მუხლი 034. საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა

1. თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდის არჩევის შემთხვევაში მისთვის გადასაცემი თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. მონაწილის მემკვიდრე საპენსიო სააგენტოში წარადგენს მოთხოვნას საპენსიო სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესის (პროცედურების) შესაბამისად.

4. მონაწილის მემკვიდრისგან ყველა მოთხოვნის მიღების შემდეგ საპენსიო სააგენტო იღებს მის მოთხოვნათა ლეგიტიმურობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემის შესახებ.

5. საპენსიო სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი თანხის დაბრუნება, თუ დადგინდა, რომ იგი რომელიმე მონაწილის მემკვიდრეს შეცდომით გადაეცა.