მუხლი 022. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმა

1. თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, იგი უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული რჩება მონაწილედ.

2. დამსაქმებელს ეკრძალება დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დასაქმებულის დარწმუნება ან გადარწმუნება ან მასზე სხვა ფორმით ზემოქმედება.

3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში:

ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით;

ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით;

გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით გადაირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.

4. დასაქმებულს, რომელიც უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით. დასაქმებულის ხელახლა გაწევრებისას დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს საპენსიო შენატანების განხორციელება დაიწყება დასაქმებულის გაწევრების შემდეგ მისთვის პირველი ხელფასის გადახდისთანავე, ხოლო აღნიშნული მონაწილე ჩაითვლება დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად და საპენსიო სააგენტოში მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მისი უფლებები განისაზღვრება ამ კანონით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაწევრებული დასაქმებულისთვის პირველი ხელფასის გადახდა გამოიწვევს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ამ მონაწილის შესახებ პირველადი საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებას და შექმნის საფუძველს სათანადო ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გახსნისთვის.