ifric 13 ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 13

ifric13.pdf
View Download
ფასიკ 13

ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 13

მომხმარებელთა წახალისების პროგრამები


წყაროები


ფასს 13  `რეალური ღირებულების შეფასება

ბასს 8  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები.

ბასს 18  `ამონაგები.

ბასს 37  `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები.


ამოსავალი ინფორმაცია


1. მომხმარებელთა წახალისების პროგრამებს საწარმოები იმისთვის იყენებენ, რომ მომხმარებლები წაახალისონ, შეიძინონ მათი საქონელი ან მომსახურება. თუ მომხმარებელი ყიდულობს საქონელს ან მომსახურებას, საწარმო მომხმარებელს აძლევს სასაჩუქრე კრედიტებს (ხშირად უწოდებენ `ქულებს). მომხმარებელს სასაჩუქრე ქულების გადაცვლა შეუძლიათ, მაგალითად, უფასო ან ფასდაკლებით შეთავაზებულ საქონელზე ან მომსა-ხურებაზე.


2. ეს პროგრამები სხვადასხვაგვარად მოქმედებს. მომხმარებელს შეიძლება მოეთხოვოს სასა-ჩუქრე ქულების წინასწარ დადგენილი მინიმალური ღირებულების ან რაოდენობის დაგ-როვება, საჩუქარში გადაცვლამდე. სასაჩუქრე ქულა შეიძლება დაკავშირებული იყოს ინდივიდუალურ შესყიდვებთან ან შესყიდვების ჯგუფთან, ან მუდმივ კლინეტთან/მომხმა-რებელთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. საწარმოს თავად შეუძლია აამოქმედოს მომხმარებელთა წახალისების პროგრამა, ან მონაწილეობა მიიღოს მესამე მხარის მიერ ამოქმედებულ წახალისების პროგრამებში. შეთავაზებული საჩუქრები შეიძლება მოიცავდეს თვითონ საწარმოს მიერ მიწოდებულ საქონელს ან მომსახურებას და/ან მესამე მხარისგან საქონლის ან მომსახურების მოთხოვნის უფლებას.



მოქმედების სფერო


3. წინამდებარე ინტერპრეტაცია ეხება მომხმარებელთა წამახალისებელ სასაჩუქრე ქულებს:

ა) რომელსაც საწარმო ანიჭებს თავის მომხმარებელს, როგორც გაყიდვის ოპერაციის (ე.ი. საქონლის გაყიდვა, მომსახურების გაწევა, ან მომხმარებლის მიერ საწარმოს აქტივების გამოყენება) ნაწილს; და

ბ) იმ პირობით, თუ დაკმაყოფილებულია დამატებითი პირობები, მომხმარებლებს შეუძლიათ მომავალში მათი გამოსყიდვა საქონლის ან მომსახურების მიღებით, უფასოდ ან ფასდაკლებით.

ინტერპრეტაცია ეხება იმ საწარმოს აღრიცხვის წესებს, რომლებიც სასაჩუქრე ქულებს გასცემს თავის მომხმარებლებზე.
 


 
ფასიკ 13 სმ

განსახილველი საკითხები


4. მოცემულ ინტერპრეტაციაში განხილულია შემდეგი საკითხები:

ა) საწარმომ როგორ უნდა აღიაროს და შეაფასოს ვალდებულება, რომელიც ეხება მომავალში უფასო ან ფასდაკლებული საქონლის მიწოდებას ან მომსახურების გაწევას (`საჩუქრები):


(ი) გაყიდვების ოპერაციებიდან მიღებული ან მისაღები ზოგიერთი ანაზღაურება სასაჩუქრე ქულას მიეკუთვნოს და მომავალ პერიოდში გადაიტანოს ამონაგების აღიარება (ბასს 18-ის მე-13 პუნქტი); თუ

(იი) ანარიცხები შექმნას გათვალისწინებული საჩუქრების გაცემის მომავალი დანახარჯე-ბისთვის (ბასს 18-ის პუნქტი 19); და

ბ) თუ ანაზღაურება სასაჩუქრე ქულებს მიეკუთვნება:

(ი) რა რაოდენობის ანაზღაურება უნდა მიეკუთვნოს მათ;

(იი) როდის უნდა აღიარდეს ამონაგები; და

(იიი) თუ მესამე მხარე გასცემს მომხმარებელზე საჩუქრებს, როგორ უნდა შეფასდეს ამონაგები.

კონსენსუსი


5. საწარმომ უნდა გამოიყენოს ბასს 18-ის მე-13 პუნქტი და სასაჩუქრე ქულები ასახოს როგორც გაყიდვის იმ ოპერაციის (ოპერაციების) ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი კომპონენტი, რომლის დროსაც ისინი გაიცა (`საწყისი გაყიდვა). საწყის გაყიდვასთან დაკავშირებით მიღებული ან მისაღები ანაზღაურების რეალური ღირებულება უნდა განაწილდეს სასაჩუქრე ქულებსა და გაყიდვის სხვა კომპონენტებს შორის.

6. სასაჩუქრე ქულებზე მიკუთვნებული ანაზღაურება უნდა შეფასდეს მათი რეალური ღირებულებით, ანუ იმ თანხით, რომელი თანხითაც გაიყიდებოდა სასაჩუქრე ქულები ინდივიდუალურად.


7. თუ საწარმო თავად იძლევა საჩუქრებს, მან სასაჩუქრე ქულებზე მიკუთვნებული ანაზღაურება მაშინ უნდა აღიაროს როგორც ამონაგები, როდესაც სასაჩუქრე ქულები დაიფარება და საწარმო შეასრულებს საჩუქრების გაცემის ვალდებულებებს. აღიარებული ამონაგების თანხა უნდა ეყრდნობოდეს სასაჩუქრე ქულების იმ რაოდენობას, რომელიც დაიფარა საჩუქრებით, მთლიან რაოდენობასთან მიმართებაში, რომლის დაფარვაც მოსალოდნელია.

8. თუ მესამე მხარე იძლევა საჩუქრებს, საწარმომ უნდა განსაზღვროს, თავად არის სასაჩუქრე ქულებზე მიკუთვნებული ანაზღაურების მიმღები (ე.ი ოპერაციის პრინციპალი), თუ მესამე მხარის სახელით იღებს სასაჩუქრე ქულებზე მიკუთვნებულ ანაზღაურებას (ე.ი. მოქმედებს როგორც მესამე მხარის აგენტი).

ა) თუ საწარმო ანაზღაურებას იღებს მესამე მხარის სახელით, მან უნდა:

(ი) შეაფასოს თავისი ამონაგები როგორც წმინდა თანხა, ე.ი. როგორც სასაჩუქრე ქულებზე მიკუთვნებულ ანაზღაურებასა და საჩუქრების მოწოდებისთვის მესამე მხარისათვის გადასახდელ თანხას შორის სხვაობა; და

(იი) აღიაროს ეს წმინდა თანხა როგორც ამონაგები, როდესაც მესამე მხარე ვალდებული ხდება საჩუქრების გაცემაზე და უფლებამოსილია, მიიღოს ანაზღაურება ამის გამო. აღნიშნული მოვლენები შეიძლება მაშინვე მოხდეს, როგორც კი სასაჩუქრე ქულები გაიცემა. მეორე მხრივ, თუ მომხმარებელს არჩევანის უფლება აქვს, საჩუქრები მოითხოვოს ან საწარმოსაგან, ან მესამე მხარისაგან, ამგვარი მოვლენები შეიძლება მხოლოდ მაშინ მოხდეს, როდესაც მომხმარებელი ირჩევს საჩუქრების მოთხოვნას მესამე მხარისაგან;
 

 
ფასიკ 13

ბ) თუ საწარმო თავად იღებს ანაზღაურებას, მან თავისი ამონაგები უნდა შეაფასოს როგორც სასაჩუქრე ქულებზე მიკუთვნებული ბრუტო ანაზღაურება და ამონაგები მაშინ უნდა აღიაროს, როდესაც შეასრულებს თავის ვალდებულებებს, საჩუქრების გაცემასთან დაკავშირებით.


9. თუ ნებისმიერ დროს მოსალოდნელია, რომ საჩუქრების გაცემის ვალდებულებების გარდაუვალი დანახარჯები გადააჭარბებს მიღებულ და მომავალში მისაღებ ანაზღაურებას (ანუ თავდაპირველი გაყიდვისას სასაჩუქრე ქულებზე მიკუთვნებულ ანაზღაურებას, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აღიარებული როგორც ამონაგები, პლუს ნებისმიერი შემდგომში მისაღები დამატებითი ანაზღაურება, როდესაც მომხმარებელი გამოიყენებს სასაჩუქრე ქულებს), ეს იმას ნიშნავს, რომ საწარმოს გააჩნია წამგებიანი კონტრაქტები. ამ ნამეტი თანხისთვის უნდა აღიარდეს ვალდებულება ბასს 37-ის შესაბამისად. ამგვარი ვალდებულების აღიარების საჭიროება შეიძლება მაშინ წარმოიშვას, თუ საჩუქრების გაცემის მოსალოდნელი დანახარჯები იზრდება. მაგალითად, თუ საწარმო გადასინჯავს და შეასწორებს სასაჩუქრე ქულების იმ რაოდენობას, რომლის დაფარვაც მოსალოდნელია.



ძალაში შესვლის თარიღი


10. საწარმომ წინამდებარე ინტერპრეტაცია უნდა გამოიყენოს წლიური პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება 2008 წლის 1 ივლისს ან მის შემდეგ. დასაშვებია ვადაზე ადრე გამოყენებაც. თუ საწარმო ამ ინტერპრეტაციას 2008 წლის 1 ივლისამდე დაწყებული პერიოდისთვის გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

10ა. მგ2 პუნქტი შეიცვალა 2010 წლის მაისში გამოცემული დოკუმენტის  `ფასს-ების გაუმჯო-ბესება. საწარმომ ეს ცვლილება უნდა გამოიყენოს 2011 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებულ წლიურ პერიოდებში. ნებადართულია ვადაზე ადრე გამოყენება. თუ საწარმო ზემოაღნიშნულ ცვლილებას 2011 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ პერიოდებში გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტროს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში

10ბ. 2011 წლის მაისში გამოცემულმა ფასს 13-მა  `რეალური ღირებულების შეფასება  გამო-იწვია მე-6 და მგ1მგ3 პუნქტების შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 13-ს.

11. სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები უნდა აისახოს ბასს 8-ის შესაბამისად.
 

 
ფასიკ 13 სმ

დანართი

მითითებები გამოყენებაზე

დანართი ინტერპრეტაციის განუყოფელი ნაწილია.


სასაჩუქრე ქულების რეალური ღირებულების შეფასება

მგ1. კონსენსუსის მე-6 პუნქტი მოითხოვს, რომ სასაჩუქრე ქულებზე მიკუთვნებული ანაზღაურება შეფასდეს მათი რეალური ღირებულების მიხედვით. თუ არ არსებობს იდენტური სასაჩუქრე ქულების კოტირებული საბაზრო ფასი, რეალური ღირებულება უნდა შეფასდეს შეფასების რომელიმე სხვა მეთოდით.

მგ2. საწარმოს სასაჩუქრე ქულების რეალური ღირებულების გამოთვლა შეუძლია იმ საჩუქრების რეალური ღირებულების მიხედვით, რომელზეც ქულები იცვლება. სასაჩუქრე ქულების რეალურ ღირებულებაში გაითვალისწინება, საჭიროებისმაბერ:

ა) ფასდაკლების თანხა, ან იმ საჩუქრების ღირებულება, რომელიც შეთავაზებული იქნება მომხმარებლისთვის, რომელსაც არ დაუმსახურებია სასაჩუქრე ქულები თავდაპირველი გაყიდვისას;

ბ) ისეთი სასაჩუქრე ქულების ხვედრითი წილი, რომლის გაცვლა საჩუქრებზე მოსალოდნელი არაა მომხმარებლების მიერ; და

გ) ვალდებულების შეუსრულებლობის რისკი.

თუ მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანის გაკეთება განსხვავებული საჩუქრების ასორ-ტიმენტიდან, სასაჩუქრე ქულების რეალური ღირებულება ასახავს საჩუქრების ხელმისაწ-ვდომი ასორტიმენტის რეალურ ღირებულებას, რომელიც შეწონილია თითოეული საჩუქრის შერჩევის მოსალოდნელი სიხშირის პროპორციულად.

მგ3. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება სხვა შეფასების მეთოდების გამოყენება, მაგალითად, თუ მესამე მხარე უზრუნველყოფს საჩუქრებს და საწარმო მესამე მხარეს უხდის თითოეული გაცემული სასაჩუქრე ქულისთვის, სასაჩუქრე ქულების რეალური ღირებულების გამოთვლა შესაძ-ლებელია იმ თანხის მიხედვით, რასაც საწარმო მესამე მხარეს უხდის, რომელსაც დამატებული ექნება მოგების მარჟის მისაღები სიდიდე. საწარმოს ხელმძღვანელობამ უნდა იმსჯელოს და ისე გადაწყვიტოს, შეფასების რომელ მეთოდს შეარჩევს და გამოიყენებს, რათა დააკმაყოფილოს კონსენსუსის მე-6 პუნქტის მოთხოვნები და გამოყენებული შეფასების მეთოდი ყველაზე მეტად შეეფერებოდეს მოცემულ კონკრეტულ სიტუაციას.