მუხლი 007. დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება

1. საპენსიო სააგენტო საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის გამოყენებით ახორციელებს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების ტექნიკურ მხარდაჭერას და საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას ამ კანონის შესაბამისად და თითოეული მონაწილისთვის ქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს.

2. ხელფასის საბანკო ანგარიშიდან გადახდისას საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით დამსაქმებლისა და დასაქმებულის ვალდებულებები სრულდება საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

3. ხელფასის საბანკო ანგარიშიდან გადახდისას საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა სახელმწიფო ხაზინისათვის წარმოქმნის შესაბამის ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფოსათვის ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საფუძველია.

4. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ხელფასის ნაღდი ფორმით გადახდისას დამსაქმებელი როგორც დასაქმებულის სასარგებლოდ, ისე დასაქმებულის სახელით, ამ კანონის შესაბამისად გამოითვლის საპენსიო შენატანს და ხელფასის გაცემისას მას საპენსიო სააგენტოში მიმართავს.

5. ხელფასის ნაღდი ფორმით გადახდისას სახელმწიფო ხაზინისათვის ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების საფუძველია საპენსიო სააგენტოს მოთხოვნა, რომელიც წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში მიმართული თანხა დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციით განსაზღვრულ გაცემული ხელფასის შესაბამისი საპენსიო შენატანის თანხაზე ნაკლები არ არის.     

6. თვითდასაქმებული ნებაყოფლობით საპენსიო შენატანს ახორციელებს თავისი წლიური შემოსავლის დეკლარირებისას.

7. თვითდასაქმებულის შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინისათვის ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების საფუძველია საპენსიო სააგენტოს მოთხოვნა, რომელიც წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოში მიმართული თანხა დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციით განსაზღვრულ გაცემული ხელფასის შესაბამისი საპენსიო შენატანის თანხაზე ნაკლები არ არის.

8. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო მხარდაჭერის საშუალებით. 

9. შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით, რომლის საფუძველზედაც საპენსიო სააგენტო ამოწმებს დამსაქმებლის და მონაწილის მიერ საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტებს ან/და ავლენს თანხების ზედმეტად გადახდის ფაქტებს, რის შედეგადაც:

ა) დამსაქმებლის ან/და მონაწილის ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო შესაბამის ინფორმაციას ელექტრონული ფორმით უგზავნის დამსაქმებელს, მონაწილეს და შემოსავლების სამსახურს, რომელიც ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

ბ) თანხების ზედმეტად გადახდის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო ამ თანხების ადმინისტრირებას ახორციელებს საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად.

10. საპენსიო სააგენტო ახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით.