მუხლი 017. საინვესტიციო საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები

1. საინვესტიციო საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. საინვესტიციო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.

2. საინვესტიციო საბჭოს სხდომას წარმართავს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას − საინვესტიციო საბჭოს სხდომის თავმჯდომარედ არჩეული საინვესტიციო საბჭოს სხვა წევრი.

3. საინვესტიციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას ესწრება საინვესტიციო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. საპენსიო სააგენტოს დირექტორი და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილი არიან საინვესტიციო საბჭოს სხდომებს დაესწრონ ხმის უფლების გარეშე.

5. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი.