მუხლი 002. ტერმინთა განმარტება


ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აფილირებული პირი − ნებისმიერი პირისთვის:

ა.ა) წილობრივი მონაწილეობის 10 პროცენტზე მეტის ხმის უფლების მფლობელი ან წილობრივი მონაწილეობის 10 პროცენტზე ნაკლების მფლობელი, რომელსაც ამ პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია;

ა.ბ) ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი, რომლის ხმის უფლების მქონე წილის 25 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ამავე დროს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ პირის ხმის უფლების მქონე წილის 25 პროცენტზე მეტს;

ა.გ) საინვესტიციო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიმღები პირი ან სამეთვალყურეო ორგანოს ნებისმიერი წევრი;

ბ) აქტივების მმართველი კომპანია – აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვას აქტივების მართვის ხელშეკრულების საფუძველზე, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომლის წევრი სახელმწიფო არის საქართველო და რომელიც ცალკეული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებას არ  ექვემდებარება;

გ) აქტივების განთავსების სტრატეგია − საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კლასის აქტივების განთავსების იმ მიზნობრივ მაჩვენებლებს, მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს, რომლებიც დამოკიდებულია საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) რისკის მიმართ ტოლერანტობაზე, საინვესტიციო პერიოდსა და საინვესტიციო მიზნებზე და რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს აღნიშნული პარამეტრების ცვლილების შესაბამისად;

დ) განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემა – საპენსიო სქემა, რომელშიც მონაწილის სასარგებლოდ განსახორციელებელი საპენსიო შენატანები გამოითვლება ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული წესით და აისახება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ხოლო მიღებული სარგებელი გამოითვლება მხოლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანების და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული შემოსავლის, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგისა და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახვის შედეგად, ხოლო პენსია გაიცემა ამ კანონის შესაბამისად;

ე) დამსაქმებელი – პირი, რომელიც ანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს;

ვ) დასაქმებული − ფიზიკური პირი, რომელიც:

ვ.ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  შრომის  კანონმდებლობით რეგულირდება;

ვ.ბ) ასრულებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში ამ პირის სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;

ვ.გ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი;

ვ.დ) დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ზ) ერთიანი გადახდა – ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი სრული ღირებულების გადახდა;

თ) ეროვნული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკი;

ი) თვითდასაქმებული – ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას;

კ) თვითდასაქმებულის შემოსავალი:

კ.ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი;

კ.ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში − საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი; 

ლ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში – საპენსიო სააგენტოს მიერ მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ასახავს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ შენატანებს, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს, ამ კანონის შესაბამისად გატანილ თანხებს და მათთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს;

მ) მონაწილე – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო შენატანს ან/და რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება საპენსიო შენატანი საპენსიო სააგენტოს დაგროვებით საპენსიო სქემაში;

ნ) ნდობითი ვალდებულების მქონე პირი  – საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მონაწილეების მიმართ პასუხისმგებელი პირი, რომელიც:

ნ.ა) ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვის პროცესში ნებისმიერ უფლებამოსილებას ან კონტროლს, გარდა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ნ.ბ) საპენსიო სააგენტოს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აძლევს საინვესტიციო რჩევას;

ნ.გ) აღრიცხავს გარიგებებს და ამუშავებს ამ გარიგებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აწარმოებს ან/და ინახავს მონაწილეთა შესახებ ჩანაწერებს;

ო) პენსია – დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად მიღებული ფულადი სარგებელი, რომელიც ასახულია მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და რომლის მონაწილისათვის გადახდა ხდება ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით;  

პ) პროგრამული გატანა – ამ კანონის შესაბამისად ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული გატანა;

ჟ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი – საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიასა და პრინციპებს და რომლითაც ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) საპენსიო სააგენტო ან/და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) მონაწილეთა საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას;

რ) საპენსიო ასაკი – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაკი; 

საქართველოს კანონი სახელმწიფო პენსიის შესახებ მუხლი 5. პენსიაზე უფლების წარმოშობა

1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

ს) საპენსიო აქტივები − ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული ყველა აქტივის ერთობლიობა. საპენსიო აქტივებზე არ ვრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ტ) საპენსიო შენატანი – მონაწილის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვის მიზნით, ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით გადახდილი თანხა. ამ თანხას იხდიან დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო, თუ მონაწილე დასაქმებულია, 
ან/და თვითდასაქმებული და სახელმწიფო, თუ მონაწილე თვითდასაქმებულია;

უ) სამეთვალყურეო საბჭო − საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან და რომლის თითოეული წევრი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებს საკუთარი თანამდებობიდან გამომდინარე;

ფ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი; 

ქ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური;

ღ) საინვესტიციო საბჭო – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო პოლიტიკას;

ყ) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა − საინფორმაციო ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი საპენსიო სააგენტოს  ელექტრონული სისტემა და შესაბამისი მონაცემთა ბაზა;

შ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი ან ამ პირის ფილიალი, რომელიც  საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;

ჩ) საინვესტიციო ჰორიზონტი − დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც აქტივების განთავსების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული რისკის მიმართ ტოლერანტობისა და სასურველი საინვესტიციო შემოსავლის გათვალისწინებით საპენსიო სააგენტო ან/და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ინვესტიციის კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო პორტფელში განთავსებას გეგმავს (გეგმავენ);

ც) საინვესტიციო პორტფელი − საინვესტიციო ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელშიც ინსტრუმენტების კომპოზიცია დამოკიდებულია საინვესტიციო პერიოდზე, ინვესტორის საინვესტიციო მიზნებსა და რისკის მიმართ ტოლერანტობაზე;

ძ) სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი − საპენსიო სააგენტოს ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი, რომელიც იწყება ამ კანონის შესაბამისად და რომლის მიზანია ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განგრძობადობის უზრუნველყოფა;

წ) ღია საფონდო ინსტრუმენტი – ინვესტიცია ისეთი პირის ან ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც ორგანიზებულია და მოქმედებს, როგორც საინვესტიციო კომპანია, სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან როგორც საინვესტიციო ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, და უფლებამოსილია გამოუშვას საკუთარი წილობრივი მონაწილეობის (დანაწევრებული ან მთლიანი) შეუზღუდავი რაოდენობის ერთეული (პაი) ან წილობრივი ფასიანი ქაღალდი, რომელიც არის წილობრივი მონაწილეობის პროპორციული საკუთრება ასეთ კომპანიაში ან ფონდში. ღია საფონდო ინსტრუმენტი მოიცავს აგრეთვე ღია საპაიო ფონდს, საინვესტიციო ფონდს, სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებს, რომლებიც აგრეგირების საფუძველზე ოპერირებენ;

ჭ) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ხ) შესაძლებლობის შეზღუდვა – „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მდგომარეობა;

ჯ) შესარჩევი კომისია – კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევას;

ჰ) ხელფასი – მომსახურების გაწევით მიღებული ის შემოსავალი, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა შემოსავლისა, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, როიალტით, ქირით, იჯარით მიღებული და საინვესტიციო შემოსავლისა);

ჰ​1) წლიური ხელფასი/წლიური შემოსავალი – მონაწილისთვის − ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ხელფასი/შემოსავალი, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული ახალი წევრისთვის − გაწევრებიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ხელფასი/შემოსავალი;

ჰ​2) არარეზიდენტი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული პირი.