მუხლი 028. აქტივების მმართველი კომპანია

1. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართავად გადაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში საპენსიო სააგენტო აქტივების მმართველ კომპანიასთან დებს შესაბამის ხელშეკრულებას.

2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულებისა და საინვესტიციო საბჭოს მიერ დამტკიცებული დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე. აქტივების მმართველი კომპანია და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით, არიან ნდობითი ვალდებულების მქონე პირები ამ კანონის შესაბამისად. 

3. აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც არის საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ლიცენზია. ასეთი აქტივების მმართველი კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა საქმიანობდეს და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები;

ბ) არ უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს მიერ შერჩეულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი;

გ) არ უნდა ისესხოს ან ასესხოს თანხები სპეციალიზებულ დეპოზიტარს ან მასთან აფილირებულ პირს.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს მინიმალური დასაშვები რეიტინგი ან/და დამატებითი მოთხოვნები საქართველოში რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის.

5. აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ არის რეგისტრირებული, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ლიცენზირებული უნდა იყოს იმ სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ, სადაც არის რეგისტრირებული. ეროვნული ბანკი ადგენს მინიმალურ დასაშვებ საკრედიტო რეიტინგს საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის;

ბ) ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა საქმიანობდეს და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები;

გ) არ უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს მიერ შერჩეულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი;

დ) არ უნდა ისესხოს ან ასესხოს თანხები სპეციალიზებულ დეპოზიტარს ან მასთან აფილირებულ პირს;

ე) უნდა ჰქონდეს მესამე პირების (კერძო და ინსტიტუციური) დაგროვილი აქტივების მართვის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის.

7. საინვესტიციო საბჭო შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით შეარჩევს ერთ ან ერთზე მეტ  აქტივების მმართველ კომპანიას. საინვესტიციო საბჭო ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს.

8. ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიასთან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის აქტივების მმართველი კომპანიის საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის, არ არის აქტივების მმართველი კომპანიის აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გადახდისუუნარობის პროცედურები, და არ დაექვემდებარება რაიმე ანგარიშსწორების პროცესს.