ifric 20 ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 20

ifric20.pdf
View Download
ფასიკ 20

ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 20

ღია წესით დასამუშავებელი საბადოს ექსპლუატაციის ეტაპზე გაწეული საბადოს გადახსნის დანახარჯები


წყაროები


`ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლები.

ბასს 1  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა.

ბასს 2  `სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

ბასს 16  `ძირითადი საშუალებები.

ბასს 38  `არამატერიალური აქტივები.

ამოსავალი ინფორმაცია


1. სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ღია წესით დამუშავებისას საწარმოს შეიძლება დასჭირდეს გრუნტის უსარგებლო ქანების (`ფუჭი ქანები) მოცილება, რათა მიაღწიოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგამდე. ამ საქმიანობას, გრუნტის ფუჭი ქანების მოცილებას, საბადოს `გადახსნის სამუშაოებს უწოდებენ.

2. საბადოს ათვისების ეტაპზე (საბადოს ექსპლუატაციის, ანუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებამდე), როგორც წესი, საბადოს გადახსნის დანახარჯები კაპიტალიზდება საბადოს სამშენებლო, მოსამზადებელი და სამთო-კაპიტალური სამუშაოების თავდაპირველ ამორტიზებად ღირებულებაში. საბადოს ექსპლუატაციის დაწყების შემდეგ ზემოაღნიშნულ კაპიტალიზებულ დანახარჯებზე ცვეთის დარიცხვა, ან მისი ამორტიზება ხდება სისტემატურ საფუძველზე, რისთვისაც ჩვეულებრივ გამოიყენება გამომუშავებულ ერთეულთა მეთოდი.

3. სამთო-მომპოვებელმა საწარმომ ფუჭი ქანების მოშორების სამუშაოები შეიძლება გააგრძელოს და საბადოს გადახსნის დანახარჯები გასწიოს საბადოს ექსპლუატაციის ეტაპზე.


4. ქანები, რომლებსაც საბადოს მოაცილებენ გადახსნის სამუშაოების ჩატარებით საბადოს ექსპლუატაციის ეტაპზე, აუცილებელი არ არის, რომ 100%-ით მინარევები იყოს. ხშირად ეს არის ხოლმე მადნისა და მინარევების ერთობლიობა. მადნის თანაფარდობა მინარევებთან შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მათ შორის, ისეთი დაბალი დონის, როდესაც მადნის მოპოვება ეკონომიკურად მიზანშეწონილი არ არის და იმდენად მაღალი დონის, როდესაც მადნის მოპოვება მოგებიანი იქნება. ისეთი ქანების მოცილებით, რომლისთვისაც მადნისა და მინარევების თანაფარდობის კოეფიციენტი დაბალია, შეიძლება საწარმომ მიიღოს გარკვეული რაოდენობის სასარგებლო მასალა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწარმოებლად. გარდა ამისა, შეიძლება შესაძლებელი გახდეს წვდომა ქანების უფრო ღრმა შრეებთან, რომლებსაც მადნისა და მინარევების თანაფარდობის კოეფიციენტი უფრო მაღალი ექნება. ამგვარად, საწარმომ შეიძლება ორგვარი სარგებელი მიიღოს საბადოს გადახსნის სამუშაოების ჩატარებით: მოიპოვოს ექსპლუატაციისთვის ვარგისი მადანი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწარმოებლად და გაიუმჯობესოს მისადგომი სასარგებლო წიაღისეულის სხვა დანარჩენ მარაგთან, რომლის მოპოვებაც მომავალ პერიოდებში იქნება შესაძლებელი.

ფასიკ 20

5. წინამდებარე ინტერპრეტაციაში განხილულია, როდის და როგორ უნდა აღრიცხოს საწარმომ ცალ-ცალკე ზემოაღნიშნული ორი სარგებელი, რომელსაც იღებს საბადოს გადახსნის სამუშაოთა ჩატარების შედეგად, ასევე როგორ უნდა შეაფასოს თითოეული ამგვარი სარგებელი თავდაპირველად და შემდგომში.

მოქმედების სფერო


6. მოცემული ინტერპრეტაცია გამოიყენება ფუჭი ქანების მოსაცილებელი სამუშაოების დანა-ხარჯების მიმართ, რომელიც ტარდება ღია წესით დასამუშავებელი საბადოს ექსპლუა-ტაციის ეტაპზე (`საბადოს ექსპლუატაციის ეტაპზე გაწეული გადახსნის დანახარჯები).

განსახილველი საკითხები


7. მოცემული ინტერპრეტაცია ეხება შემდეგ საკითხებს:

ა) საბადოს ექსპლუატაციის ეტაპზე გაწეული გადახსნის დანახარჯების აღიარება აქტივად;

ბ) საბადოს გადახსნის სამუშაოებთან დაკავშირებით აღიარებული აქტივის თავდაპირველი შეფასება; და

გ) საბადოს გადახსნის სამუშაოებთან დაკავშირებით აღიარებული აქტივის შემდგომი შეფასება.


კონსენსუსი


საბადოს ექსპლუატაციის ეტაპზე გაწეული გადახსნის დანახარჯების აღიარება აქტივად

8. თუ საბადოს გადახსნის სამუშაოებიდან მიღებული სარგებელი რეალიზდება წარმოე-ბული/მოპოვებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფორმით, საწარმომ საბადოს გადახსნის სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები უნდა აღრიცხოს ბასს 2-ის  `სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები  პრინციპების შესაბამისად. თუ მიღებული სარგებელი წარმოადგენს მადნის სხეულთან მისადგომის გაუმჯობესებას, საწარმომ ეს დანახარჯები უნდა აღიაროს როგორც გრძელვადიანი აქტივი იმ პირობით, თუ დაკმაყოფილებულია მომდევნო მე-9 პუნქტის კრიტერიუმები. წინამდებარე ინტერპრეტაციაში ამგვარ გრძელვადიან აქტივს ეწოდება `საბადოს გადახსნის სამუშაოების აქტივი.

9. საწარმომ გადახსნის სამუშაოების აქტივი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა აღიაროს, როდესაც დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი კრიტერიუმი:

ა) დიდი ალბათობით არის მოსალოდნელი, რომ საწარმო მიიღებს საბადოს გადახსნის სამუშაოებთან დაკავშირებულ მომავალ ეკონომიკურ სარგებელს (მადნის სხეულთან მისადგომის გაუმჯობესება);

ბ) საწარმოს შეუძლია მადნის სხეულის იმ კომპონენტის იდენტიფიკაცია, რომლის მისადგომიც გაუმჯობესდა; და

გ) საწარმოს შეუძლია მადნის სხეულის ამ კომპონენტთან დაკავშირებული საბადოს გადახსნის სამუშაოების დანახარჯების საიმედოდ შეფასება.
 

 
ფასიკ 20

10. საბადოს გადახსნის სამუშაოების აქტივი უნდა აისახოს, როგორც არსებული აქტივის გადიდება, ან გაუმჯობესება. სხვა სიტყვებით, გადახსნის სამუშაოების აქტივი აისახება, როგორც არსებული აქტივის ნაწილი.

11. საბადოს გადახსნის სამუშაოების აქტივი მატერიალურ, ან არამატერიალურ აქტივად კლასიფიცირდება არსებული აქტივის კლასიფიკაციის შესაბამისად. სხვა სიტყვებით, არსებული აქტივის ხასიათი განსაზღვრავს იმას, საწარმო გადახსნის სამუშაოების აქტივს მატერიალური აქტივის კლასიფიკაციას მიანიჭებს, თუ არამატერიალურის.


