მუხლი 181.-1 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნება


1935-რს 01/01/2018

1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს, დაიბრუნოს საქართველოში საქონლის (გარდა უძრავი ქონებისა) შეძენისას ან/და მომსახურების შეძენისას ან საქართველოში საქონლის იმპორტირებისას გადახდილი დღგ-ის თანხა, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) პირი საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით არ ახორციელებს ან მისი საქმიანობის ადგილი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ არის;

ბ) პირის მიერ საქართველოში შეძენილი საქონელი/მომსახურება ან იმპორტირებული საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოიყენება;

გ) მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, ამ კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ.

2. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელი ვალდებულია დანიშნოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც ამ მუხლით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების ფარგლებში ეკისრება გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები, აგრეთვე კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უფლებამოსილი წარმომადგენელი, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.