მუხლი 010. სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო  შედგება 4 წევრისგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

დ) საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. სამეთვალყურეო საბჭო თავის წევრთაგან 2 წლის ვადით ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს.

3. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

5. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭოს  სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

6. სამეთვალყურეო საბჭო:

ა) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა (გარდა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლებისა) რაოდენობას და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობებს;

ბ) ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს დირექტორის საქმიანობას და აძლევს მას მითითებებს;

გ) საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროს საინვესტიციო ოფიცერს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;

ე) განსაზღვრავს და ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს შიდა აუდიტის მექანიზმს;

ვ) ამტკიცებს პროგრამული გატანის პერიოდულობის განსაზღვრის წესსა და პირობებს;

ზ) ამტკიცებს მონაწილის მემკვიდრის მიერ საპენსიო სააგენტოში მოთხოვნის წარდგენის წესს (პროცედურებს);

თ) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის სამართლებრივ აქტებს, გარდა საინვესტიციო საბჭოს, უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის საქმიანობის სფეროსთვის მიკუთვნებული სამართლებრივი აქტებისა;

ი) უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას;

კ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.

7. სამეთვალყურეო საბჭო შეიძლება არ დაეთანხმოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობას მხოლოდ დასაბუთებული უარის თქმით.

8. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.

9. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს სამეთვალყურეო საბჭოში  საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ მიეცემათ.