მუხლი 068. სტანდარტის შემუშავება და მიღება

1. საქართველოში სტანდარტის პროექტი შეიძლება შეიმუშაოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. თუ პირს სურს მის მიერ შემუშავებული სტანდარტის საქართველოს სტანდარტად რეგისტრაცია, მან უნდა მიმართოს სააგენტოს დასაბუთებით, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრულ სფეროში არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტანდარტი გამიზნულია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.
2. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ საკითხის განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ.
3. სააგენტოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უთანხმებს შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ საკითხის განხილვას .
4. ტექნიკური კომიტეტი კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობ ის შესახებ . საქართველოში შემუშავებული სტანდარტის მიღების შემთხვევაში მისი სამოქმედოდ დაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ტექნიკური კომიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე.
5. სტანდარტს სამართლებრივი სტატუსი ენიჭება სააგენტოს მიერ ამ სტანდარტის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
6. სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის ნომერი დგება საერთაშორისო კოდიფიკაციის შესაბამისად . რეგისტრაციის ნომრის პირველი სამი ასო (სსტ) აღნიშნავს საქართველოს სტანდარტს, მომდევნო ორი ან სამი ასო აღნიშნავს იმ საერთაშორისო ან რეგიონალური ორგანიზაციის დასახელებას , რომლის სტანდარტიც მიიღება საქართველოს სტანდარტად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ მითითებულია სტანდარტის რიგითი ნომერი სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის რეგისტრაციის წესის შესაბამისად.
7. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს , გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
8. სხვა ქვეყანაში ნიშანდების განმსაზღვრელი აქტები (სტანდარტები, რეგლამენტები და სხვა) საქართველოში უნდა დარეგისტრირდეს სტანდარტებად, თუ პროდუქტი იწარმოება საქართველოში საქართველოს ბაზრისათვის.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი