– მუხლი 123. სუსტი კაპიტალიზაცია / Article 123 - Thin capitalisation (Deleted)

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის სუსტი კაპიტალიზაცია არის პირის მიერ აღებული ვალის თანაფარდობა პირის კაპიტალთან, როდესაც ამ პირის ვალის მისივე კაპიტალთან შეფარდება 3/1-ზე მეტია, ხოლო სალიზინგო კომპანიის შემთხვევაში − ამ კომპანიის ვალის მისივე კაპიტალთან შეფარდება 5/1-ზე მეტია.
2. სუსტი კაპიტალიზაციის შემთხვევაში პირის მიერ ვალზე გადახდილი ან/და გადასახდელი პროცენტები (განსხვავებული საპროცენტო განაკვეთების არსებობის შემთხვევაში – ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით) მისი ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ზემოაღნიშნული არ ზღუდავს პირის მიერ სუსტ კაპიტალიზაციამდე (თანაფარდობის ქვემოთ) ვალზე გადახდილი პროცენტების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უფლებას.
3. ეს მუხლი არ გამოიყენება:
ა) ფინანსური ინსტიტუტების მიმართ;
ბ) თუ საწარმოს ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;
გ) თუ პროცენტის ხარჯი არ აღემატება ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (პროცენტის ხარჯის გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 20 პროცენტს;
დ) მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ, თუ საგადასახადო ორგანო არ დაამტკიცებს, რომ მისი ვალი სამჯერ აღემატება მის საკუთრებაში არსებული აქტივების საბაზრო ღირებულებას.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის ვალი გულისხმობს სავალო ვალდებულებებს ნებისმიერი ფორმით, რომელზედაც ხორციელდება პროცენტის გადახდა, გარდა სახელმწიფოსგან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან მიღებული სესხებისა. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
5. ამ მუხლის მიზნებისათვის კაპიტალი არის:
ა) საქართველოს საწარმოსთვის: მის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობას გამოკლებული ამ საწარმოს მიმართ დამფუძნებელთა ვალდებულებები, რომლებიც საწარმოს აქტივია;
ბ) უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის: მის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობა.
6. სუსტი კაპიტალიზაცია დგინდება საშუალო წლიური თანაფარდობის მიხედვით, რომლის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
7. (ამოღებულია - 22.06.2012, №6547).

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

123-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.