მუხლი 025.- 1 . სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესში

1. მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი მოიცავს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის კონტროლს დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და ამ კოდექსით დადგენილი წესით.
 2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელია, თუ ამის თაობაზე დამკვეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება ამ კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პერიოდში დამკვეთს არ ეკისრება ამ კოდექსის 45-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა, გარდა ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესში მის მიერ წარმოებული მშენებლობის ერთი ან რამდენიმე შემოწმება მშენებლობის ნებართვის ვადის განმავლობაში.
4. დამკვეთი ვალდებულია მშენებლობის შემოწმების მოთხოვნით მიმართოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მის მიერ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 6 თვისა. ამასთანავე, მშენებლობის შემოწმების მოთხოვნით ყოველ მომდევნო მიმართვასა და წინა მიმართვას შორის შუალედი არ უნდა იყოს 6 თვეზე მეტი.
5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით გასცემს რეკომენდაციას, რომლის შესასრულებლად დამკვეთს განუსაზღვრავს არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადას. რეკომენდაციის შესრულების ვადის გასვლამდე დამკვეთის მიერ დასაბუთებული განცხადების წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს 120 კალენდარულ დღემდე. დამკვეთი უფლებამოსილია სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევები ამ ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასახოს სამშენებლო დოკუმენტში ან/და უზრუნველყოს მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობა. რეკომენდაციის შესრულების ვადაში დამკვეთის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ დაიწყება. რეკომენდაციის შესრულების ვადის არა უმეტეს 120 კალენდარულ დღემდე გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას ამ კოდექსის 25-ე მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული წესით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი ვადაზე ადრე არ წყდება და დამკვეთი უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ისარგებლოს მშენებლობის შემოწმების დარჩენილი რაოდენობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნის უფლებით.
7. დაუშვებელია ერთი და იმავე დარღვევის შესახებ რეკომენდაციის მისაღებად განცხადების განმეორებით წარდგენა. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია განცხადების წარუდგენლად, საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს სამშენებლო ობიექტი, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში − ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გასცეს რეკომენდაცია.
8. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ დარღვევებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა უკვე გამოვლენილია, დაწყებულია ან დასრულებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და დარღვევა გამოსწორებული არ არის, აგრეთვე შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაზე, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია.
9. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი შესაძლებელია ვადაზე ადრე შეწყდეს:
ა) დამკვეთის მოთხოვნით;
ბ) თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს და მის განმახორციელებელ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენელს;
გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი მხოლოდ ერთ შემოწმებას ითვალისწინებს ან/და არ შესრულებულა ბოლო შემოწმების თაობაზე გაცემული რეკომენდაცია.
10. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესის ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამ მუხლის მე-9 ნაწილში მითითებული გარემოების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
11. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გაცემულ რეკომენდაციაში მითითებულ დარღვევებზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იწყებს ამ კოდექსის 25-ე მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული წესით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი