მუხლი 012. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

1. მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, რაც მას სწორი არჩევნის შესაძლებლობას მისცემს.
2. მომხმარებელს პროდუქტის შესახებ უნდა მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) პროდუქტის დასახელება და სახე;
ბ) პროდუქტის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქტი;
გ) შესაბამის შემთხვევაში − იმ პროდუქტის ვარგისობის ვადა (პროდუქტის გამოყენების ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა), რომლის სამომხმარებლო თვისებები დროთა განმავლობაში უარესდება;
დ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის წონა ან/და მოცულობა;
ე) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა;
ვ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები;
ზ) მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ დათქმის შემთხვევაში − საგარანტიო ვადა ან/და სხვა ვალდებულებები;
თ) პროდუქტის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები და მათი განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე.
4. თუ საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დადგენილია დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები, მოქმედებს შესაბამისი აქტის მოთხოვნები.
5.  მწარმოებელს/დისტრიბუტორს უფლება აქვს, თავისი სამეწარმეო მიზნებისათვის მომხმარებელს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლით.
6. თუ მწარმოებელი პროდუქტს გარანტიით ყიდის, იგი ვალდებულია დაიცვას გარანტიის პირობები, ხოლო მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტიის პირობების შესრულება. პროდუქტზე გარანტია არ ათავისუფლებს პირს ზიანის მიყენებისათვის ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.
7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე პროდუქტის შემადგენელ ნაწილებზე.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი