მუხლი 024. მონაწილის უფლება საპენსიო აქტივებზე

1. საპენსიო აქტივები, რომლებიც აისახება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მონაწილის საკუთრებაა. აღნიშნული საკუთრების განკარგვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. არ შეიძლება მონაწილის საპენსიო აქტივებზე მისი ქონებრივი უფლებები დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები არ ექვემდებარება აღსრულებას, ვერ იქნება შეტანილი მონაწილის ან საპენსიო სააგენტოს გაკოტრების მასაში და მათზე არ იმოქმედებს რაიმე სახის ანგარიშსწორების პროცედურა.