მუხლი 2. მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საბაჟო ორგანო ახორციელებს ასეთი საქონლის, მასთან დაკავშირებული პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მისი თანმხლები დოკუმენტების საბაჟო კონტროლს შესაბამისი საბაჟო პროცედურების დაცვით.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით და გრანტების შესახებ ხელშეკრულებით შემოტანილ საქონელს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს და გრანტის სტატუსს ანიჭებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს N326 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ” დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
3. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასა-ხდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისათვის საბაჟო-საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს:
ა) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსისა და გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა;
ბ) სხვა შემთხვევებში:
ბ.ა) უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების იმპორტის დროს – დიპლომატიური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.დ) “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ე) საერთაშორისო საავიაციო ან/და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტის დროს – ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუ-მენტი, რომელშიც აღნიშნული იქნება თითოეული რეისის განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების რაოდენობა და ღირებულება;
ბ.ვ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს იმპორტის დროს – საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს გადაცემის დამადასტურებელი, ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ზ) განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო სა-ქონლის იმპორტის დროს – აღნიშნული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ბიუჯეტში შეტანის დამადასტურებელი სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.თ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის იმპორტის დროს – თბოელექტროსადგურების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ი) მისართების, გამხსნელების, ანტიდეტონატორების იმპორტის დროს, როდესაც ისინი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტი.
 

Comments