მუხლი 038. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცება.

2. სამეთვალყურეო საბჭომ 2018 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა.

3. ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.

5. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე სამეთვალყურეო საბჭო უფლებაუნარიანია 3 წევრის შემადგენლობით.

6. სამეთვალყურეო საბჭოს პირველ თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მთავრობა.

7. საპენსიო სააგენტოს პირველი 3 წლის ბიუჯეტი 100 პროცენტით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მომდევნო 10 წლის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს ხარჯებმა არ უნდა გადააჭარბოს საპენსიო აქტივების 0,5 პროცენტს, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ −  0,25 პროცენტს.

8. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საინვესტიციო საბჭოს პირველი შემადგენლობის 2 წევრს  აირჩევს 3 წლის ვადით.

9. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში.

10. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტში მითითებულ ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა) საპენსიო აქტივების ინვესტირების ლიმიტია 15 პროცენტი.

11. შესარჩევი კომისიის საქმიანობა პირველ წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

12. ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება.

13. საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს ამ კანონით განსაზღვრული, დაგროვებითი საპენსიო სქემით გათვალისწინებული, სახელმწიფოს მიერ ამ სქემაში შესატანი დაფინანსების, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ შესატანი თანადაფინანსების ნაწილში 2019 წელს შესასრულებელი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის წესი.