მუხლი 023. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის განგრძობადობა

1. მონაწილე დასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო სქემაში საპენსიო შენატანების განხორციელებას. მონაწილე საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ მონაწილე შეწყვეტს საპენსიო შენატანების განხორციელებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ან დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად.

2. თვითდასაქმებულ მონაწილეს, რომელიც შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას, შეუძლია ნებისმიერ დროს განაახლოს საპენსიო შენატანების განხორციელება.

3. მონაწილეს, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს სამუდამოდ დატოვებას, შეუძლია მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ პირობით, რომ მონაწილე წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან მისაღებ თანხას ჩამოეჭრება მის სასარგებლოდ განხორციელებული სახელმწიფო შენატანების პროპორციული საპენსიო აქტივების ღირებულება, ხოლო დარჩენილი მისაღები თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.