საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №59/04 2012 წლის 20 ივნისი ქ. თბილისი „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში (სსმ ვებპორტალი, 110408016, 12.04.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 41 პუნქტი:
„41. ამ ინსტრუქციის შესაბამისად ფიზიკური პირის (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირის) ანგარიშის გახსნას კომერციული ბანკი ახორციელებს მხოლოდ ამ პირის მიერ ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტების პირადად წარდგენის შემთხვევაში.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
გ) მე-6 მუხლში სიტყვები „საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემები“;
დ) მე-9 მუხლი ამოღებულ იქნას.
ე) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები (გარდა კანონქვემდებარე აქტებისა) ბანკს წარედგინება ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლის სახით ანგარიშის გახსნასა და/ან განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადად ანგარიშის გამხსნელი ფიზიკური პირის მიერ. ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში და ანგარიშის გასახსნელად ბანკისთვის წარდგენილი ნებისმიერი დოკუმენტის ასლი მოწმდება ნოტარიუსის ან ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლის მიერ, ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს ამოწმებს ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი. ბანკს უფლება აქვს პირის თანხმობის საფუძველზე ბანკსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს პირის პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია.“;
ვ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე 


Comments