მუხლი 019. საპენსიო სააგენტოს ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება

1. საპენსიო სააგენტო ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას,  რომელიც აუდიტირებულია მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთის მიერ, რომელსაც შეარჩევს საქართველოს პარლამენტი. შერჩეულ აუდიტორულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება;

ბ) ინფორმაციას ჯამური აბსოლუტური შემოსავლიანობის შესახებ, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში, მათ შორის, აქტივების კლასების მიხედვით, შესაბამისი მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ შემოსავლიანობის შესახებ;

გ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელების მიხედვით ინვესტირებული საპენსიო აქტივების ღირებულებისა და პროპორციის შესახებ ინფორმაციას, აქტივების კლასების როგორც მიზნობრივ, ისე ფაქტობრივ განაწილებას;

დ) თითოეული აქტივების მმართველი კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის შედეგების, მიზნობრივი მაჩვენებლების და მათგან გადახრის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას − ცალ-ცალკე, ეროვნული ვალუტით და უცხოური ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტებისათვის;  

ე) ანგარიშს ყველა სხვა გადასახდელის შესახებ, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის საკომისიოს და სხვა მომსახურების და ფინანსური გარიგების საფასურების შესახებ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან/და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას.

2. საპენსიო სააგენტო ვალდებულია კალენდარული წლის პირველი 6 თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მის მიერ 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა.

3. საპენსიო სააგენტო ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში.  

4. საპენსიო სააგენტოს დებულებით შეიძლება განისაზღვროს საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების უფრო მცირე ინტერვალებით გამოთვლა და გასაჯაროება.

5. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს სხვა ინფორმაცია (მათ შორის, არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება) მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით.