მუხლი 011. ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება

1. მწარმოებელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფრთხილოს მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკის შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარგანსაზღვრული ვადის განმავლობაში, აგრეთვე იმ რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება დაუყოვნებლივ არ გამოვლინდეს.
2. გაფრთხილება არ ათავისუფლებს პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისაგან.
3. მწარმოებელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა ითვალისწინებდეს პროდუქტის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს:
ა) გააანალიზოს რისკი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტმა;
ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები რისკის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, გააფრთხილოს მომხმარებელი და გამოითხოვოს პროდუქტი მომხმარებლისაგან და ბაზრიდან.
4. მწარმოებელმა დისტრიბუტორს უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა დისტრიბუტორმა შეძლოს ამ ინფორმაციის მესამე პირისათვის მიწოდება.
5. თუ მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა იციან ან მათ ხელთ არსებული ინფორმაციისა და პროფესიული ცოდნის საფუძველზე უნდა სცოდნოდათ, რომ მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი შეიცავს რისკს, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს და უნდა მიაწოდონ მას შემდეგი ინფორმაცია:
ა) მონაცემები პროდუქტის ან მისი პარტიის/ჯგუფის ზუსტი იდენტიფიცირებისათვის;
ბ) სრული ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს პროდუქტი;
გ) სრული ინფორმაცია, რომელიც იძლევა პროდუქტის მიკვლევადობის საშუალებას;
დ) იმ ღონისძიებების აღწერა, რომლებიც საჭიროა რისკის თავიდან ასაცილებლად.
6. მწარმოებელი და დისტრიბუტორი ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფს ბაზარზე მათ მიერ მიწოდებული პროდუქტით გამოწვეული რისკის თავიდან აცილებას.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი