მუხლი 018. საპენსიო სააგენტოს დაფინანსების წყაროები, საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტი

1. საპენსიო სააგენტოს საქმიანობა ფინანსდება მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან, საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით, რომელიც გამოიხატება საპენსიო აქტივების პროცენტული მოცულობით. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს აღნიშნული საფასურის გატანის პერიოდულობა.

2. საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტი ცალ-ცალკე უნდა აღრიცხავდეს:

ა) საინვესტიციო საქმიანობის, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ბიუჯეტს, აქტივების მმართველი კომპანიისა (კომპანიებისა) და სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარებისათვის) გადასახდელ მომსახურების საკომისიოებს და საინვესტიციო საბჭოს ხარჯებს;

ბ) საპენსიო სააგენტოს მმართველობით და ადმინისტრაციულ ხარჯებს;

გ) საერთო ხარჯების გადანაწილებას.

3. საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტში განსაზღვრული უნდა იყოს წლიური მომსახურების საფასურის პროცენტული მოცულობა როგორც მთლიანად, ისე ცალ-ცალკე, საინვესტიციო საქმიანობისა და მმართველობით-ადმინისტრაციული საქმიანობისათვის.

4. საპენსიო სააგენტოს დირექტორი არაუგვიანეს ყოველი საბიუჯეტო წლის 1 ნოემბრისა სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს.