მუხლი 014. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

1. საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო  სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.

2. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

3. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს.

4. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით.

5. საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს უფროს საინვესტიციო ოფიცერსა და საინვესტიციო სამსახურს ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ყველა რესურსით, მათ შორის, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტში ამ კანონის შესაბამისად. 

6. საინვესტიციო საბჭო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსისთვის მის მიერ დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევს და სამეთვალყურეო საბჭოს  თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურას.  უფროსი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღება სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით.

7. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი  პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის,  ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

8. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობს ამ კანონის შესაბამისად.

9. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად ინვესტირებისთვის.

10. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.

11. უფროს საინვესტიციო ოფიცერზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. უფროს საინვესტიციო ოფიცერს ასევე ეზღუდება ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის ან ანაზღაურების მიღება აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირისგან, ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს ყოველწლიურად წარუდგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

12. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი არ შეიძლება პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 12 თვის განმავლობაში.

13. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი შეიძლება თანამდებობიდან გაათავისუფლოს სამეთვალყურეო საბჭომ საინვესტიციო საბჭოს მიმართვის საფუძველზე.