მუხლი 012. საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობა

1. საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისგან.

2. საინვესტიციო საბჭოს წევრებს 5 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ საინვესტიციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება არჩეული საინვესტიციო საბჭოს ახალი წევრი, საინვესტიციო საბჭოს წევრი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას საინვესტიციო საბჭოს ახალი წევრის არჩევამდე.

3. საინვესტიციო საბჭო თავის წევრთაგან სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს.

4. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

5. საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება.

6. საინვესტიციო საბჭოს წევრის თითოეული დაუკავებელი თანამდებობისთვის შესარჩევი კომისია აცხადებს კონკურსს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, არანაკლებ ერთ საერთაშორისო ფინანსურ გამოცემაში განცხადების გამოქვეყნებით. საინვესტიციო საბჭოს წევრის თითოეული დაუკავებელი თანამდებობისთვის შესარჩევი კომისია განიხილავს არანაკლებ 2 კანდიდატურას შერჩევის კრიტერიუმების სიაზე დაყრდნობით, რომელსაც საინვესტიციო საბჭო ამზადებს. საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შესარჩევი კომისია არჩევს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

7. საინვესტიციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს შესარჩევი კომისიის წევრის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, საქართველოს მთავრობის წევრის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე რიგის მემკვიდრე ან შესარჩევი კომისიის წევრთან, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან, საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელი ან დაქირავებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარი მესაკუთრე, ან აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევ ნებისმიერ პირთან აფილირებული პირი.

8. საინვესტიციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად.

9. საინვესტიციო საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, თუ:

ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) სასამართლომ იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) იგი თანამდებობიდან გადადგა ან გარდაიცვალა;

ე) მან დაარღვია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები ან/და არასათანადოდ განახორციელა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და არასათანადოდ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები;

ვ) იგი ზედიზედ სამჯერ, საპენსიო სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გარეშე არ მონაწილეობდა საინვესტიციო საბჭოს სხდომებში.

10. საინვესტიციო საბჭოს წევრს ეზღუდება ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის ან ანაზღაურების მიღება აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირისგან, ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან.

11. საინვესტიციო საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი საქმიანობაა და ფინანსდება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდან.

12. საინვესტიციო საბჭოს წევრი არ შეიძლება პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს საინვესტიციო საბჭოს წევრობის ვადის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში.