∞ მუხლი 026.–2 ბაზრობის ორგანიზება


1935-რს 01/01/2018

1. პირი, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ბაზრობის ორგანიზებისა) ეწევა, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მიმართოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ პირს მინიჭებული აქვს ამ კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სსზ-ის სტატუსი.

2. ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზება არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემა.

3. ბაზრობა არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც საქონლის სარეალიზაციოდაა განკუთვნილი.

4. არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

5. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:
ა) საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს ინფორმაცია ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ;

ბ) სავაჭრო ობიექტი ან/და სავაჭრო ადგილი იჯარით გასცეს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრშია რეგისტრირებული;

გ) ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილი უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატით.

1935-რს 01/01/2020

6. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანო ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკურ პირს ანიჭებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსს.

7. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების რეესტრს აწარმოებს საგადასახადო ორგანო.

8. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი იბეგრება 3%-ით, გამოქვითვების გარეშე. ამ შემთხვევაში გადასახადის დეკლარირება და გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

9. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

10. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი:

ა) ვალდებულია საქონლის მიწოდებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი; 

ბ) უფლებამოსილია უარი თქვას ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემოსავლის დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე, რის შესახებაც მან განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრისა. ამ შემთხვევაში აღნიშნული პირის შემოსავალი დაიბეგრება ამ კოდექსის 79-ე–81-ე და 82-ე მუხლების შესაბამისად.


1935-რს 01/01/2018

11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს, რომელიც საქართველოში ბაზრობის ორგანიზებას ეწევა, საკუთარი ინიციატივით მიანიჭოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსი.

12. ბაზრობის ფუნქციონირებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული  ვალდებულებების შესრულების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.