მუხლი 09. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება

1. ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო;
ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო;
გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
2. საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.