მუხლი 029. აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) არჩევის უფლება

1. დასაქმებულს, რომელიც ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების ფარგლებში რჩება მონაწილედ, აგრეთვე თვითდასაქმებულს, რომელიც ნებაყოფლობით გაწევრდება დაგროვებით საპენსიო სქემაში, უფლება აქვს, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და საპენსიო შენატანების სრული მოცულობის ან მისი ნაწილის სამართავად აირჩიოს აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაწილის გარდა,  ნებისმიერ სხვა მონაწილეს უფლება აქვს, აირჩიოს აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული აქტივების მხოლოდ იმ ნაწილის სამართავად, რომელიც დაგროვდა მის მიერ დასაბეგრი წლიური ხელფასის სახით მიღებულ თანხაზე, რომელიც 60 000 ლარს აღემატება.

3. მონაწილის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით მინიჭებული უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში მისი საპენსიო აქტივების ინვესტირებას განახორციელებს საპენსიო სააგენტო ამ კანონით დადგენილი წესით.

4. ეროვნული ბანკი ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის შესაფერისობის კრიტერიუმებს ამ მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიებთან დაკავშირებით.

5. საპენსიო სააგენტო ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად განსაზღვრავს იმ აქტივების მმართველი კომპანიების სიას, რომლებსაც ექნებათ ამ მუხლით გათვალისწინებული საპენსიო აქტივების მართვის შესაძლებლობა.

6. მონაწილე აქტივების მმართველ კომპანიას არჩევს დისტანციური ელექტრონული წვდომის საშუალებით ან საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებული განცხადების საფუძველზე, რომელსაც ავსებს და წერილობით წარადგენს.

7. საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს აქტივების მმართველი კომპანიისთვის საპენსიო აქტივების სამართავად გადაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს, შესაბამისი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მომსახურების საფასურის მაქსიმალურ ოდენობას და საპენსიო აქტივების გადაცემის პერიოდულობას.

8. აქტივების მმართველ კომპანიებსა და ინვესტიციებზე ვრცელდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი და ამ კანონის ის დებულებები, რომლებიც შეეხება საპენსიო აქტივების ინვესტირებას.

9. მონაწილის მიერ ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველი კომპანიის არჩევის შემთხვევაში აქტივების მმართველმა კომპანიამ საპენსიო აქტივები შესანახად უნდა გადასცეს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც არ უნდა იყოს მასთან აფილირებული პირი და უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.