მუხლი 013. საინვესტიციო საბჭოს უფლებები და მოვალეობები

1. საინვესტიციო საბჭო:

ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მასში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე, დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;

ბ) საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და ამ კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას;

გ) არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას; 

დ) ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფროს საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესასრულებელი გეგმა;

ე) საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან, დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;

ვ) შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს (დეპოზიტარებს) და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს);

ზ) განსაზღვრავს და საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.

2. თუ სამეთვალყურეო საბჭომ არ გაითვალისწინა ან ნაწილობრივ გაითვალისწინა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წინადადებების საფუძველზე მომზადებული საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტი, იგი ვალდებულია საინვესტიციო საბჭოს წარუდგინოს დასაბუთებული პოზიცია ამის შესახებ.

3. საინვესტიციო საბჭო ვალდებულია იზრუნოს საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესში აქტივების მმართველი კომპანიებისა და ღია საფონდო ინსტრუმენტების კომპეტენციის ფარგლებში მათი ჩართულობის ზრდაზე.

4. საინვესტიციო საბჭო ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს, აქტივების მმართველი კომპანიებისთვის სამართავად გადასაცემი საპენსიო აქტივების მოცულობისა და გადაცემის ვადების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და წესს (პროცედურებს).

5. საფინანსო ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, საინვესტიციო საბჭომ საჯაროდ უნდა განაცხადოს აქტივების მმართველი კომპანიებისა და ღია საფონდო ინსტრუმენტების მეშვეობით განთავსებული თანხების მთლიან წლიურ ინვესტიციაში წილობრივ პროპორციასთან დაკავშირებული გეგმა, რომელიც გათვლილი უნდა იყოს მომდევნო 3-წლიანი პერიოდისთვის.

6. საინვესტიციო საბჭო ამ კანონის გათვალისწინებით შეიმუშავებს და ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ წესს (პროცედურებს).