საბადოს გადახსნის სამუშაოების აქტივის თავდაპირველი შეფასება

12. საწარმომ საბადოს გადახსნის სამუშაოების აქტივი თავდაპირველად უნდა ასახოს თვითღირებულებით. მოცემული აქტივის თვითღირებულება შედგება პირდაპირი დანახარ-ჯებისგან, რომლებიც გაწეულია საბადოს გადახსნის სამუშაოების ჩასატარებლად მადნის სხეულის იდენტიფიცირებულ კომპონენტთან მისადგომის გაუმჯობესების მიზნით და ასევე ამ სამუშაოებზე უშუალოდ მისაკუთვნებელი ზედნადები ხარჯებისგან. საბადოს ექსპლუატაციის ეტაპზე გადახსნის სამუშაოების პარალელურად შეიძლება მიმდინარეობდეს გარკვეული დამხმარე სამუშაოები, რომლის შესრულება აუცილებელი არ არის იმისთვის, რომ ექსპლუატაციის ეტაპზე საბადოს გადახსნის სამუშაოები გაგრძელდეს გეგმის შესაბამისად. ამგვარ დამხმარე სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები არ უნდა აისახოს გადახსნის სამუშაოების აქტივის თვითღირებულებაში.


13. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია გადახსნის სამუშაოების აქტივზე გაწეული დანახარჯებისა და მოპოვებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალ-ცალკე იდენტიფიცირება, საწარმომ ექსპლუატაციის ეტაპზე გაწეული საბადოს გადახსნის დანახარჯები უნდა გაანაწილოს მოპოვებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებსა და საბადოს გადახსნის სამუშაოების აქტივზე ისეთი მეთოდით, რომელიც ეყრდნობა გამომუშავების შესაფერის მაჩვენებელს. გამომუშავების მაჩვენებელი საწარმომ უნდა გამოითვალოს მადნის სხეულის იდენტიფიცირებულ კომპონენტთან მიმართებით და გამოიყენოს როგორც კრიტერიუმი იმის დასადგენად, რა დონის დამატებითი სამუშაოები შესრულდა მომავალი სარგებლის შესაქმნელად. ქვემოთ ჩამოთვლილია ამგვარი მაჩვენებლების მაგალითები:


ა) მოპოვებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება ნავარაუდევ ღირებულებასთან შედარებით;

ბ) მოპოვებული ფუჭი ქანების მოცულობა ნავარაუდევ მოცულობასთან შედარებით, მოპოვებული მადნის მოცულობაზე გაანგარიშებით; და

გ) მოპოვებულ მადანში სასარგებლო წიაღისეულის შემცველობა ნავარაუდევ შემცველო-ბასთან შედარებით, მოპოვებული მადნის რაოდენობაზე გაანგარიშებით.


საბადოს გადახსნის სამუშაოების აქტივის შემდგომი შეფასება

14. თავდაპირველი აღიარების შემდეგ გადახსნის სამუშაოების აქტივი უნდა აისახოს თვითღირებულებით, ან გადაფასებული ღირებულებით, ცვეთის ან ამორტიზაციის და გაუფასურების ზარალის გამოკლებით, იმავე მეთოდით, როგორც ასახულია არსებული აქტივი, რომლის ნაწილიც არის.


15. გადახსნის სამუშაოების აქტივზე ცვეთის ან ამორტიზაციის დარიცხვა უნდა ხდებოდეს სისტემატურად, მადნის სხეულის იმ იდენტიფიცირებული კომპონენტის სასარგებლო მომსახურების ვადის მიხედვით, რომლის მისადგომიც გაუმჯობესდა გადახსნის სამუშაოების ჩატარების შედეგად. ამ მიზნით საწარმომ უნდა გამოიყენოს გამომუშავებულ ერთეულთა მეთოდი, თუ რომელიმე სხვა მეთოდის გამოყენება უფრო მიზანშეწონილი არ არის.




 
ფასიკ 20

16. მადნის სხეულის იდენტიფიცირებული კომპონენტის მოსალოდნელი სასარგებლო მომსახურების ვადა, რომელიც გამოიყენება საბადოს გადახსნის სამუშაოების აქტივზე ცვეთის, ან ამორტიზაციის დასარიცხად, განსხვავებული იქნება მოსალოდნელი სასარგებლო მომსახურების ვადისგან, რომელიც გამოიყენება ცვეთის, ან ამორტიზაციის დასარიცხად თვითონ საბადოზე და მასთან დაკავშირებულ აქტივებზე, რომელთა ექსპლუატაციის ვადა საბადოს ექსპლუატაციის ვადის მიხედვით განისაზღვრება. ამ პრინციპიდან გამონაკლისს წარმოადგენს გარემოებები, როდესაც საბადოს გადახსნის სამუშაოთა ჩატარება აუმჯობესებს მადნის სხეულის მთელ დარჩენილ ნაწილთან მისადგომს. მაგალითად, ასე შეიძლება მოხდეს საბადოს სასარგებლო მომსახურების ვადის მიწურულს, როდესაც იდენტიფიცირებული კომპონენტი წარმოადგენს მოსაპოვებელი მადნის სხეულის ბოლო ნაწილს.
 


 
ფასიკ 20

დანართი ა

ძალაში შესვლის თარიღი და მოცემულ ინტერპრეტაციაზე გადასვლა


წინამდებარე დანართი ინტერპრეტაციის განუყოფელი ნაწილია და ისეთივე ძალა აქვს, რაც ინტერპრეტაციის სხვა ნაწილებს.

ა1. საწარმომ წინამდებარე ინტერპრეტაცია უნდა გამოიყენოს 2013 წლის 1 იანვარს, ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისთვის. ნებადართულია ინტერპრეტაციის ვადაზე ადრე გამოყენება. თუ საწარმო ამ ინტერპრეტაციას გამოიყენებს 2013 წლის 1 იანვრამდე დაწყებული წლიური პერიოდისთვის, მან ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში უნდა განმარტოს ეს ფაქტი.


ა2. საწარმომ მოცემული ინტერპრეტაცია უნდა გამოიყენოს საბადოს ექსპლუატაციის პერიოდის გადახსნის დანახარჯებთან მიმართებით, რომლებიც გაწეულია ანგარიშგებაში წარდგენილი ყველაზე ადრეული პერიოდის დაწყების თარიღის მდგომარეობით, ან მის შემდეგ.

ა3. ანგარიშგებაში წარდგენილი ყველაზე ადრეული პერიოდის დასაწყისისთვის არსებული აქტივების ნაშთი, რომლებიც ადრე იყო აღიარებული ექსპლუატაციის ეტაპზე განხორ-ციელებულ საბადოს გადახსნის სამუშაოებთან დაკავშირებით (`ადრე ჩატარებული გადახსნის სამუშაოების აქტივი), საწარმომ უნდა გადაიტანოს არსებული აქტივის შემადგენლობაში, რომელთანაც დაკავშირებული იყო საბადოს გადახსნის სამუშაოები, იმ პირობით, თუ ამ თარიღისთვის ისევ არსებობს მადნის სხეულის იდენტიფიცირებული კომპონენტი, რომელსაც შეიძლება დაუკავშირდეს ადრე ჩატარებული საბადოს გადახსნის სამუშაოების აქტივი. ამგვარ ნაშთებს ცვეთა ან ამორტიზაცია უნდა დაერიცხოს მადნის სხეულის იმ იდენტიფიცირებული კომპონენტის დარჩენილი ნავარაუდევი სასარგებლო მომსახურების ვადის მიხედვით, რომელსაც განეკუთვნება ადრე ჩატარებულ გადახსნის სამუშაოებთან დაკავშირებული თითოეული კონკრეტული აქტივის ნაშთი.


ა4. თუ აღარ არსებობს მადნის სხეულის იდენტიფიცირებული კომპონენტი, რომელთანაც დაკავშირებულია ადრე ჩატარებული გადახსნის სამუშაოების აქტივი, ასეთი აქტივი უნდა აღიარდეს ანგარიშგებაში წარდგენილი ყველაზე ადრეული პერიოდის გაუნაწილებელი მოგების საწყის ნაშთში.