მუხლი 032. პენსიის გაცემა საპენსიო ასაკში

1. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით.

2. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილე ასევე უფლებამოსილია  მიმართოს საპენსიო სააგენტოს და მოსთხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა პენსიის მიღების მიზნით.

3. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების მონაწილისთვის პენსიის სახით გაცემის სხვა ფორმაც და უზრუნველყოს მონაწილე ამ ფორმით.

4. მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს საპენსიო აქტივების ღირებულების სრული მოცულობა მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან, თუ მან საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა.

5. საპენსიო სააგენტო ადგენს მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების მინიმალურ ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით.

6. მონაწილე მიიღებს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხის მთლიან მოცულობას მას შემდეგ, რაც იგი ამ მუხლით დადგენილი წესით შეატყობინებს საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივების მიღების სურვილის ქონის თაობაზე.

7. სამეთვალყურეო საბჭო სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებს პროგრამული გატანის  პერიოდულობის განსაზღვრის წესებსა და პირობებს  საპენსიო აქტივების იმ მონაწილეებისთვის გაცემის მიზნით, რომლებმაც არ გაიტანეს საპენსიო აქტივები ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

8. პროგრამული გატანით გასაცემი თანხის ოდენობის გამოსათვლელად მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება იყოფა მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე, რომელიც ეფუძნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს მოსახლეობის ასაკობრივი განაწილების და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ.

9. პროგრამული გატანით გასაცემი თანხის ოდენობა გადაანგარიშდება ყოველწლიურად, მონაწილის ასაკის შეცვლის თვეში. დაუშვებელია გადახდების პროგრამა განსხვავებული იყოს მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, რასის, რელიგიური მრწამსის, სქესის, ეროვნების ან ნებისმიერი დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე.

10. საპენსიო სააგენტო მონაწილეს მისი საპენსიო ასაკის მოახლოების შესახებ წერილობით ატყობინებს ამ ასაკის დადგომამდე 6 თვით ადრე და უზრუნველყოფს მისთვის სტანდარტული განაცხადის ფორმის ხელმისაწვდომობას.

11. მონაწილე, რომელიც გადაწყვეტს, პენსიაზე გავიდეს საპენსიო ასაკის მიღწევისას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს საპენსიო სააგენტოს საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიაზე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და საპენსიო ასაკის მიღწევამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე მოითხოვოს საპენსიო ასაკიდან პენსიის გადახდის დაწყება.

12. მონაწილე უფლებამოსილია გადაავადოს პენსიაზე გასვლის თარიღი და მოითხოვოს პენსიის მიღება საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ნებისმიერ დროს. ამ შემთხვევაში მონაწილემ წერილობით უნდა შეატყობინოს საპენსიო სააგენტოს პენსიაზე გასვლის თარიღი ასეთი თარიღის დადგომამდე არანაკლებ 30 დღით ადრე.

13. მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დამსაქმებელი და სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ ახორციელებენ საპენსიო შენატანებს იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ახორციელებს საპენსიო შენატანებს საპენსიო სააგენტოში.

14. თუ მონაწილე გადაწყვეტს, პენსიაზე გავიდეს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, მას შეუძლია განცხადების საფუძველზე შეწყვიტოს ხელფასიდან საპენსიო შენატანების განხორციელება. არ შეიძლება მონაწილემ გააგრძელოს საპენსიო შენატანების განხორციელება პენსიის მიღების დაწყების შემდეგ.

15. საპენსიო სააგენტო მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის გადახდას დაიწყებს მისი პენსიაზე გასვლის თარიღის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

16. საპენსიო სააგენტო პერიოდულად ადარებს და ამოწმებს მონაცემებს და შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ახდენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამის კორექტირებას. საპენსიო სააგენტომ შეიძლება მოითხოვოს მონაწილისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის დაბრუნება.

17. საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს ისეთ მონაწილეთა და მათ მემკვიდრეთა წარმომადგენლების დადგენისა და აღრიცხვის წესსა და ფორმას, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომადგენლები ან/და მეურვეები ესაჭიროებათ.