მუხლი 009. საპენსიო სააგენტოს დირექტორი

1. სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას. საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით.

2. საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით.

3. საპენსიო სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესი განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.

4. საპენსიო სააგენტოს დირექტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესსამართლის დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საპენსიო სააგენტოს დირექტორად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად.

5. თუ საპენსიო სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი, საპენსიო სააგენტოს მოქმედი დირექტორი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

6. საპენსიო სააგენტოს დირექტორი წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს საპენსიო სააგენტოსთვის ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

7. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წინადადებების გათვალისწინებით ამზადებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს და სტრუქტურას, რომლებსაც შესათანხმებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს.

8. საპენსიო სააგენტოს დირექტორი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იმ წესებსა და პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო სააგენტოს საქმიანობა, მათ შორის, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის აღრიცხვა, ადმინისტრირება, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვა. 

9. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამ კანონის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს:

ა) საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს და საინვესტიციო საბჭოს მიერ მისთვის წარდგენილ საკითხებზე.

10. საპენსიო სააგენტოს დირექტორი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წამოაყენებს საპენსიო სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხასთან დაკავშირებულ წინადადებებს, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტში.

11. საპენსიო სააგენტოს დირექტორზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

12. საპენსიო სააგენტოს დირექტორი არ შეიძლება პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან  გათავისუფლებიდან 12 თვის განმავლობაში.

13. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ყოველი წლის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს.

14. სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; 

გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; 

დ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ვ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; 

ზ) ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების არასათანადოდ განხორციელებისთვის და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის;

თ) გარდაცვალების შემთხვევაში.