მუხლი 053. ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება

1. დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს თანამდებობის პირი და სხვა მუშაკი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზიანის მიყენებისთვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
[ 2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს თანამდებობის პირი და სხვა საჯარო მოსამსახურე მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
3. იმ პირებს, რომლებმაც ხარჯები გაიღეს მათ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნებისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯების გაღება გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვთ, მოსთხოვონ დამრღვევს გაღებული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურებაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.  
4. დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თუ დარღვევის დაუყოვნებლივ გამოუსწორებლობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითების პირობების თავის მიერ ან მესამე პირთა მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
5. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მოსთხოვოს დამრღვევს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გაღებული ხარჯების ანაზღაურება. დამრღვევის მიერ ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს დამრღვევისათვის გაღებული ხარჯების დაკისრებისა და გადახდის მოთხოვნით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი