მუხლი 06. მოსაკრებლის გადახდის და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა:

ა) ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა, გარდა ამავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პირადი მოხმარებისათვის, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – წინასწარ, რესურსების ბუნებიდან ამოღებამდე (მოჭრამდე);

გ) სპეციალური ჭრის შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – მერქნული რესურსის შემძენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე;

დ) მცენარეთა არამერქნული რესურსებითა და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის – წინასწარ, ლიცენზიის მიღებამდე;

ე) სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლით სარგებლობისათვის – შესაბამისი წლის 1 დეკემბრამდე;

ვ) გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის – წინასწარ, ნადირობის დაწყებამდე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით;

ზ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

შენიშვნა: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეჟიმი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებზედაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით, მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. თუ აღნიშნულ პირებს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების განხორციელებისას წარმოეშვათ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მიზნებისათვის მოპოვების აუცილებლობა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

თ) (ამოღებულია – 05.07.2011, №5033);

ი) (ამოღებულია – 05.07.2011, №5033);

კ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსებით სარგებლობისათვის – არა უგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა, თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობით;

ლ) ცხოველთა სამყაროს ობიექტით სარგებლობისათვის − ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის მიღების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვებისა (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისა).

1 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შემთხვევაში ლიცენზიის გარეშე მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის პროპორციულად, ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 3 თვეში ერთხელ, მაგრამ არაუგვიანეს მე-3 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთანავე, თუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა ან თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულს, მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი და 1 1 პუნქტებით გათვალისწინებულ ბუნებრივ რესურსებზე, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულებისა, გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს, არ წარადგინოს გაანგარიშება, თუ მის მიერ გაანგარიშება წარდგენილია და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იცვლება ლიცენზიით განსაზღვრული მოსაკრებლის ობიექტის ოდენობა.