მუხლი 110. ინვენტარიზაცია (26.12.2008 N 871. ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან)

1. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს აქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება (საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს არააქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება გამოსცეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ბრძანებით). გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელმა (დირექტორმა) ინვენტარიზაციის გონივრულ ვადაში ჩატარების მიზნით, ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა შექმნას საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისიაში შეყვანილი უნდა იქნენ ის პირები, რომლებიც კარგად იცნობენ საინვენტარიზაციო ქონებას, იციან მისი ფასი და პირველადი აღრიცხვა, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები ან/და მის მიერ მოწვეული სპეციალისტები. საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები წარმოებისა და შენახვის ადგილზე, შეუდაროს აღრიცხვის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებს და ყოველივე ეს შეიტანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის ოქმში.

2. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანებით თავად შექმნას საინვენტარიზაციო კომისია და განსაზღვროს მისი შემადგენლობა, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის, ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელის (დირექტორის) მიერ ბრძანების გამოუცემლობისას, გამოსცეს საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანება. ამ ნაწილის შესაბამისად საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მასში გადამხდელის წარმომადგენლის/წარმომადგენლების შეყვანა.

Comments