მუხლი 030. საინვესტიციო საბჭოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ღია საფონდო ინსტრუმენტში პირდაპირი ინვესტიციის განხორციელება

1. საინვესტიციო საბჭო ან/და აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია საკუთარი ნდობითი ვალდებულების შესრულების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების ღია საფონდო ინსტრუმენტში ინვესტირების შესახებ.

2. ღია საფონდო ინსტრუმენტის შემადგენელი თითოეული საპენსიო აქტივი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.

3. ღია საფონდო ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიცია  ყოველი საანგარიშგებო წლის ბოლოს საპენსიო აქტივების 40 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

4. საინვესტიციო საბჭო ან/და აქტივების მმართველი კომპანია შეარჩევს ერთ ან ერთზე მეტ ღია საფონდო ინსტრუმენტს ღია საფონდო ინსტრუმენტის სტანდარტული პროსპექტის პირობების გამჭვირვალე პროცედურის გამოყენებით შედარების საფუძველზე. აღნიშნული შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.

5. ღია საფონდო ინსტრუმენტი, რომელსაც საპენსიო სააგენტო  საინვესტიციოდ გამოიყენებს, უნდა იყოს ლიცენზირებული შესაბამისი მარეგულირებლის მიერ.

6. ეროვნული ბანკი ადგენს მინიმალურ დასაშვებ საკრედიტო რეიტინგს ღია საფონდო ინსტრუმენტისთვის.

7. ღია საფონდო ინსტრუმენტისთვის საინვესტიციო საბჭომ უნდა განიხილოს მონაწილეთა საპენსიო აქტივების კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფისთვის შესაფერისი სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის საკითხი. ამ კანონით სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ საპენსიო აქტივებზე, რომლებიც ინვესტირებულია ღია საფონდო ინსტრუმენტში.

8. საპენსიო სააგენტომ ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ შეიძლება ღია საფონდო ინსტრუმენტთან გააფორმოს სტანდარტული ხელმოწერის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება ღია საფონდო ინსტრუმენტისთვის ანაზღაურების მიცემის საკითხი და მისი ხარჯისა და შესაბამისი ინვესტიციის მიმართ მთლიანი საპენსიო აქტივების პროცენტული პროპორციის გამოთვლის წესი.

9. ერთი ემიტენტის ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის განხორციელების შეზღუდვა არ გავრცელდება ერთ ღია საფონდო ინსტრუმენტში ინვესტიციების განხორციელებაზე იმ პირობით, რომ აღნიშნული ღია საფონდო ინსტრუმენტის საინვესტიციო პოლიტიკა მოითხოვს ისეთ დივერსიფიკაციას, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.