Ω მუხლი 046. განმარტება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ / Article 46 - Clarifications on the application of the tax legislation of Georgia

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება არის რეკომენდაცია.

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება, რომელიც გამოხატავს მის პოზიციას პირის მიერ შესრულებული ან შესასრულებელი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებისას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება არის რეკომენდაცია.
2. დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ან შემოსავლების სამსახურის ინიციატივით საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს საჯარო გადაწყვეტილებას, თუ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება:
ა) მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ერთგვაროვანი განმარტებისა და გაგებისათვის;
ბ) აყალიბებს არსებულისაგან განსხვავებულ დაბეგვრის ან/და სამართალდარღვევისათვის სანქციის გამოყენების პრინციპს/მეთოდს;
გ) მნიშვნელოვანია ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულება სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს მის მიერ საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.
4. საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

A tax authority may send a written clarification to a person on the application of the tax legislation of Georgia. This clarification shall be regarded as a recommendation.