მუხლი 009 . ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

1. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი.
2. მწარმოებელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფრთხილოს მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკის შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარგანსაზღვრული ვადის განმავლობაში. თუ მწარმოებელს შეუძლია ასეთი რისკის თავიდან აცილება, იგი ვალდებულია განახორციელოს ყველა ღონისძიება ამგვარი რისკის თავიდან ასაცილებლად.
3. მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს სათანადო გულისხმიერებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პროდუქტის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა.
4. მწარმოებელმა არ უნდა გაავრცელოს ისეთი პროდუქტი, რომელიც, მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და ცოდნის საფუძველზე, არ შეესაბამება უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნებს.
5. დისტრიბუტორმა თავისი საქმიანობის ფარგლებში ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
6. მწარმოებელი და დისტრიბუტორი ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლონ უფლებამოსილ ორგანოებთან იმ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც განთავსდა ბაზარზე ან განკუთვნილია ბაზარზე განსათავსებლად.
7. ამ თავის მიზნებისათვის პროდუქტი არ არის ის მეორეული გამოყენების პროდუქტი, რომელიც მიწოდებულია, როგორც ანტიკვარიატი, ან პროდუქტი, რომელიც გამოყენებამდე უნდა შეკეთდეს ან გადაკეთდეს, თუ ამის შესახებ მიმწოდებელმა მკაფიოდ აცნობა მომხმარებელს.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი