   ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;

  ვ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება დამზღვევისა და დაზღვეულის ინტერესებს, შეუჩეროს მათ კონკრეტული ოპერაციების განხორციელების უფლება, შემოიღოს იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

   ზ) გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.“.

   11. 22-ე მუხლის:

   ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

  „1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს სამსახური „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

   ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

  „4. თუ მზღვეველს სურს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება და უკვე აღებული აქვს ლიცენზია დაზღვევის სხვა სახეობაში, მას უფლება აქვს, განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობა იმ კონკრეტულ სახეობაში, რომლის განხორციელების უფლებაც უკვე მიღებული აქვს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დამატებითი ლიცენზიის მიღება საჭირო არ არის. მზღვეველი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამსახურს გადაზღვევის საქმიანობის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“;

   გ) მე-5 პუნქტის:

   გ.ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

  „გ) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების თაობაზე;

  დ) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე;“;

    გ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                   

  „ზ) მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე დააკმაყოფილოს სამსახურის მიერ დადგენილი ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები;“;

   დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                   

   „9. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე სამსახურს შესაბამისი საზედამხედველო ორგანოდან წარუდგენს დოკუმენტაციას იმის თაობაზე, რომ დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას რეგისტრაციის ქვეყანაში აქვს შესაბამისი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში გახსნის უფლება.“;

   ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                   

  „13. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ იურიდიულ პირს და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას).“;

   ვ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

   „16. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის ფორმას ადგენს სამსახური.“.

  12. 271 მუხლის:

  ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

 „1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ სამსახურის გადაწყვეტილებით:

 ა) სადაზღვევო ორგანიზაციის თხოვნის საფუძველზე, როდესაც ლიცენზიის მფლობელი წერილობით მიმართავს სამსახურს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

 ბ) სამსახურის მიერ დადგენილი ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების სისტემატურად დარღვევის შემთხვევაში;

  გ) თუ მზღვეველმა არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის ვადაში;

  დ) თუ მზღვეველი ეწევა ან ეწეოდა მისი ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ სადაზღვევო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დამზღვევებს/დაზღვეულებს;

  ე) თუ მზღვეველი გადახდისუუნაროა.“;

  ბ) მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

 „ბ) მისმა დამფუძნებელმა სადაზღვევო ორგანიზაციამ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღებიდან უმოკლეს ვადაში ეცნობება სამსახურს;

 გ) მის დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას ან გადამზღვეველ კომპანიას რეგისტრაციის ქვეყანაში ჩამოერთვა სადაზღვევო საქმიანობის უფლება, რის შესახებაც ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს;

 დ) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ან გადამზღვეველი კომპანიის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება ან სხვა საფუძვლით დაიწყო მისი ლიკვიდაცია, რის შესახებაც ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს.“;

  გ) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

  „3. სამსახურის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ან ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის) საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს უფლება არა აქვს, განახორციელოს შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მისი მოქმედების ვადის გასვლამდე.

  4. მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში აბარებს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას სამსახურს.

  5. მზღვეველის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებიდან იწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი ამ კანონის, სხვა კანონებისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

  13. 28-ე მუხლის მე-3–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

  „3. თუ იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეიტანება ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს იურიდიული პირის ხელახალ რეგისტრაციას, ამ დოკუმენტების ასლები გაეგზავნება სამსახურს.

 4. მზღვეველი ვალდებულია საფირმო სახელწოდების, ადგილსამყოფლის შეცვლისა და სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით აცნობოს სამსახურს და წარუდგინოს მას სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

  5. მზღვეველი ვალდებულია მნიშვნელოვანი წილის გასხვისების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის, რეორგანიზაციისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) დაარსების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამსახურს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტაცია (ინფორმაცია პირის შესახებ, რომელიც აპირებს წილის შეძენას, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების თაობაზე, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის, შერწყმის ან გამოყოფის დასაბუთება და პირობები). სამსახური წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში მზღვეველს ეუბნება დასაბუთებულ უარს. 10 დღის ვადაში დასაბუთებული უარის მიუღებლობის შემთხვევაში თანხმობა გაცემულად ჩაითვლება.

   51. ადმინისტრატორის ცვლილების შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

  6. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გარიგება ბათილია, თუ სამსახურში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია ან სამსახურისაგან მიღებულ იქნა დასაბუთებული უარი, მაგრამ გარიგება მაინც განხორციელდა.“.

  14. 281 მუხლის:

  ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

  „1. მზღვეველმა საქართველოს ფარგლების გარეთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 ა) მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;

 ბ) მზღვეველის მმართველი ორგანოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესრულების მიზნით ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.“;

 ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

 „ბ) მზღვეველი უზრუნველყოფს სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.“.

  15. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 29. სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

 1. ინფორმაცია დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის მიერ განხორციელებული სადაზღვევო ოპერაციებისა და ტრანზაქციების (მათ შორის, გარიგების დადების ცდის შემთხვევაში) შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ შესაბამის დამზღვევს/დაზღვეულს/მოსარგებლეს და მის წარმომადგენელს, სამსახურს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

  2. სამსახურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, ამა თუ იმ ფორმით გასცეს მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის შესახებ მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება დაზღვევის საიდუმლოებას, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას. ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, მიმდინარე პერიოდში უკავია თუ არა ამ პირს ზემოაღნიშნული თანამდებობა.

  3. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევისათვის სამსახურის თანამშრომელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

  16. 331 მუხლის:

  ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამსახურის  მიერ დადგენილი ნორმატივების დარღვევის ან/და ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების ან/და სადაზღვევო ვალდებულებების შეუსრულებლობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.“;

  ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა სამსახურში წარდგენილ მზღვეველის თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ.“;

  გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. სამსახურის მიერ დანიშნული მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.“.

  17. 332 მუხლის:

  ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;“;

  ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სამსახურის მიერ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.“.

  18. 333 მუხლის:

  ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება მზღვეველის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს სამსახურის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. დაუშვებელია ამ მზღვეველთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.

 2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს სამსახურს გამოსაქვეყნებლად. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სამსახურის წინაშე, სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით.“;

  ბ) მე-6–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. ლიკვიდატორმა დანიშვნიდან 15 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს მზღვეველის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე; ეს გადაწყვეტილება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.

 7. მზღვეველის ლიკვიდაციისას მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორთა წერილობითი განცხადებების საფუძველზე, სამსახურში ლიკვიდატორის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის წარდგენიდან 20 დღის გასვლის შემდეგ.

 8. მზღვეველის მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება მოუკითხავ რესურსად ითვლება და გადადის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.“. 

  19. 334 მუხლის:

  ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. თუ ამ კანონის 333 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის მომზადებისას დადგინდება მზღვეველის გადახდისუუნარობა, მზღვეველის ლიკვიდატორი ვალდებულია აცნობოს სამსახურს, რის საფუძველზედაც სამსახური იღებს მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას.

  2. მზღვეველის გადახდისუუნარობის დადგენისას სამსახური უფლებამოსილია დაიწყოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გარეშე. ამ შემთხვევაში გაკოტრების მმართველი პირველ რიგში ასრულებს ამ კანონის 333 მუხლით ლიკვიდატორისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს.“;

  ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. სამსახურის გადაწყვეტილებით ინიშნება გაკოტრების მმართველი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.“;

  გ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში; ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. ამ განცხადებითვე დგინდება მზღვეველის ვალდებულება კრედიტორებისადმი. მზღვეველის კრედიტორებმა გაკოტრების მმართველს განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით;“;

  დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე ან სხვა ხელსაყრელი ფორმით, სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაყიდოს მზღვეველის აქტივები, სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნის უფლება, სხვა იურიდიულ პირს გადასცეს აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას.“;

  ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „8. გაკოტრების მმართველის ანაზღაურება მის მიერ შესრულებული მოვალეობების ადეკვატური უნდა იყოს. გაკოტრების მმართველის ანაზღაურებას განსაზღვრავს სამსახური. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი სახსრებით აანაზღაუროს გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება.“.

  20. 335 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მზღვეველის ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის განაწილების თაობაზე შეადგინოს და სამსახურს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის დასრულების შესახებ საბოლოო ანგარიში, რომლის საფუძველზედაც სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

  3. მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრები და ქონება მოუკითხავ რესურსად ითვლება და გადადის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.“. 

მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დაფუძნება.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დაფუძნების აქტით განისაზღვროს ამ სამსახურის ქონების ფორმირების წესი.

3. დაზღვევის და საპენსიო სქემების ზედამხედველობის საკითხებში, მათ შორის, საერთაშორისო ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებული სტატუსის, უფლებებისა და მოვალეობების ნაწილში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური არის საქართველოს ეროვნული ბანკის სამართალმემკვიდრე.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის მიმდინარე საქმეების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გადაბარების და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის (რომლითაც ხდება მზღვეველთა და საპენსიო სქემების ფინანსური და სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი) გადაცემის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დაფუძნებიდან არა უგვიანეს 1 თვისა შეიქმნას საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი დროებითი კომისია 6 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან 3 წევრი იქნება ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, ხოლო 3 – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ახალი ნორმატიული აქტების გამოცემამდე დაზღვევის და საპენსიო სქემების ზედამხედველობის მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან.