მუხლი 128. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენება იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით

1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით შესაძლებელია მოექცეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი, ქვემოთ ჩამოთვლილი უცხოური საქონელი:
ა) ნებისმიერი სახის ცოცხალი ცხოველები (მათ შორის, თევზები), რომელთა შემოყვანის მიზანია:
ა.ა) წვრთნა, ვარჯიში, მოშენება, აწონვა, ვეტერინარული დამუშავება ან შემოწმება (შესყიდვის მიზნით და სხვა);
ა.ბ) წარმოდგენაში, გამოფენაში, კონკურსში, შეჯიბრებაში ან ჩვენებაში მონაწილეობა;
ა.გ) გართობა (ცირკის ცხოველები და სხვა), მოგზაურობა (მოგზაურთა შინაური ცხოველების ჩათვლით);
ა.დ) სპეციალური სამუშაოების შესრულება (პოლიციისათვის და სხვა მიზნებისათვის);
ა.ე) სამაშველო ოპერაციების ჩატარება;
ა.ვ) ძოვება;
ა.ზ) სამუშაოების შესრულება ან ტრანსპორტირება;
ა.თ) სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება (გველის შხამის მიღება და სხვა);
ბ) ბაზრობისათვის, გამოფენისათვის, სხვადასხვა სახის შეხვედრისა და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონელი, გარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი დასახარჯი (მოსახმარი, გასანადგურებელი) უცხოური საქონლის ნიმუშებისა (კვების პროდუქტები, ელექტროშედუღებისათვის განკუთვნილი ელექტროდები, საღებავი, ლაქი, შპალერი, ნაბეჭდი მასალები, კატალოგები, სარეკლამო პლაკატები, ფასების მაჩვენებლები და სხვა). ეს საქონელია:
ბ.ა) საქონელი, რომელიც განკუთვნილია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;
ბ.ბ) სამშენებლო დადეკორატიული მასალა (ელექტრომოწყობილობების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;
ბ.გ) სარეკლამო-საჩვენებელი მასალა, რომელიც განკუთვნილია უცხოური საქონლის საჯარო დემონსტრირებისათვის (ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, ფილმები და სლაიდები, ასევე სხვა შესაბამისი მოწყობილობა);
გ) კინემატოგრაფიისათვის, პრესისათვის, ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებისათვის საჭირო პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც ეკუთვნის უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას ან არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, საქართველოში შემოტანილია და გამოიყენება ამავე პირის მიერ მხოლოდ პრესის, ხმოვანი და სატელევიზიო მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჭიროა უცხოური კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი პრესის, მაუწყებლობის ან სატელევიზიო ორგანიზაციის იმ წარმომადგენლობისათვის, რომელიც ამზადებს ან გადასცემს რეპორტაჟებს ან იწერს სპეციალურ პროგრამებს; კინემატოგრაფიული მიზნებისათვის განკუთვნილი პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა იმ უცხოური საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ფილმის (ფილმების) გადაღებას. ეს მოწყობილობებია:
გ.ა) პრესისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, ტელეფაქსი, საბეჭდი მანქანა, ყველა ტიპის ფოტოაპარატი (ფირიანი და ელექტრონული), ხმის გადამცემი ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), დამხმარე საკუთვნოები (კასეტა, ფოტომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ღვედი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი);
გ.ბ) რადიომაუწყებლობისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: კავშირგაბმულობის მოწყობილობები (რადიოგადამცემი, რადიომიმღები ან გადამცემები, ტერმინალები, ქსელთან ან კაბელთან მისაერთებელი, კავშირგაბმულობის თანამგზავრული ხაზები), მოწყობილობები ბგერითი სიხშირეების გენერირებისათვის (ხმის ჩამწერი, რეგისტრაციის ან აღმწარმოებელი აპარატები), საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე;
გ.გ) ტელევიზიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ტელეკამერა, ტელეკინოპროექციის დანადგარი, საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები, გადამცემი და რეტრანსლაციის აპარატები, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, ობიექტივი, ფოტომეტრი, სამფეხა, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, კასეტა, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე (გადაცემის სათაური, სადგურის პირობითი მოსახმობი სიგნალი, მუსიკალური ჩანართი და ა.შ.), მიმდინარე გადასაღები მასალა (კინოფირი და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;
გ.დ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებები ტელეგადამცემი აპარატურისათვის, სატელევიზიო დამხმარე მოწყობილობებისა და საკუთვნოებისათვის, ხმის ჩამწერი ან აღმწარმოებელი აპარატებისათვის, შენელებული აღწარმოების აპარატურისათვის, გამანათებელი მოწყობილობებისათვის;
გ.ე) კინემატოგრაფიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ყველა ტიპის კამერა (კინოკამერა და ვიდეოკამერა), საზომ-საკონტროლო მოწყობილობები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), ამწე-ურიკა ოპერატორისათვის და შტატივი მიკროფონისათვის, გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), მიმდინარე გადასაღები მასალა, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;
გ.ვ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის;
დ) სხვა მოწყობილობები:
დ.ა) მოწყობილობები მანქანის, დანადგარის, სატრანსპორტო მოწყობილობების მონტაჟის, გამოცდის, გაშვების, კონტროლის, შემოწმების, ტექნიკური მომსახურების ან შეკეთებისათვის: ხელსაწყოები, მოწყობილობები და ხელსაწყოები გაზომვისათვის, შემოწმებისა და კონტროლისათვის (ტემპერატურის, წნევის, მანძილის, სიმაღლის, ზედაპირის, სიჩქარის და ა.შ.), მათ შორის, ელექტრონული ხელსაწყოები (ვოლტმეტრი, ამპერმეტრი, საზომი სადენი, კომპარატორი, ტრანსფორმატორი, სარეგისტრაციო მოწყობილობა და ა.შ.) და მოსაჭერი მოწყობილობები, აპარატები და მოწყობილობები მანქანებისა და დანადგარების ფოტოგრაფირებისათვის მონტაჟის დროს და მის შემდეგ, ხელსაწყო გემის ტექნიკური კონტროლისათვის;
დ.ბ) ექსპერტის, ბუღალტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის აუცილებელი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, საბეჭდი მანქანა, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი ან გადამცემი აპარატები, საანგარიშო ხელსაწყო და აპარატი;
დ.გ) მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ექსპერტისათვის, რომელსაც ევალება ტოპოგრაფიული გადაღება ან გეოფიზიკური დაზვერვა: საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები და აპარატები, საბურღი მოწყობილობა, გადამცემი მოწყობილობა და კავშირგაბმულობის მოწყობილობა;
დ.დ) მოწყობილობა, რომელსაც იყენებს ექსპერტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;
დ.ე)  ხელსაწყოები და აპარატები, რომლებიც აუცილებელია ექიმის, ქირურგის, ვეტერინარის, სანიტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის;
დ.ვ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიისა და სხვა სპეციალისტებისათვის;
დ.ზ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მსახიობისათვის, თეატრალური დასისა და ორკესტრისათვის; საგნები, რომლებიც გამოიყენება წარმოდგენის მსვლელობის დროს, მუსიკალური ინსტრუმენტები, დეკორაციები, კოსტიუმები და ა.შ.;
დ.თ) მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია მომხსენებლისათვის თავისი მოხსენების განმარტებისათვის;
დ.ი) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მოგზაურობის დროს ფოტოსურათების გადასაღებად (ნებისმიერი სახის ფოტოაპარატი, კასეტა, ექსპონომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ქამარი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი, გამანათებელი, მოდური ტანსაცმელი და მანეკენის ტუალეტის საგნები და ა.შ.);
დ.კ) ზემოაღნიშნული მიზნებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები, როგორებიცაა: მოძრავი საკონტროლო დანადგარი, მოძრავი სახელოსნო, მოძრავი ლაბორატორია და ა.შ.;
ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი (თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს საქონელი რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში):
ე.ა) ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები: ეპიდიასკოპი, კინოპროექტორი, რირპროექტორი და ეპისკოპი, მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი და კინოსკოპი, დახშული სატელევიზიო სისტემა;
ე.ბ) ხმისა და გამოსახულების მატარებლები: დიაპოზიტივი, დიაფილმი და მიკროფილმი, კინოფილმი, ხმოვანი ჩანაწერი (მაგნიტური ლენტი, დისკი), ვიდეოლენტი;
ე.გ) სპეციალური მოწყობილობები: ბიბლიოგრაფიული მოწყობილობა და აუდიოვიზუალური საშუალებები ბიბლიოთეკისათვის, მოძრავი ბიბლიოთეკა, უცხოურ ენათა შემსწავლელი ლაბორატორია, სინქრონული თარგმანის მოწყობილობა, მექანიკური ან ელექტრონული პროგრამული სასწავლო მანქანა, სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა ინვალიდების სწავლებისათვის ან მათი პროფესიული მომზადებისათვის;
ე.დ) სხვა მოწყობილობები: კედლის დიაგრამა, მაკეტი, გრაფიკა, რუკა, გეგმა, ფოტოსურათი და ნახატი, საჩვენებლად შექმნილი ხელსაწყო, აპარატები და მოდელები, ხმოვანი ან ვიზუალური პედაგოგიური ინფორმაციის მატარებელი საგნების კოლექცია, რომელიც შექმნილია ამა თუ იმ საგნის (სასწავლო კომპლექტების) სასწავლებლად, ხელობის შესასწავლი ხელსაწყო, აპარატი, ინსტრუმენტი და ჩარხი, მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სამაშველო პერსონალის მოსამზადებლად, იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც შექმნილია ან სპეციალურად გამოიყენება სამაშველო ოპერაციის დროს;
ე.ე) წიგნები და ბეჭდვითი პროდუქცია: ყველა ჟანრის წიგნი, დაუსწრებელი სწავლების სახელმძღვანელო, გაზეთი და პერიოდული გამოცემა, ბროშურა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ნავსადგურში მეზღვაურების დასვენებისათვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ე.ვ) აუდიოვიზუალური დანადგარები: ხმის ან გამოსახულების აღმწარმოებელი აპარატები, მაგნიტოფონი, რადიომიმღები და ტელევიზორი, საპროექციო აპარატი, ჩანაწერი დისკზე ან მაგნიტურ ლენტზე (ენების შემსწავლელი კურსები, რადიოგადაცემები, მუსიკალური ჩანაწერები და გასართობი ხასიათის ჩანაწერები), გადაღებული ან გამჟღავნებული კინო- და ფოტოფირები, დიაპოზიტივი, ვიდეოლენტი;
ე.ზ) სპორტული ნაწარმი: სპორტული ტანსაცმელი, დიდი და პატარა ბურთები, ჩოგანი და ბადე, გემბანის თამაშები (შესაბამისი მოწყობილობა), ინვენტარი მძლეოსნობისათვის, სატანვარჯიშო მოწყობილობა;
ე.თ) მოწყობილობები თამაშისა და დასვენებისათვის: ოთახის თამაშები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მოწყობილობები და აქსესუარები მოყვარულთა თეატრისათვის, მოწყობილობები ფერწერისათვის, სკულპტურისათვის, ხესა და ლითონზე მუშაობისათვის, ხალიჩის დასამზადებლად და ა.შ.;
ე.ი) რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად საჭირო ნივთები;
ე.კ) დასვენებისათვის აუცილებელი მოწყობილობის ნაწილები, დეტალები და საკუთვნოები;
ე.ლ) თეატრალური კოსტიუმები და აქსესუარები, რომლებიც გამოგზავნილია თეატრალური საზოგადოებისა და თეატრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;
ე.მ) პარტიტურა და ნოტები, რომლებიც გამოგზავნილია საკონცერტო დარბაზებისათვის ან ორკესტრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;
ვ) საქონელი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ან/და დაწესებულებებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფისა და ეპიდემიის  შედეგების სალიკვიდაციოდ;
ზ) სასწავლო დამხმარე საშუალებები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები და სამეცნიერო მოწყობილობები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ დამხმარე საშუალებათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ზ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;
ზ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ზ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
თ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ მოწყობილობათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
თ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;
თ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
თ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
ი) სატრანსპორტო საშუალებები (გარდა გემებისა და საჰაერო საფრენი საშუალებებისა), თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ი.ა) რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;
ი.ბ) რეგისტრირებულია პირზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, და გამოიყენება მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად;“;
ი1) გემები და საჰაერო საფრენი საშუალებები;  (17.07.2009. N1529)
კ) საქონელი დიპლომატიური და ტურისტული  მიზნებისათვის, თუ საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
ლ) კომერციულ ოპერაციასთან დაკავშირებით შემოტანილი კონტეინერი, ქვესადგამი, შეფუთვა, ნიმუში, სარეკლამო ფილმი და სხვა საქონელი:
ლ.ა) კონტეინერი („კონტეინერების შესახებ“ ჟენევის 1972 წლის კონვენციის მიხედვით);
ლ.ბ) ქვესადგამი;
ლ.გ) შეფუთვა (ნებისმიერი ნაკეთობა და მასალა, რომლებიც განკუთვნილია იმ სახით, რა სახითაც ისინი შემოტანილია საქონლის შეფუთვის, დაცვის, განთავსების, დამაგრების ან დანაწევრების მიზნით, გარდა შესაფუთი მასალისა, როგორიცაა: ჩალა-ნამჯა, ქაღალდი, შუშაბამბა, ბურბუშელა და სხვა);
ლ.დ) ნიმუში (ნაკეთობა, რომელიც არის გარკვეული კატეგორიის მზა საქონელი ან წარმოებისათვის გათვალისწინებული საქონლის ნიმუში, გარდა იდენტური ნაკეთობისა, რომელიც მიეწოდა იმავე პირის მიერ ან გაეგზავნა იმავე მიმღებს იმ რაოდენობით, რომელიც ერთად აღებული, საყოველთაოდ მიღებული ვაჭრობის წესების თანახმად, აღარ არის ნიმუში);
ლ.ე) სარეკლამო ფილმი (გამოსახულების გადაღებული მატარებლები (ფონოგრამით ან ფონოგრამის გარეშე), რომელიც აჩვენებს უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად ან გასაქირავებლად შემოთავაზებული ნაკეთობის ან მოწყობილობის არსს, იმ პირობით, რომ ის გამოსადეგია პოტენციური კლიენტისათვის საჩვენებლად, მაგრამ არა საჯარო დათვალიერების დარბაზში, შემოტანილია ყოველი ფილმის თითო ასლის შემცველ საფუთავში და არ არის ფილმის უფრო დიდი ამანათი);
ლ.ვ) საქონელი, რომელიც შემოტანილია გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების მიზნით;
ლ.ზ) საქონელი, რომელიც გამოიყენება გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების პროცესში;
ლ.თ) გადაღებული და გამჟღავნებული კინემატოგრაფიული ფირები, აგრეთვე პოზიტიური და გამოსახულების მატარებელი ფირები, რომლებიც განკუთვნილია მათ კომერციულ გამოყენებამდე საჩვენებლად;
ლ.ი) ფირი, მაგნიტური ლენტი, მაგნიტური ფირი და ხმის ან გამოსახულების მატარებელი სხვა ფირი ან ლენტი, რომლებიც განკუთვნილია გახმოვანებისათვის, დუბლირებისა და ხმის ან გამოსახულების აღწარმოებისათვის;
ლ.კ) ჩაწერილი ინფორმაციის მატარებლები, რომლებიც განკუთვნილია უფასოდ გაგზავნილ და განკუთვნილ მონაცემთა ავტომატური გადამუშავებისათვის;
ლ.ლ) ნაწარმი (სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით), რომელიც თავისი მახასიათებლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული სახის ნაწარმის რეკლამირებისათვის ან გარკვეული მიზნით პროპაგანდისათვის.
მ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (რომელიც ლეგიტიმურად და ტურისტული მიზნით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 6 თვისა ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში) მიერ შემოტანილი შემდეგი საქონელი:
მ.ა) პირადი საიუველირო სამკაული;
მ.ბ) ერთი ფოტოაპარატი, ერთი კინოკამერა, ერთი ვიდეოკამერა შესაბამისი ფირებით;
მ.გ) ერთი ბინოკლი, ერთი მონოკულარი, ერთი დურბინდი, ერთი ჭოგრი;
მ.დ) ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი;
მ.ე) ერთი ბგერათაღმწერი, ერთი მაგნიტოფონი, ერთი დიქტოფონი;
მ.ვ) ერთი რადიომიმღები;
მ.ზ) ერთი ფიჭური ან ერთი მობილური ტელეფონი;
მ.თ) ერთი ტელევიზორი;
მ.ი) ერთი პერსონალური კომპიუტერი და მისი მოწყობილობა;
მ.კ) ერთი კალკულატორი;
მ.ლ) ერთი ჩვეულებრივი და ერთი სასეირნო საბავშვო ეტლი (თითო ბავშვზე);
მ.მ) ტანსაცმელი (ფეხსაცმელი);
მ.ნ) ერთი კარავი და კარვის სხვა მოწყობილობა;
მ.ო) სპორტული აღჭურვილობა (სათევზაო მოწყობილობა, ერთი ველოსიპედი ძრავის გარეშე, ერთი ნავი, თხილამურები და სხვა სპორტული აღჭურვილობა). (26.12.2008. N872 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან)
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის:
ა) ტერმინი „ღონისძიება“ ნიშნავს:
ა.ა) სავაჭრო, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის ან კერამიკული ნაწარმის გამოფენას, ბაზრობას ან მსგავს საჩვენებელ გამოფენას;
ა.ბ) გამოფენას ან შეხვედრას, რომელიც ორგანიზებულია განათლების, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების, კულტურის დონის ამაღლებისათვის;
ა.გ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფების შეხვედრას;
ა.დ) ოფიციალური ან ღირსშესანიშნავი ხასიათის წარმომადგენლობით შეხვედრას, გარდა გამოფენებისა, რომლებიც ორგანიზებულია კერძო მიზნებისათვის, მაღაზიებსა და ბიზნესცენტრებში საქონლის გასაყიდად;
ბ) ტერმინი „სასწავლო დამხმარე საშუალებები“ ნიშნავს დამხმარე საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია სასწავლო მიზნებისათვის ან პროფესიული წვრთნისათვის, როგორებიცაა მოდელები, ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები;
გ) ტერმინი „დამტკიცებული დაწესებულება“ ნიშნავს კერძო ან საჯარო სასწავლო ან პროფესიულ დაწესებულებას, რომელიც არ ითვალისწინებს მოგების მიღებას და რეგისტრირებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელიც, როგორც სასწავლო დამხმარე საშუალებების მიმღები, გასცემს რწმუნებას დროებითი შემოტანის რეჟიმზე;
დ) ტერმინი „სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობა“ ნიშნავს ინსტრუმენტებს, აპარატებს და ხელსაწყო მექანიზმებს, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის.
3. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში შესაძლებელია იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით  მოექცეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი. (26.12.2008. N872 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან)
Comments

დამახსოვრება