მუხლი 011. შესარჩევი კომისია

1. შესარჩევი კომისია შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით შეარჩევს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

2. საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის პროცედურებს განსაზღვრავს და ამტკიცებს შესარჩევი კომისია ამ კანონის შესაბამისად.

3. შესარჩევი კომისია შედგება 7 წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი, 1 დამოუკიდებელი წევრი.

4. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი. დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. დამოუკიდებელ წევრს უნდა ჰქონდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

5. შესარჩევი კომისიის წევრ საქართველოს პარლამენტის 3 წევრს წარადგენს საქართველოს პარლამენტი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შესარჩევი კომისიის წევრს შესარჩევი კომისიის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

6. შესარჩევ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესარჩევი კომისია ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესარჩევი კომისიის წევრებს, გარდა დამოუკიდებელი წევრისა, შესარჩევ კომისიაში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ მიეცემათ. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელი წევრისთვის შრომის ანაზღაურების მიცემას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.  შესარჩევი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ფინანსდება საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტიდან.