საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №6 2012 წლის 24 სექტემბერი ქ.თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

 
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი და პირობები.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2008 წლის 11 აგვისტოს №12 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე



საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ

ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი და პირობები

  


მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების (შემდგომში – ბანკი) დროებითი ფინანსური სიძნელეებისა და/ან ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, საბანკო სექტორში სისტემური პრობლემებისა და კრიზისის შესაძლო განვითარების თავიდან აცილების მიზნით და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ბანკისათვის ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის შემთხვევებსა და პირობებს. 
2. სესხი ეძლევა ისეთ ბანკს, რომელიც ითვლება გადახდისუნარიანად, შეექმნა ან ახლო მომავალში შეიძლება შეექმნას მნიშვნელოვანი ოდენობის ლიკვიდობის დროებითი უკმარისობა. ასევე, უნდა  არსებობდეს არგუმენტირებული დასაბუთება ბოლო ინსტაციის სესხის აღების აუცილებლობის შესახებ. 
3. ბანკისათვის სესხის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს და სესხის გაცემის პირობებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო. 

მუხლი 2. ბოლო ინსტანციის სესხის ზოგადი პირობები 
1. ბოლო ინსტანციის სესხი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

ბ) სესხის საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ერთდღიანი სესხისათვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთზე ნაკლები;

გ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული სესხის უზრუნველსაყოფად მისაღები აქტივებით.  

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც შეიძლება საფრთხე შეექმნას ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობას, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით დასაშვებია უფრო გრძელვადიანი, განსხვავებული საპროცენტო განაკვეთიანი და არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემა. 

მუხლი 3. სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება 
1. ბოლო ინსტანციის სესხის გამოყოფის შესახებ ბანკი წერილობით მიმართავს ეროვნულ ბანკს. 
2. ბანკის წერილობით მიმართვა უნდა მოიცავდეს ბანკის ლიკვიდობისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმას, სესხის უზრუნველყოფისათვის შეთავაზებული გირაოს სრულ აღწერას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.  
3. ბოლო ინსტანციის სესხის გამოყოფის შესახებ ბანკის წერილობით მიმართვაზე, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (ერთეულები) ამზადებს და ეროვნული ბანკის საბჭოს წარუდგენს წერილობითი ინფორმაციას, რომელიც უნდა მოიცავდეს: 

ა) ბანკის მიმდინარე ლიკვიდობის, ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის შეფასებას;

ბ) სესხის გირაოს სახეობიდან გამომდინარე ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის (საერთაშორისო ფასიანი ქაღალდებისა და საერთაშორისო საანკო გარანტიების შემთხვევაში) და/ან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის (ბანკის სხვა სახის გირაოს შემთხვევაში) დასკვნას ბანკის მიერ წარდგენილი გირაოს დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

გ) წინადადებებს ბანკისათვის სესხის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ. 

4. ეროვნული ბანკის საბჭო განიხილავს ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის შესახებ ბანკის მიმართვას და მის შესახებ მომზადებულ ინფორმაციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 
5. ეროვნულ ბანკის საბჭოს უფლება აქვს ბოლო ინსტანციის სესხის გაცემასთან დაკავშირებით ბანკს დაუწესოს სპეციალური მოთხოვნები და/ან სპეციალური შეღავათები. 
6. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მიზეზის მითითების გარეშე უარი უთხრას ბანკს ბოლო ინსტანციის სესხის გაცემაზე. 
7. ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ამზადებს საკრედიტო ხელშეკრულების პროექტს და წარუდგენს ბანკს.
8. ორივე მხარის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ეროვნული ბანკი გამოსცემს შესაბამის განკარგულებას და ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელებს სესხის გაცემის პროცედურას. 
9. ბოლო ინსტანციის სესხის პირობის და/ან პირობების ცვლილება ხდება იმავე პროცედურების დაცვით, როგორც სესხის გაცემა. 

მუხლი 4. სესხის პირობების დარღვევა 
1. ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის სრულ დაფარვამდე, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ეროვნული ბანკის საბჭოს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას ბანკის მიერ სამოქმედო გეგმის და/ან საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ. 
2. ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი აწარმოებს გაცემული ბოლო ინსტანციის სესხის დაფარვის მონიტორინგს და დაფარვის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და/ან ვიცე პრეზიდენტს და საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუყოვნებლივ წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას. 
3. ბანკის მიერ სამოქმედო გეგმის და/ან საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, საბანკო ზედამხედველობის სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია საკითხი განსახილველად წარუდგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს. 
4. ბანკის მიერ სამოქმედო გეგმის და/ან საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკს მოსთხოვოს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებელი და უპირობო დაფარვა. 
5. სესხის სრულად და/ან ნაწილობრივ დაუფარაობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ბანკის აქტივიდან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები. 


Comments