ifric 16 ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 16

ifric16.pdf
View Download
ფასიკ 16

ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 16

უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება


წყაროები


ფასს 9  `ფინანსური ინსტრუმენტები~.

ბასს 8  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები~

ბასს 21  `უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები~.

ამოსავალი ინფორმაცია


1. ბევრ ანგარიშვალდებულ საწარმოს აქვს ინვესტიციები უცხოურ ქვედანაყოფში (როგორც განმარტებულია ბასს 21-ის მე-8 პუნქტში). ეს უცხოური ქვედანაყოფი შეიძლება იყოს შვილობილი საწარმო, მეკავშირე საწარმო, ერთობლივი საქმიანობა ან ფილიალი. ბასს 21 მოითხოვს, რომ საწარმომ თითოეული უცხოური ქვედანაყოფის სამუშაო ვალუტად მიიჩნიოს იმ ძირითადი ეკონომიკური გარემოს ვალუტა, სადაც ეს ქვედანაყოფი ეწევა საქმიანობას. როდესაც საწარმო უცხოური ქვედანაყოფის საქმიანობის შედეგებისა და ფინანსური მდგომარეობის მაჩვენებლების გადაანგარიშებას ახდენს წარსადგენ ვალუტაში, მას საკურსო სხვაობების აღიარება მოეთხოვება სხვა სრულ შემოსავალში, ამ უცხოური ქვედანაყოფის გასვლამდე.


2. უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ინვესტიციიდან წარმოშობილი სავალუტო რისკის ჰეჯირების აღრიცხვის საჭიროება მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როდესაც უცხოური ქვედანაყოფის ნეტო აქტივები აისახება ფინანსურ ანგარიშგებაში1. მუხლი, რომლის ჰეჯირებაც მოხდება უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ინვესტიციიდან წარმოშობილ სავალუტო რისკთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს ნეტო აქტივების ღირებულება, რომელიც უცხოური ქვედანაყოფის ნეტო აქტივების საბალანსო ღირებულების ტოლია ან ნაკლებია.


3. ფასს 9 მოითხოვს, რომ ჰეჯირების ბუღალტრული აღრიცხვის ურთიერთობაში განისაზღვროს ჰეჯირებისთვის უფლებამოსილი მუხლი (ჰეჯირებული მუხლი) და უფლებამოსილი ჰეჯირების ინსტრუმენტი. თუ ნეტო ინვესტიციის ჰეჯირების შემთხვევაში ჰეჯირების ურთიერთობა განისაზღვრება, ისეთ ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებული შემოსულობა ან ზარალი, რომელიც მიიჩნევა ნეტო ინვესტიციის ეფექტურ ჰეჯირებად, აღიარდება სხვა სრულ შემოსავალში და აისახება უცხოური ქვედანაყოფის საქმიანობის შედეგებისა და ფინანსური მდგომარეობის მაჩვენებლების გადაანგარიშებისას წარმოქმნილ საკურსო სხვაობებთან ერთად.


4. საწარმოს შეიძლება ბევრი უცხოური ქვედანაყოფი ჰქონდეს და რამდენიმე ტიპის სავალუტო კურსის რისკზე იყოს დამოკიდებული. წინამდებარე ინტერპრეტაცია სახელმძღვანელო მითითებებს იძლევა ისეთი სავალუტო რისკების დადგენაზე, რომლებიც ჰეჯირებულ რისკად მიიჩნევა უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციის ჰეჯირებისას.

5. ფასს  9  უფლებას  იძლევა,  სავალუტო  რისკის  ჰეჯირების  ინსტრუმენტად  განისაზღვროს  ან

წარმოებული, ან არაწარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი (ან წარმოებული და არაწარ-მოებული ფინანსური ინსტრუმენტების კომბინაცია). მოცემული ინტერპრეტაცია მითითებებს



1. ეს შეიძლება იყოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც ინ-ვესტიციები, როგორიცაა მაგალითად მეკავშირე, ან ერთობლივი საწარმოები, კაპიტალ-მეთოდით აისახება და ასევე ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ფილიალს, ან ერთობლივ ოპერაციას, როგორც ეს განმარტებულია ფასს 11-ში.
 




 
ფასიკ 16

იძლევა იმის შესახებ, როდის არის შესაძლებელი, რომ უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციის ჰეჯირების ინსტრუმენტები ჯგუფში აღირიცხოს როგორც ჰეჯირება.


6. ბასს 21 და ფასს 9 მოითხოვს, რომ როდესაც სათავო საწარმო ასხვისებს უცხოურ ქვედანაყოფს, საკუთარი კაპიტალიდან მოგებაში ან ზარალში იყოს რეკლასიფიცირებული (როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება) სხვა სრულ შემოსავალში აღიარებული კუმულაციური თანხები, როგორც უცხოური ქვედანაყოფის საქმიანობის შედეგებისა და ფინანსური მდგომარეობის მაჩვენებლების წარსადგენ ვალუტაში გადაანგარიშებისას წარმოქმნილი საკურსო სხვაობების, ასევე ისეთ ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებული შემოსულობის ან ზარალის, რომელიც მიჩნეულ იქნა ნეტო ინვესტიციის ეფექტურ ჰეჯირებად. მოცემული ინტერპრეტაცია მითითებებს იძლევა იმის თაობაზე, როგორ უნდა განსაზღვროს საწარმომ ის თანხები, რომლებიც რეკლასიფიცირებული უნდა იყოს საკუთარი კაპიტალიდან მოგებაში ან ზარალში, ჰეჯირების ინსტრუმენტთან და ჰეჯირებულ მუხლთან დაკავშირებით.


მოქმედების სფერო


7. წინამდებარე ინტერპრეტაცია ეხება საწარმოს, რომელიც ახორციელებს უცხოურ ქვედანაყოფებში ფლობილი ნეტო ინვესტიციით წარმოშობილი სავალუტო რისკის ჰეჯირებას და სურს ამ ოპერაციის კლასიფიცირება ჰეჯირების აღრიცხვად ფასს 9-ის შესაბამისად. მოხერხებულობის მიზნით მიიჩნევა, რომ ამ ინტერპრეტაციაში საწარმო სათავო საწარმოს წარმოადგენს და მის ფინანსურ ანგარიშგებაში, როგორც კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ასახულია უცხოური ქვედანაყოფების ნეტო აქტივები. ყველაფერი, რაც ითქმება სათავო საწარმოზე, ანალოგიურად ეხება იმ საწარმოსაც, რომელსაც ნეტო ინვესტიცია აქვს უცხოურ ქვედანაყოფში, რომელიც ერთობლივ საქმიანობას, მეკავშირე საწარმოს ან ფილიალს წარმოადგენს.



8. მოცემული ინტერპრეტაცია ეხება მხოლოდ უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციების ჰეჯირებას. არ შეიძლება მისი გამოყენება ანალოგიურად სხვა ტიპის ჰეჯირების აღრიცხვისათვის.


განსახილველი საკითხები


9. სათავო საწარმო უცხოურ ქვედანაყოფში ინვესტიციას შესაძლებელია პირდაპირ ფლობდეს, ან თავისი შვილობილი საწარმოს ან შვილობილი საწარმოების მეშვეობით. წინამდებარე ინტერპრეტაცია არეგულირებს შემდეგ საკითხებს:

ა) ჰეჯირებული რისკის ხასიათი და ჰეჯირებული მუხლის სიდიდე, რომელთაც შეიძლება მიენიჭოს ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიკაცია:

(ი) სათავო საწარმოს ჰეჯირებულ რისკად შეუძლია მიიჩნიოს მხოლოდ ის საკურსო სხვაობები, რომლებიც წარმოიშობა სათავო საწარმოსა და მისი უცხოური ქვედანაყოფის განსხვავებული სამუშაო ვალუტებიდან, თუ ასევე შეუძლია ჰეჯირებულ რისკად მიიჩნიოს ის საკურსო სხვაობებიც, რომლებიც წარმოიშობა სათავო საწარმოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების წარსადგენ ვალუტასა და უცხოური ქვედანაყოფის სამუშაო ვალუტას შორის განსხვავებიდან;

(იი) თუ სათავო საწარმო უცხოურ ქვედანაყოფს არაპირდაპირ ფლობს, შესაძლებელია თუ არა, რომ ჰეჯირებულმა რისკმა მოიცვას მხოლოდ ის საკურსო სხვაობები, რომლებიც წარმოიშობა უცხოური ქვედანაყოფისა და მისი უშუალო სათავო საწარმოს განსხვავებული სამუშაო ვალუტებიდან; თუ შესაძლებელია, რომ ჰეჯირებულმა რისკმა ასევე მოიცვას ის საკურსო სხვაობებიც, რომლებიც წარმოიშობა უცხოური ქვედანაყოფისა და ნებისმიერი შუალედური, ან საბოლოო სათავო საწარმოს სამუშაო ვალუტებს შორის განსხვავებიდან (ე.ი. ის ფაქტი, რომ საწარმო ნეტო ინვესტიციას უცხოურ ქვედანაყოფში შუალედური სათავო საწარმოს მეშვეობით ფლობს, ზემოქმედებს თუ არა საბოლოო სათავო საწარმოს ეკონომიკურ რისკზე).
 





 
ფასიკ 16


ბ) სად შეიძლება ჯგუფში არსებობდეს ჰეჯირების ინსტრუმენტი:

(ი) ჰეჯირების აღრიცხვის ურთიერთობის კლასიფიცირება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც საწარმო, რომელიც ნეტო ინვესტიციის ჰეჯირებას ახდენს, არის ჰეჯირების ინსტრუმენტის ერთ-ერთი მხარე, თუ შესაძლებელია, რომ ჯგუფში შემავალ ნებისმიერ საწარმოს ჰქონდეს ჰეჯირების ინსტრუმენტი, სამუშაო ვალუტის მიუხედავად;

(იი) ჰეჯირების ინსტრუმენტის სახეობა (წარმოებული ინსტრუმენტი ან არაწარმოებული), ან კონსოლიდაციის მეთოდი, ახდენს თუ არა გავლენას ჰეჯირების ეფექტურობის შეფასებაზე.

გ) უცხოური ქვედანაყოფის გასვლისას, რომელი თანხების რეკლასიფიკაცია უნდა მოხდეს საკუთარი კაპიტალიდან მოგებაში ან ზარალში, რეკლასიფიკაციის კორექტირების სახით:

(ი) ჰეჯირებული უცხოური ქვედანაყოფის გასვლის დროს, სათავო საწარმოს უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვიდან, რომელიც დაკავშირებულია ჰეჯირების ინსტრუმენტთან და უცხოურ ქვედანაყოფთან, რომელი თანხების რეკლასიფიკაცია უნდა მოხდეს საკუთარი კაპიტალიდან მოგებაში ან ზარალში, სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში;

(იი) ახდენს თუ არა გავლენას კონსოლიდაციის მეთოდი საკუთარი კაპიტალიდან მოგებაში ან ზარალში რეკლასიფიკაციისთვის უფლებამოსილი თანხების განსაზღვრაზე.

კონსენსუსი


ჰეჯირებული რისკის ხასიათი და ჰეჯირებული მუხლის სიდიდე, რომელთა კლასიფიცირება შესაძლებელია ჰეჯირების ურთიერთობად

10. ჰეჯირების აღრიცხვის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ საკურსო სხვაობებისთვის, რომლებიც წარმოიშობა სათავო საწარმოსა და მისი უცხოური ქვედანაყოფის განსხვავებული სამუშაო ვალუტებიდან.

11. უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციდან წარმოშობილი სავალუტო რისკების ჰეჯირების დროს, ჰეჯირებული მუხლი შეიძლება იყოს წმინდა აქტივების თანხა, რომელიც ტოლია ან ნაკლებია სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ, უცხოური ქვედანაყოფის ნეტო აქტივების საბალანსო ღირებულებაზე. უცხოური ქვედანაყოფის წმინდა აქტივების საბალანსო ღირებულება, რომლის კლასიფიცირება ჰეჯირებულ მუხლად შესაძლებელია სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, დამოკიდებულია იმაზე, უცხოური ქვედანაყოფის რომელიმე ქვედა დონის სათავო საწარმოს გამოყენებული აქვს თუ არა ამ ქვედანაყოფის ყველა ნეტო აქტივის ან მისი ნაწილის მიმართ ჰეჯირების აღრიცხვა და შენარჩუნებულია თუ არა ეს კლასიფიკაცია სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში.


