მუხლი 006. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები და ვალდებულებები

1. ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციული რეგულირების განხორციელების ფარგლებში ამოწმებს:

ა) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ამ კანონის 27-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ბ) საპენსიო სააგენტოს სტრუქტურის, აქტივების მართვასთან დაკავშირებული პროცედურების და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული საინვესტიციო  საქმიანობისათვის აუცილებელ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

გ) აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიას, საინვესტიციო გადაწყვეტილებების და აქტივების მმართველი კომპანიების შერჩევის პროცედურის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამასთანავე, ეროვნული ბანკი არ აფასებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო გადაწყვეტილებებს;

დ) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო, საანგარიშსწორებო, ადმინისტრაციული და საინფორმაციო სისტემების და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებების ამ კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ე) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობას.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურების მაქსიმალურ ფასს ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ამ კანონის აღსრულების მიზნებისთვის;

ბ) საპენსიო სააგენტოსგან, საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი ფიზიკური პირისგან და იურიდიული პირისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია;

გ) საპენსიო სააგენტოსგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან) მოითხოვოს და მიიღოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია თავის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;

დ) ადგილზე შეამოწმოს საპენსიო სააგენტო, სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) დაადგინოს დამატებითი პრინციპები და წესები, რომლებიც გავრცელდება საპენსიო სააგენტოს მიერ ღია საფონდო ინსტრუმენტების შერჩევის პროცესზე;

ვ) ამ კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს მისცეს სავალდებულო მითითება ან/და საჯარო რეკომენდაცია არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ, გონივრული ვადის მითითებით.

3. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავის წლიურ ანგარიშში ასახოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის  ამ კანონთან და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

4. ეროვნული ბანკი ადგენს:

ა) საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის, მათ შორის, სავაჭრო დღის დახურვის და სიდიდეთა დამრგვალების, მეთოდოლოგიას;

ბ) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ეროვნული ვალუტით და უცხოური ვალუტით დენომინირებული იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალურ საკრედიტო რეიტინგს, რომლებშიც შეიძლება განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

5. ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს აწვდის წერილობით ინფორმაციას სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ, თუ მას აქვს ასეთი ინფორმაცია.

6. ეროვნული ბანკი ახორციელებს სპეციალური ადმინისტრირების დროებით რეჟიმს, რომლის დაწყების საფუძველია საპენსიო აქტივების ინვესტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული საპენსიო აქტივების 1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებით, ან ეროვნული ბანკის არსებითი მითითებების სისტემატური შეუსრულებლობა, ან მდგომარეობა, რომლის დროსაც საპენსიო სააგენტო დროებით ვერ ასრულებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს და რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დროებითი მოქმედების განხორციელებას. სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის ეროვნული ბანკის მიერ განხორციელების და მოქმედების წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

7. ეროვნული ბანკი ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.