საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №90/04 2012 წლის 12 ოქტომბერი ქ. თბილისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 

დამტკიცდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე



საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (შემდგომში – პროვაიდერი) საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების პროცედურებს და  პირობებს.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აქვს უფლება განახორციელოს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურება მხოლოდ  ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ.
3. ამ წესის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე, ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებზე, ასევე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.

მუხლი 2. პროვაიდერის რეგისტრაციის პირობები
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი რეგისტრაციისათვის ეროვნულ ბანკში  წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) პროვაიდერის სარეგისტრაციო ფორმა (დანართი №1);

ბ) პროვაიდერის მიერ გასაწევი საგადახდო მომსახურების განხორციელების სქემატური აღწერა თითოეული მომსახურების სახის მიხედვით. სქემა უნდა ასახავდეს გადახდის ოპერაციის ინიციირებიდან მის დასრულებამდე შემადგენელ ყველა რგოლს;

გ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

დ) ინფორმაცია პროვაიდერის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილის (შემდგომში მნიშვნელოვანი წილის) მფლობელების შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში - ამონაწერი  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.);

ე) ინფორმაცია პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებთან ერთად;

ვ) ცნობა პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლეობის შესახებ;

ზ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებული იქნება პროვაიდერის სათავო ოფისი. 

2. პირს ეკრძალება იყოს პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
4. თუ პროვაიდერის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 30 კალენდარული დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოუდგენლობა დაინტერესებული პირისათვის  პროვაიდერად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.
5. ეროვნული ბანკი პროვაიდერის რეგისტრაციის მოთხოვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პროვაიდერის  რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.
6. ეროვნული ბანკი პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად  აღინიშნება პროვაიდერის დასახელება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.
7. ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერის „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, მნიშვნელოვან პროვაიდერად აღიარების შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია დამატებით წარადგინოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია და დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები.
8. ეროვნული ბანკი აწარმოებს პროვაიდერების უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრს ელექტრონული ფორმით და პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მასში შეაქვს ინფორმაცია პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე.

მუხლი 3. ცვლილებების რეგისტრაცია
1. პროვაიდერის დასახელების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის და/ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელების ცვლილების შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია ამ ცვლილებების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს.
2. ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროვაიდერის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე  და გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ეს ინფორმაცია შეიტანოს უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრში.
3. პროვაიდერი ვალდებულია აცნობოს ეროვნულ ბანკს მის მიერ საგადახდო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით დაგეგმილი შემდეგი ცვლილებები:

ა) ახალი სახის საგადახდო მომსახურების განხორციელება ან არსებულის შეწყვეტა

ბ) წარმოდგენილი საგადახდო მომსახურების სქემის ცვლილება ან/და მისი შემადგენელი კომპონენტის (რგოლის) სხვა კომპონენტით (რგოლით) ჩანაცვლება;

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერს მოსთხოვოს  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა და განუსაზღვროს პროვაიდერს 10 კალენდარული დღის ვადა აღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად.

მუხლი 4. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმება
1. პროვაიდერის რეგისტრაცია გაუქმდება იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) პროვაიდერი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს;

ბ) განხორციელდა პროვაიდერის ლიკვიდაცია;

გ) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ საბუთებში აღმოჩნდა სიყალბე ან არასწორი ინფორმაცია;

დ) უფლებამოსილი ორგანოსგან მიღებულია შეტყობინება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან პროვაიდერის ამოღების თაობაზე;

ე) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და ვადაში  ზედიზედ სამჯერ არ განხორციელდა ეროვნული ბანკისათვის ანგარიშგების წარდგენა;

ვ) ხორციელდება „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესებისა და/ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სისტემატური დარღვევა, მიუხედავად ეროვნული ბანკის მიერ ამ დარღვევების  გამოსასწორებლად მიცემული მითითებებისა;

ზ) ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ დაუშვა შემოწმებაზე ან ზედიზედ სამი თვის განმავლობაში არ დახვდა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართზე, რის გამოც ვერ განხორციელდა პროვაიდერის ადგილზე შემოწმება;

თ) რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში არ განახორციელა შესაბამისი საგადახდო მომსახურება;

ი) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.

2. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აქტის გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაცია შეაქვს შესაბამის რეესტრში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“–„ი“ქვეპუნქტებით მითითებული საფუძვლებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, აღნიშნული პირის მფლობელს უფლება არ აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს შემდეგი 6 თვის განმავლობაში.

მუხლი 5. ეროვულ ბანკში წარსადგენი ინფორმაცია
პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს:

ა) საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ამ წესის დანართი N2-ით განსაზღვრული ინფორმაცია;

ბ) ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, მისი ფილიალების და სერვისცენტრების მისამართები, სადაც პროვაიდერი განახორციელებს საგადახდო მომსახურებას;

გ) ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ინფორმაცია მისი აგენტების შესახებ, კერძოდ, აგენტის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი, ადგილმდებარეობა (მისამართი (მისამართები), სადაც აგენტი განახორციელებს საგადახდო მომსახურებას), საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.



Comments