12. ჰეჯირებულ რისკად შეიძლება მიჩნეულ იქნეს სავალუტო კურსზე ისეთი დამოკიდებულება, რომელიც წარმოიშობა უცხოური ქვედანაყოფისა და ამ უცხოური ქვედანაყოფის ნებისმიერი სათავო საწარმოს (შუალედური, უშუალო ან საბოლოო სათავო საწარმო) სამუშაო ვალუტებს შორის არსებული განსხვავებებიდან. ის ფაქტი, რომ საწარმო ნეტო ინვესტიციას შუალედური სათავო საწარმოს მეშვეობით ფლობს, გავლენას არ ახდენს ეკონომიკური რისკის ხასიათზე, რომელიც წარმოიშობა საბოლოო სათავო საწარმოს დამოკიდებულებით უცხოურ ვალუტაზე.

13. უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციიდან წარმოშობილ სავალუტო რისკზე დამოკიდებულების კლასიფიცირება ჰეჯირების აღრიცხვად შეიძლება მხოლოდ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. ამგვარად, თუ უცხოური ქვედანაყოფის ერთი და იგივე ნეტო აქტივები ჰეჯირებული აქვს ჯგუფში შემავალ ერთზე მეტ სათავო საწარმოს (მაგალითად, პირდაპირ და არაპირდაპირ სათავო საწარმოს) ერთი და იმავე რისკისთვის, მხოლოდ ერთი ჰეჯირების ურთიერთობა კლასიფიცირდება ჰეჯირების აღრიცხვისთვის საბოლოო სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. ჰეჯირების
 




 
ფასიკ 16

ურთიერთობა, რომელიც კლასიფიცირებულია რომელიმე სათავო საწარმოს მიერ თავის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, აუცილებელი არ არის, შენარჩუნებული იყოს სხვა უფრო ზემდგომი დონის სათავო საწარმოს მიერ. ამასთან, თუ ჰეჯირების ურთიერთობა შენარჩუნებული არ არის სხვა უფრო ზემდგომი დონის სათავო საწარმოს მიერ, ქვედა დონის სათავო საწარმოს მიერ გამოყენებული ჰეჯირების აღრიცხვა უნდა გაუქმდეს, სანამ ზედა დონის სათავო საწარმოს ჰეჯირების აღრიცხვა აღიარდება.

სად შეიძლება არსებობდეს ჯგუფში ჰეჯირების ინსტრუმენტი

14. უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციის ჰეჯირების დროს ჰეჯირების ინსტრუმენტად შეიძლება კლასიფიცირებული იყოს წარმოებული ან არაწარმოებული ინსტრუმენტი (ან წარმოებული ან არაწარმოებული ინსტრუმენტების კომბინაცია). ჰეჯირების ინსტრუმენტს (ინსტრუმენტებს) შეიძლება ფლობდეს ჯგუფის ნებისმიერი საწარმო ან საწარმოები, თუ დაკმაყოფილებულია ფასს 9-ის 6.4.1 პუნქტში განსაზღვრული, ნეტო ინვესტიციის ჰეჯირებასთან დაკავშირებული კლასიფიცირების, დოკუმენტაციისა და ეფექტურობის მოთხოვნები. კერძოდ, ჯგუფის ჰეჯირების სტრატეგია ნათლად უნდა იყოს დოკუმენტირებული, რადგან არსებობს ჯგუფის სხვადასხვა დონეზე განსხვავებული კლასიფიკაციის შესაძლებლობა.



15. ჰეჯირების ეფექტურობის შეფასების მიზნით, საკურსო სხვაობების რისკთან დაკავშირებული ჰეჯირების ინსტრუმენტის ღირებულების ცვლილება გამოითვლება იმ სათავო საწარმოს სამუშაო ვალუტით, რომლის სამუშაო ვალუტის ჰეჯირებული რისკის შეფასებაც ხდება, ჰეჯირების აღრიცხვის დოკუმენტაციის შესაბამისად. იმისდა მიხედვით, ჯგუფის სტრუქტურაში სად არის ჰეჯირების ინსტრუმენტი, ჰეჯირების აღრიცხვის არარსებობის შემთხვევაში, ჰეჯირების ინსტრუმენტის ღირებულების მთლიანი ცვლილება შეიძლება აღიარდეს მოგებაში ან ზარალში, სხვა სრულ შემოსავალში ან ორივეში. თუმცა, ჰეჯირების ეფექტურობის შეფასებაზე გავლენას არ ახდენს, სად აღიარდება ჰეჯირების ინსტრუმენტის ღირებულების ცვლილება: მოგებაში ან ზარალში თუ სხვა სრულ შემოსავალში. როგორც ჰეჯირების აღრიცხვის გამოყენების პროცედურის ნაწილი, ამ ცვლილების მთლიანი ეფექტური ნაწილი აისახება სხვა სრულ შემოსავალში. ჰეჯირების ეფექტურობის შეფასებაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, ჰეჯირების ინსტრუმენტი წარმოებული ინსტრუმენტია თუ არაწარმოებული, არც კონსოლიდაციის მეთოდი.



ჰეჯირებული უცხოური ქვედანაყოფის გასვლა

16. ჰეჯირებული უცხოური ქვედანაყოფის გასვლის დროს, თანხა, რომელიც სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში რეკლასიფიცირდება (როგორც რეკლასიფი-კაციის კორექტირება) ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებით, უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვიდან მოგებაში ან ზარალში, არის ის თანხა, რომლის განსაზღვრასაც მოითხოვს ფასს 9-ის 6.5.14 პუნქტი. ეს თანხა არის იმ ჰეჯირებულ ინსტრუმენტთან დაკავშირებული დაგროვილი შემოსულობა ან ზარალი, რომელიც ეფექტურ ჰეჯირებად იყო მიჩნეული.


17. თანხა, რომელიც, ბასს 21-ის 48-ე პუნქტის შესაბამისად, სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში რეკლასიფიცირდება უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვიდან მოგებაში ან ზარალში, უცხოურ ქვედანაყოფში ფლობილ ნეტო ინვესტიციასთან დაკავშირებით, არის ის თანხა, რომელიც აისახება მოცემული სათავო საწარმოს უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვში, ამ უცხოურ ქვედანაყოფთან დაკავშირებით. საბოლოო სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვში ყველა უცხოურ ქვედანაყოფთან დაკავშირებით აღიარებულ აგრეგირებულ ნეტო თანხაზე გავლენას არ ახდენს კონსოლიდაციის მეთოდი. თუმცა, რომელიმე ინდივიდუალურ უცხოურ ქვედანაყოფთან დაკავშირებით, მის უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვში ასახულ თანხაზე შეიძლება გავლენა იქონიოს საბოლოო სათავო საწარმოს მიერ კონსოლიდაციისთვის გამოყენებულმა მეთოდმა:
 






 
ფასიკ 16

პირდაპირი ან ეტაპობრივი1. კონსოლიდაციის ეტაპობრივი მეთოდის გამოყენებამ შეიძლება მოგებაში ან ზარალში ისეთი თანხის რეკლასიფიკაცია განაპირობოს, რომელიც განსხვავდება ჰეჯირების ინსტრუმენტის ეფექტურობის განსაზღვრისთვის გამოყენებული თანხისგან. შესაძლებელია ამ სხვაობის ელიმინირება, თუ განისაზღვრება ამ უცხოურ ქვედანაყოფთან დაკავშირებული თანხა, რომელიც წარმოიშობოდა კონსოლიდაციის პირდაპირი მეთოდის გამოყენების დროს. ამგვარი კორექტირება არ მოითხოვება ბასს 21-ით. თუმცა, ეს არის სააღრიცხვო პოლიტიკის შერჩევა და ეს პოლიტიკა უნდა გამოიყენოს საწარმომ ყველა ნეტო ინვესტიციის მიმართ.


ძალაში შესვლის თარიღი


18. საწარმომ წინამდებარე ინტერპრეტაცია უნდა გამოიყენოს 2008 წლის 1 ოქტომბერს ან მის შემდეგ დაწყებულ წლიურ პერიოდებში. საწარმომ 2009 წლის აპრილში გამოცემული დოკუმენტის  ფასს-ების გაუმჯობესება  შედეგად მე-14 პუნქტში შესული ცვლილება უნდა გამოიყენოს 2009 წლის 1 ივლისს ან მის შემდეგ დაწყებულ წლიურ პერიოდებში. ორივე შემთხვევაში დასაშვებია ვადაზე ადრე გამოყენება. თუ საწარმო ამ ინტერპრეტაციის გამოყენებას 2008 წლის 1 ოქტომბრამდე დაიწყებს, ან მე-14 პუნქტში შეტანილი ცვლილების გამოყენებას  2009 წლის 1 ივლისამდე, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.


18ა. ფასს 9-ის 2013 წლის ნოემბრის შეცვლილმა ვერსიამ გამოიწვია მე-3, 57-ე, მე-14, მე-16, მგ1 და მგ8(ა) პუნქტების შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც გამოიყენებს ფასს 9-ის 2013 წლის ნოემბრის შეცვლილ ვერსიას.


ინტერპრეტაციაზე გადასვლა


19. ბასს 8 ადგენს, როგორ უნდა გამოიყენოს საწარმომ სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილება, რომელიც განპირობებულია ამა თუ იმ ინტერპრეტაციის პირველად გამოყენებით. საწარმოს არ მოეთხოვება ამ მოთხოვნების დაცვა წინამდებარე ინტერპრეტაციის პირველად გამოყენების დროს. თუ საწარმოს ჰეჯირების ინსტრუმენტი კლასიფიცირებული აქვს როგორც ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება, მაგრამ ჰეჯირება არ აკმაყოფილებს ჰეჯირების აღრიცხვის პირობებს ამ ინტერპრეტაციის შესაბამისად, საწარმომ ბასს 39 უნდა გამოიყენოს ამგვარი ჰეჯირების პერსპექტიულად აღრიცხვის შეწყვეტისთვის.







1. კონსოლიდაციის პირდაპირი მეთოდი ისეთი მეთოდია, როდესაც უცხოური ქვედანაყოფის ფინანსური ანგარიშგება პირდაპირ გადაანგარიშდება საბოლოო სათავო საწარმოს სამუშაო ვალუტაში. ეტაპობრივი ისეთი მეთოდია, როდესაც უცხოური ქვედანაყოფის ფინანსური ანგარიშგება ჯერ რომელიმე შუალედური სათავო საწარმოს (საწარმოების) სამუშაო ვალუტაში გადაანგარიშდება და შემდეგ საბოლოო სათავო საწარმოს სამუშაო ვალუტაში (ან წარსადგენ ვალუტაში, თუ განსხვავებულია).
 


 
ფასიკ 16


დანართი

მითითებები გამოყენებაზე

წინამდებარე დანართი ინტერპრეტაციის განუყოფელი ნაწილია.


მგ1. დანართში ილუსტრირებულია წინამდებარე ინტერპრეტაციის გამოყენება დიაგრამაზე მოცემული კორპორაციული სტრუქტურის მეშვეობით. ყველა შემთხვევაში, ჰეჯირების ურთიერთობა უნდა შემოწმდეს ეფექტურობაზე ფასს 9-ის შესაბამისად, თუმცა აღნიშნული ტესტირება განხილული არ არის ამ დანართში. საბოლოო სათავო საწარმო კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენს თავის სამუშაო ვალუტაში, ევროში. ყველა შვილობილი საწარმო მის სრულ საკუთრებაში მყოფი საწარმოა. სათავო საწარმოს ნეტო ინვესტიცია B შვილობილ საწარმოში, £500 მლნ (სამუშაო ვალუტა ფუნტი სტერლინგი) მოიცავს ჩ შვილობილ საწარმოში (სამუშაო ვალუტა აშშ დოლარი) B შვილობილი საწარმოს კუთვნილი $300 მლნ ნეტო ინვესტიციის ეკვივალენტურ თანხას  £159 მლნ-ს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, B შვილობილი საწარმოს წმინდა აქტივები, გარდა იმისა, რაც ინვესტირებული აქვს ჩ შვილობილ საწარმოში, შეადგენს £341 მლნ-ს.


