მუხლი 008. საპენსიო სააგენტოს უფლებები და მოვალეობები

1. საპენსიო სააგენტო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებულ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს აღრიცხავს დაგროვებით საპენსიო სქემაში და თითოეული მონაწილისთვის ქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს.

2. საპენსიო სააგენტო საპენსიო აქტივებს განკარგავს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.

3. საპენსიო სააგენტო აანალიზებს დაგროვებით საპენსიო სქემას, აფასებს რისკებს, აყალიბებს დაგროვებითი საპენსიო სქემის განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ხედვას, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს მათ სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ, საპენსიო სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით ახორციელებს კომუნიკაციას და აწარმოებს კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, მუდმივად ზრუნავს მონაწილეთა ინტერესებსა და მათი რაოდენობის ზრდაზე.

4. დაგროვებითი საპენსიო სქემის გამართული ადმინისტრირების მიზნით საპენსიო სააგენტოს აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები:

ა) გახსნას ანგარიშები ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში;

ბ) განახორციელოს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება;  

გ) დადოს ხელშეკრულებები აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან;

დ) დადოს ხელშეკრულებები ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო სააგენტოსთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირებთან;

ე) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია საფონდო ინსტრუმენტისგან და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ;

ვ) განახორციელოს პენსიების გაცემის პროცესის ადმინისტრირება;

ზ) დადოს ხელშეკრულებები საპენსიო სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და განკარგვის თაობაზე;

თ) დაიქირაოს საპენსიო სააგენტოსთვის თანამშრომლები და ჩამოაყალიბოს კონკურენტუნარიანი საკომპენსაციო სტრუქტურა ამ კანონის შესაბამისად;

ი) მოამზადოს საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტი სამეთვალყურეო საბჭოსთვის შესათანხმებლად წარსადგენად;

კ) განიხილოს საპენსიო შენატანთან დაკავშირებული საკითხები.

5. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების შესახებ.

6. საპენსიო სააგენტოს ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული  ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს საპენსიო სააგენტო მონაწილის პერსონალური მონაცემებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საპენსიო სააგენტოს დირექტორი გამოსცემს როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ისე ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

8. საპენსიო სააგენტო დამოუკიდებელი მხარის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე წარმოადგენს ამ კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების ზღვრების ცვლილების მიზანშეწონილობის დასაბუთებას, საპენსიო სააგენტოს დაფინანსების წყაროს ამ ხარჯების ზღვრების ცვლილებამდე 6 თვით ადრე.