მუხლი 045. სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა

1. სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე:
ა.ა) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით;
ა.ბ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით;
ა.გ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით;
ა.დ) მეხუთე კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით;
ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 1 000 ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 500 ლარით;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 200 ლარით.
2. თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე შეიტანს საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებებს, მას არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
3. II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მითითების გაცემამდე 45 კალენდარული დღით ადრე ატყობინებს დამრღვევს.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი