მუხლი 026. სპეციალიზებული დეპოზიტარი

1. საინვესტიციო საბჭო ვალდებულია შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელსაც (რომლებსაც) დააკისრებს საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულებას, და ამის თაობაზე დადოს მასთან (მათთან) დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულება. სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით, ამ კანონის მიზნებისთვის არიან ნდობითი ვალდებულების მქონე პირები.

2. საინვესტიციო საბჭო სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.

3. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტ პირს, მაგრამ მას საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივები, მათთან დაკავშირებული ოპერაციები და ჩანაწერები ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისა და ჩანაწერებისგან განცალკევებით უნდა ჰქონდეს აღრიცხული და შენახული.

4. საქართველოში რეგისტრირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს, უნდა იყოს ლიცენზირებული და აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული, დეპოზიტარული მომსახურების გამწევი პირი უნდა იყოს ლიცენზირებული სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და აღიარებული ეროვნული ბანკის მიერ. ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს მოქმედი, მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

5. ამავე დროს, სპეციალიზებული დეპოზიტარი:

ა) არ უნდა მოქმედებდეს, როგორც აქტივების მმართველი კომპანია;

ბ) არ უნდა იყოს აქტივების მმართველი კომპანიის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი;

გ) არ უნდა სესხულობდეს ან ასესხებდეს თანხებს აქტივების მმართველ კომპანიას ან მასთან აფილირებულ პირს.

6. სპეციალიზებული დეპოზიტარი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;

ბ) იღებს და ინახავს იმ გადარიცხვების და ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;

გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში;

დ) საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციით მისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში დახმარების გასაწევად;

ე) უზრუნველყოფს, რომ საპენსიო აქტივების შეძენისა და განკარგვის თაობაზე დოკუმენტები შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

7. საპენსიო სააგენტოსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის დადებული სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებებს;

ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ვალდებულებების შესრულების ვადებსა და ფორმას;

გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

8. სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების,  სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების ნებისმიერი არსებითი დარღვევის ან არასათანადოდ შესრულების ან სპეციალიზებული დეპოზიტარის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში საპენსიო სააგენტო სპეციალიზებულ დეპოზიტარს უგზავნის შეტყობინებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ეროვნულ ბანკს და საინვესტიციო საბჭოს.

9. სპეციალიზებული დეპოზიტარის თითოეული ცვლილება განხორციელდება ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოსთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას.

10. სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და მის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს გადასცემს ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში.

11. ამ მუხლის შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის, არ არის სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გაკოტრების პროცედურები, და არ დაექვემდებარება რაიმე ანგარიშსწორების პროცესს, გარდა იმ ანგარიშსწორებისა, რომელიც დაკავშირებულია საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესთან.

12. თუ საინვესტიციო  საბჭო დაადგენს, რომ არ არის მიზანშეწონილი, საქართველოში საპენსიო აქტივები ერთ სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსდეს, შეიძლება საქართველოში საპენსიო აქტივების განსათავსებლად მეორე სპეციალიზებული დეპოზიტარი შეირჩეს. ამ შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი შეირჩევა და მასთან ხელშეკრულება იდება ამ მუხლით დადგენილი წესით.