მუხლი 027. საპენსიო აქტივების ინვესტირება

1. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, საინვესტიციო ჰორიზონტში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით.

2. კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებია:

ა) საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად გრძელვადიან პერიოდში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდა;

ბ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია;

გ) გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში საპენსიო აქტივების უსაფრთხოება;

დ) ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება.

3. საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდება სამ განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში. მონაწილეს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელის კომბინაცია შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკის მიმართ ტოლერანტულობას. მონაწილე დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებიდან 1 თვის ვადაში, დისტანციური ელექტრონული წვდომის საშუალებით ან/და განცხადებით აფიქსირებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელის კომბინაცია შეეფერება მას.

4. სანამ მონაწილე არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებულ უფლებას, საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) გაწევრების მომენტისთვის 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი;

ბ) გაწევრების მომენტისთვის 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი;

გ) გაწევრების მომენტისთვის 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი.

5. მონაწილეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი ან/და აქტივების მმართველი კომპანია ამ კანონის შესაბამისად და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრული პერიოდულობით. ეს პერიოდი არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები. ცვლილება შეიძლება შეეხოს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ თანხებს ან/და მომავალ საპენსიო შენატანებს.

6. საინვესტიციო საბჭო ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება. 

7. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნებისთვის, თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელის ჭრილში ცხადად უნდა განსაზღვრავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

ა) საინვესტიციო მიზნებს;

ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიას და აქტივების განთავსების სტრატეგიიდან გადახრის მაქსიმალურ დაშვებულ ნორმებს თითოეული კლასის აქტივებისთვის და მიზნობრივი საინვესტიციო მაჩვენებლებისთვის;

გ) მთლიანი რისკების პროფილს და ცალკეული რისკების მიმართ ტოლერანტულობის მატრიცას, მისი მოქმედების საინვესტიციო ჰორიზონტის მითითებით;

დ) პროცედურას, რომლის შესაბამისადაც ხდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გამწევი პირის შერჩევა, მონიტორინგი, შეფასება და მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის შესაბამისად. თითოეულ საინვესტიციო პორტფელში ინვესტიციები უნდა დაიგეგმოს იმ გათვლით, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსთვის, მაღალი სანდოობით (95 ან 95-ზე მეტი პროცენტის ალბათობით), მოსალოდნელი იყოს ინვესტირებიდან დადებითი რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით). 

8. თითოეული საინვესტიციო პორტფელი  უნდა ითვალისწინებდეს განსხვავებულ საინვესტიციო ჰორიზონტს, რომელსაც განსაზღვრავს საინვესტიციო საბჭო ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთანავე:

ა) ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა იყოს 5 წელზე ნაკლები;

ბ) საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს;

გ) მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს საშუალორისკიანი საინვესტიციო  პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს.

9. თითოეული საინვესტიციო პორტფელის საშუალებით განხორციელებული ინვესტირებიდან მიღებული ამონაგები და საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობა უნდა შეფასდეს  საინვესტიციო ჰორიზონტის ვადიანობის და განხორციელებული ინვესტირების შედეგად შემდგარი საინვესტიციო პორტფელის რისკიანობის გათვალისწინებით.

10. საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის გადასინჯვის წესსა და პერიოდულობას. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა გადაისინჯოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

11. საფინანსო ბაზრებზე განვითარებულ მნიშვნელოვან რყევებზე ან მათთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მიზნით საინვესტიციო საბჭო ვალდებულია განიხილოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების საჭიროება.

12. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საინვესტიციო პორტფელების ტიპები და დასაშვები საინვესტიციო ლიმიტები აქტივების ფართო კლასების ჭრილში განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი:

ა.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები − 75 პროცენტამდე;

ა.ბ) სასესხო ფასიანი ქაღალდები − 100 პროცენტამდე;

ა.გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტამდე;

ბ) საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი:

ბ.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები − 50 პროცენტამდე;

ბ.ბ) სასესხო ფასიანი ქაღალდები − 75 პროცენტამდე;

ბ.გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტიდან 40 პროცენტამდე;

ბ.დ) სხვა ტიპის აქტივები − 10 პროცენტამდე;

გ) მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი: 

გ.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები − 25 პროცენტამდე;

გ.ბ) სასესხო ფასიანი ქაღალდები − 50 პროცენტამდე;

გ.გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 40 პროცენტიდან 60 პროცენტამდე;

გ.დ) სხვა ტიპის აქტივები − 10 პროცენტამდე.

13. უცხოური ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების მაქსიმალური ზღვრები საინვესტიციო პორტფელების ჭრილში განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი − 20 პროცენტი;

ბ) საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი − 40 პროცენტი;

გ) მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი − 60 პროცენტი.

14. ეროვნული ბანკი და საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილი არიან სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგინონ რეკომენდაციები ამ კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო ლიმიტებისა და შეზღუდვების ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ აღნიშნული ლიმიტები და შეზღუდვები აფერხებს საპენსიო აქტივების ოპტიმალურად განთავსებას მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

15. საინვესტიციო საბჭო თითოეული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო სახელმძღვანელოს თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელისთვის, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), თამასისადმი რისკების გადახრის ზღვრულ მაჩვენებელს მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ, დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, სარეიტინგო ზღვრებს, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის და ამ კანონის შესაბამისად.

16. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს შემდეგ უცხოური ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში:

ა) ფულადი სახსრები, მათ შორის, სახელმწიფოს საბანკო მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ იმ კომერციულ ბანკებში არსებული საბანკო ანგარიშები, რომელთა წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და რომელთა ლიცენზიაც არ არის შეჩერებული;

ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი;

გ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები;

დ) სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის ან სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, თუ ის სათანადოდ არის გარანტირებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;

ე) კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;

ვ) საწარმოთა აქციები ან გლობალური დეპოზიტარული ხელწერილები, რომლებიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს კაპიტალის ბაზრის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და რომლებით ვაჭრობაც ხორციელდება საფონდო ბირჟაზე, იმ პირობით, რომ მათზე განხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა;

ზ) ღია საფონდო ინსტრუმენტები;

თ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტები ან/და არაფინანსური აქტივები, რომლებიც შეიძლება ინვესტირებისთვის დაუშვას ეროვნულმა ბანკმა.

17. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შემდეგ ეროვნული ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში:

ა) ფულადი სახსრები, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ იმ კომერციულ ბანკებში არსებული საბანკო ანგარიშები, რომელთა წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და რომელთა ლიცენზიაც არ არის გაუქმებული;

ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, თვითმმართველი ერთეულის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი;

გ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები;

დ) კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ საქართველოში და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;

ე) საწარმოთა აქციები, რომლებიც განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით, საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის სიაში და რომლებზედაც  ხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა;

ვ) საქართველოში რეგისტრირებული და რეგულირებული ღია საფონდო ინსტრუმენტები;

ზ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტები ან/და არაფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება ინვესტირებისთვის დაუშვას ეროვნულმა ბანკმა.

18. ეროვნული ბანკი ადგენს მინიმალურ დასაშვებ რეიტინგს ამ მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ინსტრუმენტისთვის ან/და ემიტენტისთვის.

19. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები ამ მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ინსტრუმენტისთვის ან/და ემიტენტისთვის.

20. აკრძალულია საპენსიო აქტივების ინვესტირება:

ა) აქტივებში, რომელთა გასხვისებაც დაუშვებელია კანონით;

ბ) ოფციონებში, ფიუჩერსულ და ფორვარდულ გარიგებებთან და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებში და ფინანსურ აქტივებში, გარდა ჰეჯირების სტრატეგიისთვის გამოსაყენებელი დერივატივებისა, რომლებიც ემსახურება რისკების შემცირებას და, ამავე დროს, არ ზრდის ღია პოზიციებს;

გ) უძრავ ქონებაში ან ფიზიკურ აქტივებში;

დ) აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საინვესტიციო საბჭოს წევრის ან მასთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში;

ე) ფასიან ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა:

ე.ა) აქტივების მმართველმა კომპანიამ ან მასთან აფილირებულმა პირმა;

ე.ბ) საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიისთვის მომსახურების გამწევმა სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა ან მასთან აფილირებულმა პირმა;

ვ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში ან/და არაფინანსურ ინსტრუმენტებში.

21. დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5 პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა).

22. დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების 10 პროცენტზე მეტის ფლობა.

23. ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- (ან მისი ეკვივალენტური) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე.

24. საპენსიო აქტივები არ შეიძლება გასხვისდეს:

ა) სპეციალიზებულ დეპოზიტარზე, რომელიც მომსახურებას უწევს ამ საპენსიო აქტივებს;

ბ) აქტივების მმართველ კომპანიაზე, რომელიც მომსახურებას უწევს ამ საპენსიო აქტივებს;

გ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრზე ან საინვესტიციო საბჭოს წევრზე; 

დ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველ კომპანიასთან, სპეციალიზებულ დეპოზიტართან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი.

25. აქტივების მმართველმა კომპანიამ არ შეიძლება გასცეს რაიმე სესხი ან გარანტია იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც მითითებულია ამ მუხლის 24-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში.

26. აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს ხმის უფლების რეალიზებას ყველა წილობრივ ფასიან ქაღალდთან დაკავშირებით, რომლებიც არის მისი მართვის ქვეშ, მონაწილეთა სახელით, მხოლოდ მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.