მუხლი 5. დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის წესი

1. პირის ქონებრივი მდგომარეობის ლეგალიზაცია ხორციელდება ამ კანონით გათვალისწინებულ პირთა მიერ ამავე კანონით დადგენილი წესით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობით ერთჯერადი გადასახდელის გადახდით. დაფარული ფინანსური სახსრების ლეგალიზება ასევე შესაძლებელია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მისი საქართველოს ბანკებში განთავსების გზით 1%-იანი გადასახდელის გადაუხდელად. 1%-იანი გადასახდელი გადაიხდება დეკლარირებულ ფულად სახსრებზე და არაეკონომიკური დანიშნულების უძრავ ქონებაზე.
2. პირი უფლებამოსილია:     
ა)  ამ კანონის ამოქმედებიდან 2005 წლის ბოლომდე საგადასახადო ორგანოებში წარადგინოს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია და დეკლარირებული დაფარული ქონების (შემოსავლის) საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობით ერთჯერადი გადასახდელის გადახდის ქვითარი;
ბ)  ამ კანონის ამოქმედებიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული 3 თვის ვადაში ჩარიცხოს ფულადი სახსრები საქართველოს რეზიდენტ კომერციულ ბანკებში ვადიან ან შემნახველ ანაბრებზე ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში ნაღდი ფულის შეტანით, ან საზღვარგარეთიდან საკუთარი ფულის გადმორიცხვით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ დეკლარაციაში აისახება დეკლარაციის შევსების მომენტისათვის პირის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა დაფარული ქონების (შემოსავლის) ჩათვლით. დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მასზე ვრცელდება გადასახადის გადამხდელთა შესახებ მონაცემთა საიდუმლოების დაცვის თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. 
4. საგადასახადო ორგანო დეკლარაციასა და 1%-იანი გადასახდელის გადახდის ქვითარს წარდგენისთანავე ატარებს რეგისტრაციაში, დეკლარანტს უკან უბრუნებს დეკლარაციისა და ქვითრის დამოწმებულ ასლებს და დაუყოვნებლივ გასცემს შესაბამის ცნობას.
5. პირის ქონებრივი მდგომარეობის ლეგალიზაციისას:
ა) დეკლარაციის (ქვითრის) ასლის დამოწმება, დეკლარაციის (ქვითრის) რეგისტრაციაში გატარება და აღნიშნულის შედეგად გაცემული შესაბამისი ცნობა წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებული ქონებრივი მდგომარეობის, მათ შორის, დაფარული ქონების (შემოსავლის) ლეგალიზაციის საფუძველსა და დამადასტურებელ საბუთს;
ბ) ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ფინანსური სახსრების საქართველოს რეზიდენტ კომერციულ ბანკებში განთავსება და აღნიშნულის შედეგად გაცემული შესაბამისი საბანკო დოკუმენტი წარმოადგენს პირის მიერ ბანკში განთავსებული ფინანსური სახსრების ლეგალიზაციის საფუძველსა და დამადასტურებელ საბუთს. 
6. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის, ერთჯერადი გადასახადის გადაუხდელად, ამ კანონით დადგენილი წესით ლეგალიზებულად ითვლება:
ა) 1992 წლამდე რეგისტრირებული უძრავი ქონება, აგრეთვე 1992-2004 წლებში შეძენილი (აშენებული) უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 000 ლარს; 
ბ) ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანაბრებზე (ანგარიშებზე) განთავსებული ფიზიკურ პირთა ფინანსური სახსრები.
7. ლეგალიზებულ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუს-რუ-ლებელი, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით და “საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. 
8. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ ამ კანონის შესაბამისად ლეგალიზებული ქონებრივი მდგომარეობის, მათ შორის, დაფარული ქონების (შემოსავლის) ნებისმიერი ფორმით რევიზია (კონტროლი, შესწავლა, გადამოწმება). 
9. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმას, მასში შესატან აუცილებელ მონაცემებს, დეკლარაციის რეგისტრაციისა და შესაბამისი ცნობის ფორმას და გაცემის წესს, 1%-იანი გადასახდელის გადახდის წესს, იმ საგადასახადო ორგანოთა ჩამონათვალს, რომელშიც შესაძლებელია დეკლარაციის წარდგენა, აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ 3 თვის პერიოდს ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.
Comments