ჰეჯირებული რისკის ტიპი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიკაცია (პუნქტები 10-13)

მგ2. სათავო საწარმოს შეუძლია თითოეულ შვილობილ საწარმოში (A, B და ჩ) ფლობილი თავისი ნეტო ინვესტიციების ჰეჯირება სავალუტო რისკისთვის, რომელიც წარმოიშობა მის სამუშაო ვალუტა ევროსა და შვილობილი საწარმოების სამუშაო ვალუტების (იაპონური იენა, ფუნტი სტერლინგი და აშშ დოლარი) განსხვავების გამო. გარდა ამისა, სათავო საწარმოს შეუძლია აშშ დოლარი/ფუნტი სტერლინგი სავალუტო რისკის ჰეჯირებაც, რომელიც წარმოიშობა B და ჩ შვილობილი საწარმოებს შორის. B შვილობილ საწარმოს თავის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში შეუძლია ჩ შვილობილ საწარმოში ფლობილი ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება სავალუტო რისკისთვის, რომელიც წარმოიშობა მათი განსხვავებული სამუშაო ვალუტების  აშშ დოლარი და ფუნტი სტერლინგი  გამო. ქვემოთ განხილულ მაგალითებში ჰეჯირებისთვის განსაზღვრული რისკი არის სპოტ სავალუტო რისკი, ვინაიდან ჰეჯირების ინსტრუმენტები არ წარმოადგენს წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს. თუ ჰეჯირების ინსტრუმენტები ფორვარდული კონტრაქტები იქნებოდა, სათავო საწარმოს შეეძლებოდა ფორვარდული სავალუტო რისკის განსაზღვრა ჰეჯირებისთვის.







სათავო საწარმოს

სამუშაო ვალუტა ევრო

¥ 400.000 მლნ £500 მლნ

A შვილობილი საწარმოს სამუ- B შვილობილი საწარმოს სამუშაო
შაო ვალუტა იაპონური იენა ვალუტა ბრიტანული ფუნტი
სტერლინგი
$300 მლნ (£159 მლნ-ის
ეკვივალენტი)
ჩ შვილობილი საწარმოს
სამუშაო ვალუტა აშშ დოლარი

 

 
ფასიკ 16

ჰეჯირებული მუხლის სიდიდე, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიკაცია (პუნქტები 10-13)

მგ3. სათავო საწარმოს სურს ჩ შვილობილ საწარმოში ფლობილი ნეტო ინვესტიციიდან წარმოშობილი სავალუტო რისკის ჰეჯირება. დავუშვათ, A შვილობილ საწარმოს აქვს გარედან ნასესხები სახსრები $300 მლნ. A შვილობილი საწარმოს ნეტო აქტივები საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში შეადგენს 400,000 მლნ იენას, რომელიც მოიცავს გარედან ნასესხებ სახსრებს $300 მლნ-ს.


მგ4. ჰეჯირებული მუხლი სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში შეიძლება იყოს წმინდა აქტივების თანხა, რომელიც ტოლი ან ნაკლებია ჩ შვილობილ საწარმოში სათავო საწარმოს კუთვნილი ნეტო ინვესტიციის ($300 მლნ) საბალანსო ღირებულების. სათავო საწარმოს თავის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში შეუძლია A შვილობილი საწარმოს $300 მლნ გარედან ნასესხები სახსრები განიხილოს როგორც ევრო/აშშ დოლარი სპოტ სავალუტო რისკის ჰეჯირება, რომელიც დაკავშირებულია მის ნეტო ინვესტიციასთან, ჩ შვილობილი საწარმოს $300 მლნ ნეტო აქტივებში. ასეთ შემთხვევაში, როგორც A შვილობილ საწარმოში $300 მლნ გარედან ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული ევრო/აშშ დოლარი სპოტ საკურსო სხვაობა, ასევე ჩ შვილობილი საწარმოში ფლობილ $300 მლნ ნეტო ინვესტიციასთან დაკავშირებული ევრო/აშშ დოლარი საკურსო სხვაობა, სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვში, ჰეჯირების ბუღალტრული აღრიცხვის გამოყენების შემდეგ.



მგ5. თუ არ არსებობს ჰეჯირების ბუღალტრული აღრიცხვა, A შვილობილი საწარმოს $300 მლნ გარედან ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული ევრო/აშშ დოლარი მთლიანი საკურსო სხვაობა სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აღიარდეს შემდეგნაირად:


აშშ დოლარი/იაპონური იენა სპოტ სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილება, ევროში გადაანგარიშებული  მოგებაში ან ზარალში; და

იაპონური იენა/ევრო სპოტ სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილება  სხვა სრულ შემოსავალში.


(მგ4) პუნქტში ხსენებული კლასიფიკაციის ნაცვლად, სათავო საწარმოს თავის კონსო-ლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში შეუძლია A შვილობილი საწარმოს $300 მლნ გარედან ნასესხები სახსრების კლასიფიცირება ჩ შვილობილ საწარმოსა და B შვილობილ საწარმოს შორის წარმოშობილი ფუნტი სტერლინგი/აშშ დოლარი სპოტ სავალუტო რისკის ჰეჯირებად. ასეთ შემთხვევაში, A შვილობილი საწარმოს $300 მლნ გარედან ნასესხები სახსრებთან დაკავშირებული აშშ დოლარი/ევრო მთლიანი საკურსო სხვაობა სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარდება შემდეგნაირად:


ფუნტი სტერლინგი/აშშ დოლარი სპოტ სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილება  ჩ შვილობილ საწარმოსთან დაკავშირებულ, უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვში;


ფუნტი სტერლინგი/იაპონური იენა სპოტ სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილება, ევროში გადაანგარიშებული  მოგებაში ან ზარალში; და

იაპონური იენა/ევრო სპოტ სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილება  სხვა სრულ შემოსავალში.
 

 
ფასიკ 16

მგ6. სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ შეუძლია A შვილობილი საწარმოს $300 მლნ გარედან ნასესხები სახსრების კლასიფიცირება ჰეჯირებად ორივე რისკისთვის: ევრო/აშშ დოლარი სპოტ სავალუტო რისკისა და ფუნტი სტერლინგი/აშშ დოლარი სპოტ სავალუტო რისკისთვის. ერთ ჰეჯირების ინსტრუმენტს ჰეჯირებისთვის განსაზღვრული ერთი და იმავე რისკის ჰეჯირება მხოლოდ ერთხელ შეუძლია. B შვილობილი საწარმო ვერ გამოიყენებს ჰეჯირების აღრიცხვას თავის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, რადგან ჰეჯირების ინსტრუმენტი ჯგუფის გარეთაა, რომელიც შედგება B შვილობილი საწარმოსა და ჩ შვილობილი საწარმოსგან.



სად შეიძლება იყოს ჯგუფში ჰეჯირების ინსტრუმენტი (მე-14 და მე-15უნქტები)

მგ7. როგორც მგ5 პუნქტში იყო აღნიშნული, თუ არ არსებობს ჰეჯირების აღრიცხვა, A შვილობილი საწარმოს $300 მლნ გარედან ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული ღირებულების მთლიანი ცვლილება სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება როგორც მოგებაში ან ზარალში (აშშ დოლარი/იაპონური იენა სპოტ რისკი), ასევე სხვა სრულ შემოსავალში (ევრო/იაპონური იენა სპოტ რისკი). ორივე თანხა აისახება იმ მიზნით, რომ შეფასდეს მგ4 პუნქტში განხილული ჰეჯირების ეფექტურობა, რადგან როგორც ჰეჯირებული ინსტრუმენტის, ასევე ჰეჯირებული მუხლის ღირებულების ცვლილება გამოითვლება სათავო საწარმოს სამუშაო ვალუტის, ევროს შედარებით ჩ შვილობილი საწარმოს აშშ დოლარ სამუშაო ვალუტასთან, ჰეჯირების დოკუმენტაციის შესაბამისად. კონსოლიდაციის მეთოდი (ანუ პირდაპირია თუ ეტაპობრივი) გავლენას არ ახდენს ჰეჯირების ეფექტიანობის შეფასებაზე.




თანხები, რომლებიც მოგებაში ან ზარალში რეკლასიფიცირდება უცხოური ქვედანაყოფის გასვლის დროს (მე-16 და მე-17 პუნქტები)

მგ8. ჩ შვილობილი საწარმოს გასვლის შემთხვევაში, სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების მისი რეზერვიდან მოგებაში ან ზარალში რეკლასიფიცირდება შემდეგი თანხები:

ა) A შვილობილი საწარმოს $300 მლნ გარედან ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებით  თანხა, რომლის დადგენასაც ითხოვს ფასს 9, ე.ი. სავალუტო რისკთან დაკავშირებული ღირებულების მთლიანი ცვლილება, რომელიც სხვა სრულ შემოსავალში იყო აღიარებული, როგორც ჰეჯირების ეფექტური ნაწილი; და


ბ) ჩ შვილობილ საწარმოში ფლობილ  $300  მლნ ნეტო ინვესტიციასთან დაკავშირებით 

თანხა, რომელსაც საწარმო განსაზღვრავს კონსოლიდაციის მეთოდით. თუ სათავო საწარმო პირდაპირ მეთოდს იყენებს კონსოლიდაციისთვის, ჩ შვილობილ საწარმოსთან დაკავშირებული, უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვი განისაზღვრება

პირდაპირ ევრო/აშშ დოლარი სავალუტო კურსით. თუ სათავო საწარმო ეტაპობრივ მეთოდს იყენებს კონსოლიდაციისთვის, ჩ შვილობილ საწარმოსთან დაკავშირებული, უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების მისი რეზერვი განისაზღვრება B შვილობილი საწარმოს მიერ აღიარებული, უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვის მიხედვით (რომელიც ასახავს ფუნტი სტერლინგი/აშშ დოლარი სავალუტო კურსს), რომელიც სათავო საწარმოს სამუშაო ვალუტაში გადაანგარიშებულია ევრო/ფუნტი სტერლინგი სავალუტო

კურსით. როდესაც სათავო საწარმო ასხვისებს ჩ შვილობილ საწარმოს, მის მიერ წინა პერიოდებში კონსოლიდაციისთვის ეტაპობრივი მეთოდის გამოყენება, მისგან არ მოითხოვს და არც უკრძალავს მას, რომ უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვიდან რეკლასიფიცირებული თანხა იყოს ის თანხა, რომელიც აღიარებული ექნებოდა, თუ ის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად კონსოლიდაციისთვის ყოველთვის პირდაპირ მეთოდს გამოიყენებდა.
 


 
ფასიკ 16

ერთზე მეტი უცხოური ქვედანაყოფის ჰეჯირება (მე-11, მე-13 და მე-15 პუნქტები)

მგ9. შემდეგ მაგალითებში ნაჩვენებია, რომ სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში რისკი, რომლის ჰეჯირებაც შესაძლებელია, ყოველთვის არის მის სამუშაო ვალუტასა (ევრო) და B და ჩ შვილობილ საწარმოების სამუშაო ვალუტებს შორის არსებული რისკი. მნიშვნელობა არა აქვს იმას, როგორ კლასიფიცირდება ჰეჯირება. მაქსიმალური თანხები, რომლებიც შეიძლება მიჩნეული იყოს ეფექტურ ჰეჯირებად (რომელიც სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვში აისახება, როდესაც ორივე უცხოური ქვედანაყოფის ჰეჯირება ხდება), არის $300 მლნ  ევრო/აშშ დოლარი რისკისთვის და £341 მლნ  ევრო/ფუნტი სტერლინგი რისკისთვის. სავალუტო კურსების ცვლილებით გამოწვეული ღირებულების სხვა ცვლილებები აისახება სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ მოგებაში ან ზარალში. ცხადია, შესაძლებელია, რომ სათავო საწარმომ $300 მლნ განსაზღვროს ეფექტურ ჰეჯირებად მხოლოდ აშშ დოლარი/ფუნტი სტერლინგი სპოტ სავალუტო კურსისთვის, ან £500 მლნ მხოლოდ ფუნტი სტერლინგი/ევრო სპოტ სავალუტო კურსის ცვლილებისთვის.



სათავო საწარმოს აქვს ორი ჰეჯირების ინსტრუმენტი, გამოსახული აშშ დოლარში და ფუნტ სტერლინგში

მგ10. სათავო საწარმოს შეიძლება სურდეს როგორც B, ასევე ჩ შვილობილ საწარმოში ფლობილ ნეტო ინვესტიციასთან დაკავშირებული სავალუტო რისკების ჰეჯირება. დავუშვათ, სათავო საწარმოს შესაფერისი ჰეჯირების ინსტრუმენტები, რომლებიც გამოსახულია აშშ დოლარში და ფუნტ სტერლინგში, შესაძლებელია კლასიფიცირებული იყოს, როგორც B და ჩ შვილობილ საწარმოებში ფლობილი ნეტო ინვესტიციების ჰეჯირება. კლასიფიკაციები, რომლებიც შეუძლია სათავო საწარმოს გამოიყენოს თავის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, მოიცავს შემდეგ თანხებს, მაგრამ არ შემოიფარგლება მარტო ამით:


ა) $300 მლნ ჰეჯირების ინსტრუმენტი კლასიფიცირდება, როგორც ჩ შვილობილ საწარმოში ფლობილი $300 მლნ ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება  შესაბამისი რისკი არის სათავო და ჩ შვილობილ საწარმოს შორის სპოტ სავალუტო რისკი (ევრო/აშშ დოლარი), ხოლო £341 მლნ ჰეჯირების ინსტრუმენტი კლასიფიცირდება, როგორც B შვილობილ საწარმოში ფლობილი £341 მლნ ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება  შესაბამისი რისკი არის სათავო და B შვილობილ საწარმოს შორის სპოტ სავალუტო რისკი (ევრო/ფუნტი სტერლინგი);


ბ) $300 მლნ ჰეჯირების ინსტრუმენტი კლასიფიცირდება, როგორც ჩ შვილობილ საწარმოში ფლობილი $300 მლნ ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება  შესაბამისი რისკი არის B და ჩ

შვილობილ საწარმოს შორის სპოტ სავალუტო რისკზე (ფუნტი სტერლინგი/აშშ დოლარი) სათავო საწარმოს დამოკიდებულება. ასევე £500 მლნ ჰეჯირების ინსტრუმენტი კლასიფიცირდება, როგორც B შვილობილ საწარმოში ფლობილი £500 მლნ ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება  შესაბამისი რისკი არის სათავო და B შვილობილ საწარმოს შორის სპოტ სავალუტო რისკი (ევრო/ფუნტი სტერლინგი).


მგ11. ევრო/აშშ დოლარი რისკი, რომელიც წარმოიშობა ჩ შვილობილ საწარმოში ნეტო ინვეს-ტიციის ფლობით, განსხვავდება ევრო/ფუნტი სტერლინგი რისკისგან, რომელიც წარმოიშობა B შვილობილ საწარმოში ნეტო ინვესტიციის ფლობით. თუმცა, მგ10(ა) პუნქტში აღწერილ შემთხვევაში, იმის გამო, რომ სათავო საწარმოს აქვს აშშ დოლარში გამოსახული ჰეჯირების ინსტრუმენტი, სათავო საწარმოს უკვე მთლიანად აქვს ჰეჯირებული ევრო/აშშ დოლარი რისკი, რომელიც წარმოიშობა ჩ შვილობილ საწარმოში ნეტო ინვესტიციის ფლობით. თუ სათავო საწარმოს ასევე ფუნტი სტერლინგი ინსტრუმენტი კლასიფიცირებული აქვს, როგორც B შვილობილ საწარმოში ფლობილი £500 მლნ ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება, ამ ინვესტიციიდან £159 მლნ (რომელიც წარმოადგენს ჩ შვილობილ საწარმოში ფლობილი აშშ დოლარში გამოსახული ნეტო ინვესტიციის ეკვივალენტს, გამოსახულს ფუნტ სტერლინგში) სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ფუნტი სტერლინგი/ევრო რისკი ორჯერ იქნება ჰეჯირებული.


 
ფასიკ 16

მგ12. მგ10(ბ) პუნქტში აღწერილ შემთხვევაში, თუ სათავო საწარმო ჰეჯირებულ რისკად გან-საზღვრავს B და ჩ შვილობილ საწარმოს შორის სპოტ სავალუტო რისკს (ფუნტი სტერ-ლინგი/აშშ დოლარი), მაშინ ჩ შვილობილ საწარმოსთან დაკავშირებულ, სათავო საწარმოს უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვში აისახება მისი $300 მლნ ჰეჯირების ინ-სტრუმენტის ღირებულების ცვლილების მარტო ის ნაწილი, რომელიც გამოწვეულია ფუნტი სტერლინგი/აშშ დოლარი სავალუტო კურსის ცვლილებით. დანარჩენი ცვლილება (£159 მლნ-ის ცვლილების ეკვივალენტი, რომელსაც იწვევს ფუნტი სტერლინგი/ევრო სავალუტო კურსის ცვლილება) აისახება სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ მოგებაში ან ზარალში, როგორც აღნიშნული იყო მგ5 პუნქტში. ვინაიდან B და ჩ შვილობილ საწარმოს შორის აშშ დოლარი/ფუნტი სტერლინგი სავალუტო რისკის კლასიფიცირება ჰეჯირებად არ მოიცავს ფუნტი სტერლინგი/ევრო რისკს, სათავო საწარმოს ასევე შეუძლია B შვილობილ საწარმოში ფლობილი £500 მლნ ნეტო ინვესტიციის კლასიფიცირება ჰეჯირებისთვის. შესაბამისი რისკი იქნება სათავო და B შვილობილ საწარმოს შორის წარმოქმნილი სპოტ სავალუტო რისკი (ფუნტი სტერლინგი/ევრო).

B შვილობილ საწარმოს აქვს აშშ დოლარში გამოსახული ჰეჯირების ინსტრუმენტი

მგ13. დავუშვათ, B შვილობილ საწარმოს აქვს $300 მლნ გარედან აღებული ვალი, რომელიც სათავო საწარმოს გადაეცა კომპანიათაშორისი სესხის სახით, ფუნტ სტერლინგში გამო-სახული. ვინაიდან £159 მლნ-ით გაიზარდა როგორც მისი აქტივები, ასევე ვალდებულებები, B შვილობილი საწარმოს ნეტო აქტივები არ შეცვლილა. B შვილობილ საწარმოს თავის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში სურს გარე ვალის კლასიფიცირება, როგორც ჩ შვილობილ საწარმოში ფლობილი ნეტო ინვესტიციის ფუნტი სტერლინგი/აშშ დოლარი რისკის ჰეჯირება. სათავო საწარმოს სურს B შვილობილი საწარმოს მიერ განსაზღვრული ჰეჯირების ინსტრუმენტის კლასიფიკაციის შენარჩუნება, როგორც ჩ შვილობილ საწარმოში ფლობილი $300 მლნ ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება ფუნტი სტერლინგი/აშშ დოლარი რისკისთვის (იხ. მე-13 პუნქტი). სათავო საწარმოს ასევე სურს ფუნტ სტერლინგებში ფლობილი ჰეჯირების ინსტრუმენტის კლასიფიცირება, როგორც B შვილობილ საწარმოში ფლობილი მთლიანი £500 მლნ ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება. B შვილობილი საწარმოს მიერ კლასიფიცირებული პირველი ჰეჯირების ინსტრუმენტი შეფასდება B შვილობილი საწარმოს სამუშაო ვალუტაში (ფუნტი სტერლინგი) და მეორე  სათავო საწარმოს მიერ კლასიფიცირებული, სათავო საწარმოს სამუშაო ვალუტაში (ევრო). ასეთ შემთხვევაში, სათავო საწარმოს კონსოლიდი-რებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ჰეჯირებული იქნება (აშშ დოლარებში გამოსახული ჰეჯირების ინსტრუმენტით) მხოლოდ ჩ შვილობილ საწარმოში ფლობილი ნეტო ინვესტიციით განპირობებული ფუნტი სტერლინგი/აშშ დოლარი რისკი და არა მთელი ევრო/აშშ დოლარი რისკი. ამგვარად, სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში შესაძლებელია B შვილობილ საწარმოში ფლობილი £500 მლნ ნეტო ინვესტიციით გან-პირობებული მთელი ევრო/ფუნტი სტერლინგი რისკის ჰეჯირება.


მგ14. თუმცა, ასევე განსახილველია სათავო საწარმოს £159 მლნ სესხის აღრიცხვის საკითხი, რომელიც გადასახდელია B შვილობილი საწარმოსთვის. თუ სათავო საწარმოს მიერ გადასახდელი სესხი არ მიიჩნევა B შვილობილ საწარმოში ფლობილი ნეტო ინვესტიციის ნაწილად, რადგან არ აკმაყოფილებს ბასს 21-ის მე-15 პუნქტის პირობებს, გადაანგარიშებისას წარმოშობილი ფუნტი სტერლინგი/ევრო საკურსო სხვაობები უნდა აისახოს სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ მოგებაში ან ზარალში. თუ სათავო საწარმოს მიერ გადასახდელი სესხი მიიჩნევა B შვილობილ საწარმოში ფლობილი ნეტო ინვესტიციის ნაწილად, ეს ნეტო ინვესტიცია იქნება მხოლოდ £341 მლნ და თანხა, რომელიც სათავო საწარმოს შეუძლია კლასიფიცირებული ჰქონდეს ჰეჯირებულ მუხლად ფუნტი სტერლინგი/ევრო რისკისთვის, უნდა შემცირდეს £500 მლნ-დან £341 მლნ-დე, შესაბამისად.
 
 
ფასიკ 16

მგ15. თუ სათავო საწარმოს ჰეჯირების ურთიერთობა განსაზღვრული აქვს B შვილობილი საწარმოს მიხედვით, სათავო საწარმოს შეუძლია B შვილობილი საწარმოს $300 მლნ გარედან ნასესხები სახსრების კლასიფიცირება როგორც ჩ შვილობილ საწარმოში ფლობილი $300 მლნ ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება ევრო/აშშ დოლარი რისკისთვის და ფუნტ სტერ-ლინგებში გამოსახული თავისი ჰეჯირების ინსტრუმენტის კლასიფიცირება, როგორც ჰეჯირება მხოლოდ B შვილობილ საწარმოში ფლობილი £341 მლნ ნეტო ინვესტიციის. ასეთ შემთხვევაში, ორივე ჰეჯირების ეფექტურობა გამოითვლება სათავო საწარმოს სამუშაო ვალუტით (ევრო). შესაბამისად, როგორც აშშ დოლარი/ფუნტი სტერლინგის ცვლილებით განპირობებული B შვილობილი საწარმოს გარედან ნასესხები სახსრების ღირებულების ცვლილება, ასევე ფუნტი სტერლინგი/ევრო ცვლილებით გამოწვეული, სათავო საწარმოს მიერ B შვილობილი საწარმოსთვის გადასახდელი სესხის ღირებულების ცვლილებაც (მთლიანობაში ეკვივალენტურია აშშ დოლარი/ევრო ცვლილების) სათავო საწარმოს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აისახოს უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვში. ვინაიდან სათავო საწარმოს უკვე მთლიანად აქვს ჰეჯირებული ევრო/აშშ დოლარი რისკი, რომელიც წარმოშობილია ჩ შვილობილ საწარმოში ნეტო ინვესტიციის ფლობით, მას შეუძლია B შვილობილ საწარმოში ფლობილი ნეტო ინვესტიციიდან მხოლოდ £341 მლნ-მდე თანხის ჰეჯირება ევრო/ფუნტი სტერლინგი რისკისთვის.