მუხლი 047. პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის

1. თვითმმართველ ერთეულში საკრებულოს დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, საკურორტო-სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრულ ზონაში (ზონებში), ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, რომელიც აღარ გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით და საჭიროებს სამშენებლო განვითარებას, ვალდებულია მიიღოს მშენებლობის ნებართვა შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან ან/და შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. ეს ვალდებულება ვრცელდება იმ შემთხვევაზედაც, როდესაც პირი შეიძენს მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას დაანგრევს. აღნიშნული შეზღუდვა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის დინება არ შეწყდება და გაგრძელდება მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის გასხვისების შემთხვევაშიც და ქონების შემძენზე გადავა შესაბამისი ვალდებულებები.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში მშენებლობის ნებართვის აუღებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად.
4. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 0,5 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ქვეზონის (ქვეზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველ ი ერთეული ს შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა წყდება დამრღვევის მიერ მშენებლობის ნებართვის აღების დღეს, მაგრამ არა უგვიანეს მითითების გაცემიდან 6 თვისა.
6. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების დადასტურებიდან ან შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ, რომელიც აღსრულდება ამ კანონის შესაბამისად და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. თუ შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ დამრღვევს არ ექნება მიღებული მშენებლობის ნებართვა ან/და იგი არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ამ ქონების იძულებით რეალიზაციის შესახებ. აღნიშნული დადგენილება აღსრულდება დაუყოვნებლივ და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გასხვისებული უძრავი ქონების შემძენისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება თავიდან, მის მიერ ქონების შეძენის დღიდან.
9. თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დამრღვევი მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ეს ორგანო ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამრღვევს ზონის შესაბამისი იერსახის არქიტექტურული პროექტის დამუშავებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაში.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი