ifric 02 ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 2

ifric02.pdf
View Download
ფასიკ 2

ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 2

კოოპერაციული საწარმოების წევრების წილები და მსგავსი ინსტრუმენტები



წყაროები


ფასს 9  `ფინანსური ინსტრუმენტები~.

ფასს 13  `რეალური ღირებულების შეფასება~.

ბასს 32  `ფინანსური ინსტრუმენტები: განმარტებითი შენიშვნები და წარდგენა~ (შესწო-რებული 2003 წელს)1.


ამოსავალი ინფორმაცია


1. კოოპერატივებსა და სხვა მსგავს საწარმოებს ქმნიან პიროვნებათა ჯგუფები საერთო ხასიათის ეკონომიკური ან სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ეროვნულ კანონებში, როგორც წესი, კოოპერატივს განმარტავენ, როგორც საზოგადოებას, რომლის მიზანია წევრების ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობა ერთობლივი სამეწარმეო საქმი-ანობის გზით (თვითდახმარების პრინციპი). კოოპერაციულ საწარმოთა წევრების წილებს ხშირად ახასიათებენ, როგორც წევრების წილებს, პაის და სხვ. ამ დოკუმენტში კოოპე-რაციულ საწარმოთა წევრების წილების აღსანიშნავად გამოვიყენებთ `წევრების წილებს~.

2. ბასს 32 ადგენს ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციის პრინციპებს ფინანსურ ვალდებულებებად ან საკუთარ კაპიტალად (წილობრივ ინსტრუმენტებად). კერძოდ, ეს პრინციპები გამოიყენება დაბრუნებადი ინსტრუმენტებისათვის, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს, ეს ინსტრუმენტები ემიტენტს გაუცვალოს ნაღდ ფულზე ან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტზე. ამ პრინციპების გამოყენება კოოპერაციულ საწარმოთა წევრების წილებისა და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების მიმართ რთულია. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ზოგიერთმა ამომრჩეველმა ითხოვა, აეხსნათ მათთვის, როგორ შეიძლება ბასს 32-ის პრინციპების გამოყენება წევრების წილებისა და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების მიმართ, რომელთაც გარკვეული მახასიათებლები ექნებათ და რა პირობებში შეიძლება ახდენდეს გავლენას ეს მახასიათებლები ინსტრუმენტების ვალდებულებებად ან საკუთარ კაპიტალად კლასიფიცირებაზე.


1. 2005 წლის აგვისტოში ბასს 32 შეცვალა ბასს 32-მა  `ფინნასური ინსტრუმენტები: წარდგენა~. 2008 წლის თებერვალში ბასსს-მა ბასს 32-ში ცვლილებები შეიტანა და მოითხოვა ინსტრუმენტების კლასიფიცირება წილობრივ ინსტრუმენტად, თუ ამ ინსტრუმენტებს აქვთ ყველა ნიშანი და აკმაყოფილებენ ბასს 32-ის 16ა და 16ბ, ან 16გ და 16დ პუნქტებში აღწერილ პირობებს.
 

ფასიკ 2


მოქმედების სფერო


3. წინამდებარე ინტერპრეტაცია გამოიყენება ბასს 32-ის მოქმედების სფეროში მყოფი ფინანსური ინსტრუმენტებისათვის, მათ შორის კოოპერაციული საწარმოების წევრე-ბისათვის გამოშვებული ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებისათვის, რომლებიც ადასტურებს წევრების საკუთრების წილს საწარმოში. ეს ინტერპრეტაცია არ გამოიყენება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებისათვის, რომლებიც დაიფარება ან შეიძლება დაიფაროს საწარ-მოს საკუთარი წილობრივი ინსტრუმენტებით.


განსახილველი საკითხი


4. ბევრ ფინანსურ ინსტრუმენტს, მათ შორის წევრების წილებს საკუთარი კაპიტალის ნიშნები ახასიათებს, მათ შორის, ხმის მიცემის უფლებები და დივიდენდების განაწილებაში მონაწილეობის უფლებები. ზოგიერთი ფინანსური ინსტრუმენტი მის მფლობელს უფლებას აძლევს, მოითხოვოს ინსტრუმენტის გამოსყიდვა ნაღდD ფულზე ან სხვა ფინანსურ აქტივზე გაცვლით, მაგრამ შეიძლება ითვალისწინებდეს ან ექვემდებარებოდეს გარკვეულ შეზღუდვებს იმასთან დაკავშირებით, მოხდება თუ არა ფინანსური ინსტრუმენტების გამოსყიდვა. როგორ უნდა შეფასდეს გამოსყიდვის ამგვარი პირობები, როდესაც საწარმო განსაზღვრავს, როგორი კლასიფიკაცია უნდა მიენიჭოს მას  ვალდებულების თუ საკუთარი კაპიტალის (წილობრივი ინსტრუმენტის)?



კონსენსუსი


5. ფინანსური ინსტრუმენტის (მათ შორის კოოპერაციულ საწარმოთა წევრების წილების) მფლობელის სახელშეკრულებო უფლება, მოითხოვოს ინსტრუმენტის გამოსყიდვა, თავისთავად არ არის იმის მოთხოვნა, რომ ფინანსური ინსტრუმენტის კლასიფიცირება მოხდეს ფინანსურ ვალდებულებად. საწარმომ უნდა განიხილოს ფინანსური ინსტრუმენტის ყველა ვადა და პირობა, როდესაც მას ფინანსური ვალდებულების ან წილობრივი ინსტრუმენტის კლასიფიკაციას ანიჭებს. აღნიშნული ვადები და პირობები მოიცავს შესაბამის ადგილობრივ კანონებს, სხვა ნორმატიულ აქტებსა და საწარმოს წესდებას, რომლებიც მოქმედებაშია კლასიფიკაციის განსაზღვრის თარიღისათვის და არა ამ კანონებში, სხვა ნორმატიულ აქტებსა თუ ერთეულის წესდებაში მომავალში შესატან მოსალოდნელ შესწორებებს.


6. წევრების ის წილები, რომლებიც წილობრივ ინსტრუმენტად უნდა ოყოს კლასიფიცირებული თუ წევრებს არ ექნებათ გამოსყიდვის მოთხოვნის უფლება, არის წილობრივი ინსტრუმენტი (საკუთარი კაპიტალი), თუ მე-7 და მე-8 პუნქტებში აღწერილი პირობები არსებობს, ან წევრების წილებს ახასიათებთ ბასს 32-ის 16ა და 16ბ, ან 16გ და 16დ პუნქტებში აღწერილი ყველა მახასიათებელი და აკმაყოფილებენ ამ პუნქტების ყველა პირობას. მოთხოვნამდე დეპოზიტები, მათ შორის მიმდინარე საბანკო ანგარიშები, სადეპოზიტო ანგარიშები და მსგავსი კონტრაქტები, რომლებიც მაშინ წარმოიშობა, როდესაც წევრები მომხმარებლების როლში გამოდიან, არის საწარმოს ფინანსური ვალდებულებები.


7. წევრების წილები არის საკუთარი კაპიტალი, თუ საწარმოს აქვს წევრების წილების გამოსყიდვაზე უარის თქმის უპირობო უფლება.

8. ადგილობრივ კანონს, სხვა ნორმატიულ აქტსა თუ საწარმოს წესდებას შეუძლია შემოიღოს სხვადასხვა ტიპის აკრძალვები წევრების წილების გამოსყიდვაზე, მაგ., უპირობო აკრძალვა ან ლიკვიდობის კრიტერიუმებზე დაყრდნობილი აკრძალვა. თუ გამოსყიდვა უპირობოდ იკრძალება ადგილობრივი კანონით, ნომატიული აქტით თუ საწარმოს წესდებით, მაშინ წევრების წილები საკუთარი კაპიტალია. თუმცა, თუ ადგილობრივი კანონის, ნორმატიული აქტის ან საწარმოს წესდების დებულებები გამოსყიდვას მხოლოდ მაშინ კრძალავს, თუ გარკვეული პირობები, როგორიცაა ლიკვიდობა, სრულდება (ან არ სრულდება), ეს წევრების წილებს საკუთარ კაპიტალად არ ხდის.
 

ფასიკ 2

9. უპირობო აკრძალვა შეიძლება აბსოლუტური იყოს, იმ თვალსაზრისით, რომ ყველანაირი გამოსყიდვა იკრძალებოდეს. უპირობო აკრძალვა შეიძლება იყოს ნაწილობრივი, იმ თვალსაზრისით, რომ წევრების წილების გამოსყიდვას მაშინ კრძალავდეს, თუ გამოსყიდვა გამოიწვევს წევრების წილების რაოდენობის, ან წევრების მიერ მთლიანად ანაზღაურებული წილების ნაწილის შემცირებას წინასწარ დადგენილ დონეზე დაბლა. წევრების წილები, რომლებიც გამოსყიდვის აკრძალვის ზღვარს აჭარბებს, ვალდებულებებია, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც საწარმოს გამოსყიდვაზე უარის თქმის უპირობო უფლება აქვს, როგორც მე-7 პუნქტში იყო აღწერილი, ან წევრების წილებს ახასიათებთ ბასს 32-ის 16ა და 16ბ, ან 16გ და 16დ პუნქტებში აღწერილი ყველა მახასიათებელი და აკმაყოფილებენ ამ პუნქტების ყველა პირობას. ზოგ შემთხვევაში, წილების ის რაოდენობა ან მთლიანად გადახდილი კაპიტალის თანხის სიდიდე, რომელიც გამოსყიდვის აკრძალვას ექვემდებარება, შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. გამოსყიდვის აკრძალვაში მომხდარი ამგვარი ცვლილება ფინანსური ვალდებულებებისა და წილობრივი ელემენტების ერთმანეთში გადანაცვლებას იწვევს.



10. თავდაპირველი აღიარების დროს, საწარმო რეალური ღირებულებით აფასებს გამოსყიდვის ფინანსურ ვალდებულებას. წევრების ისეთი წილების შემთხვევაში, რომელთაც გამოსყიდვის პარამეტრი ახასიათებს, საწარმო აფასებს გამოსყიდვის ფინანსური ვალდებულების რეალურ ღირებულებას. რეალური ღირებულება არ უნდა იყოს იმ მაქსიმალურ თანხაზე ნაკლები, რომელიც გადასახდელია საწარმოს წესდების გამოსყიდვის დებულებებით ან შესაფერისი კანონით და დისკომტირებულია პირველივე თარიღიდან, როდესაც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მისი გადახდა (იხ. მაგალითი 3).


11. როგორც ბასს 32-ის 35-ე პუნქტით მოითხოვება, წილობრივი ინსტრუმენტების მფლობე-ლებზე შემოსავლების განაწილება აღიარდება პირდაპირ საკუთარ კაპიტალში. პროცენტი, დივიდენდები და ფინანსური ვალდებულებად კლასიფიცირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული სხვა სახის შემოსავლები წარმოადგენს ხარჯებს, იმის მიუხედავად, გადახდილი თანხები იურიდიულად დივიდენდები იქნება, პროცენტი თუ სხვა რამ.

12. დანართში, რომელიც წინამდებარე კონსენსუსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, განხი-ლულია ამ კონსენსუსის გამოყენების მაგალითები.

განმარტებითი შენიშვნები


13. როდესაც გამოსყიდვის აკრძალვაში მომხდარი ცვლილება ფინანსური ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის ელემენტების ერთმანეთში გადანაცვლებას იწვევს, საწარმომ ცალ-ცალკე უნდა განმარტოს ამგვარი მოძრაობის ამსახველი თანხა, დრო და მიზეზი.

ძალაში შესვლის თარიღი


14. ამ ინტერპრეტაციის ძალაში შესვლის თარიღი და გარდამავლი მოთხოვნები ისეთივეა, როგორიც ბასს 32-ის (შესწორებული 2003 წელს). საწარმომ ეს ინტერპრეტაცია უნდა გამოიყენოს წლიური პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება 2005 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ. თუ საწარმო ამ ინტერპრეტაციას 2005 წ. 1 იანვრამდე გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში. ინტერპრეტაცია გამოიყენება რეტროსპექტულად.


14ა. საწარმომ მე-6, მე-9, დ1 და დ12 პუნქტებში შესული ცვლილებები უნდა გამოიყენოს წლიური პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება 2009 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ. თუ საწარმო უფრო ადრინდელი პერიოდიდან იყენებს 2008 წლის თებერვალში გამოცემულ ბასს 32-სა და ბასს 1-ში შეტანილ ცვლილებებს  `დაბრუნებადი ფინანსური ინსტრუმენტები და ლიკვიდა-ციასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ვალდებულებები~, იმავე პერიოდიდან უნდა გამოიყენოს ზემოაღნიშნული ცვლილებებიც.
 


ფასიკ 2

15. [გაუქმებულია]

16. 2011 წლის მაისში გამოცემულმა ფასს 13-მა გამოიწვია დ8 პუნქტის შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილება იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 13-ს.

17. 2012 წლის მაისში გამოცემულმა დოკუმენტმა  `ფასს-ების ყოველწლიური გაუმჯობესება, 20092011 წლების ციკლი~  გამოიწვია მე-11 პუნქტის შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილება უნდა გამოიყენოს რეტროსპექტულად ბასს 8-ის მოთხოვნების შესაბამისად, 2013 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისთვის. თუ საწარმო ზემოაღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ბასს 32-ში შეტანილ ცვლილებებს უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, მან იმავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს მე-11 პუნქტში შეტანილი ცვლილებაც.


18. ფასს 9-ის 2013 წლის შეცვლილმა ვერსიამ გამოიწვია დ8 და დ10 პუნქტების შეცვლა და მე-15 პუნქტის გაუქმება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 9-ის 2013 წლის შეცვლილ ვერსიას.
 

ფასიკ 2

დანართი

კონსენსუსის გამოყენების მაგალითები


წინამდებარე დანართი ინტერპრეტაციის განუყოფელი ნაწილია.


დ1. დანართში განხილულია ფასიკ-ის კონსენსუსის გამოყენების შვიდი მაგალითი. მაგალითების სია არ არის ამომწურავი. შესაძლებელია სხვა მაგალითების არსებობაც. თითოეულ მაგა-ლითში იგულისხმება, რომ მაგალითში მოცემული ფაქტების გარდა არ არსებობს სხვა ისეთი პირობები, რომლებიც მოითხოვდა ფინანსური ინსტრუმენტის კლასიფიცირებას ფინანსურ ვალდებულებად და ამ ფინანსურ ინსტრუმენტს არ ახასიათებს ბასს 32-ის 16ა და 16ბ, ან 16გ და 16დ პუნქტებში აღწერილი ყველა მახასიათებელი და არ აკმაყოფილებს ამ პუნქტების ყველა პირობას.


გამოსყიდვაზე უარის თქმის უპირობო უფლება (მე-7 პუნქტი)


მაგალითი 1

ფაქტები

დ2. საწარმოს წესდებაში აღნიშნულია, რომ გამოსყიდვა ხდება მხოლოდ საწარმოს შეხედუ-ლებისამებრ. წარსულში საწარმოს არასდროს უთქვამს უარი წევრების წილების გამოს-ყიდვაზე, თუმცა ხელმძღვანელ ორგანოს ამის უფლება აქვს.

კლასიფიკაცია

დ3. საწარმოს აქვს გამოსყიდვაზე უარის თქმის უპირობო უფლება და ამიტომ წევრების წილები საკუთარი კაპიტალია. ბასს 32 ადგენს კლასიფიკაციის პრინციპებს, რომლებიც ფინანსური ინსტრუმენტის პირობებს ეყრდნობა. სტანდარტში აღნიშნულია, რომ დივიდენდების ნებაყო-ფლობითი (საკუთარი შეხედულებისამებრ) გადახდის წარსული გამოცდილება ან განზრახვა არ იწვევს ვალდებულების კლასიფიკაციას. ბასს 32-ის მგ 26-ე პუნქტში აღნიშნულია:

როდესაც პრივილეგიური აქციები გამოსყიდვას არ ექვემდებარება, მისთვის შესაფერისი კლასიფიკაცია უნდა განისაზღვროს აქციების სხვა უფლებების მიხედვით, რომლებიც მათ ახ-ლავს. კლასიფიკაცია ეფუძნება სახელშეკრულებო შეთანხმების შინაარსს და ფინანსური ვალ-დებულებისა და წილობრივი ინსტრუმენტის განმარტებებს. როდესაც ემიტენტი პრივილეგიური აქციების მფლობელებზე (მიუხედავად იმისა, აქციები კუმულაციურია თუ არაკუმულაციური) დივიდენდებს საკუთარი შეხედულებისამებრ ანაწილებს, აქციები წილობრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს. პრივილეგიური აქციების კლასიფიკაცია წილობრივ ინსტრუმენტად ან ფინან-სურ ვალდებულებად დამოკიდებული არ არის, მაგალითად:

ა) დივიდენდების განაწილების წარსულ გამოცდილებაზე;

ბ) მომავალში დივიდენდების განაწილების განზრახვაზე;

გ) ემიტენტის ჩვეულებრივი აქციების ფასზე შესაძლო ნეგატიურ ზემოქმედებაზე (იმის გამო, რომ შეზღუდულია დივიდენდების გადახდა ჩვეულებრივ აქციებზე, თუ პირველ რიგში პრივილეგიურ აქციებზე არ განაწილდება დივიდენდები) დივიდენდების არგანაწილების გამო;

დ) ემიტენტის რეზერვების ოდენობაზე;

ე) ემიტენტის მოლოდინზე საანგარიშგებო პერიოდში მისაღებ მოგებაზე ან ზარალზე; ან

ვ) ემიტენტის უნარზე ან უუნარობაზე, გავლენა მოახდინოს საანგარიშგებო პერი- ოდის მოგებისა თუ ზარალის ოდენობაზე.
 

ფასიკ 2

მაგალითი 2

ფაქტები

დ4. საწარმოს წესდებაში აღნიშნულია, რომ გამოსყიდვა ხდება მხოლოდ საწარმოს შეხედუ-ლებისამებრ. თუმცა, ამის შემდეგ წესდებაში ჩაწერილია, რომ გამოსყიდვის მოთხოვნის დამტკიცება ავტომატურად ხდება, თუ საწარმოს შეუძლია ისე გადაიხდოს, რომ ლიკვიდობის ან რეზერვების შესახებ არსებული ადგილობრივი მარეგულირებელი ნორმები არ დაარ-ღვიოს.

კლასიფიკაცია

დ5. საწარმოს არა აქვს გამოსყიდვაზე უარის თქმის უპირობო უფლება და ამიტომ წევრების წილები ფინანსური ვალდებულებაა. ზემოთ აღწერილი შეზღუდვები ეყრდნობა საწარმოს უნარს, დაფაროს თავისი ვალდებულება. შეზღუდვა მხოლოდ მაშინ კრძალავს გამოსყიდვას, თუ ლიკვიდობის ან რეზერვისთვის დადგენილი მოთხოვნები არ სრულდება და, მაშასადამე, მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ეს პირობები არ შესრულდება. ამგვარად, ბასს 32-ის პრინ-ციპების თანახმად, ისინი არ იწვევს ფინანსური ინსტრუმენტის კლასიფიცირებას წილობრივ ინსტრუმენტად (საკუთარ კაპიტალად). ბასს 32-ის მგ 25-ე პუნქტში აღნიშნულია:


სპრივილეგიური აქციები შეიძლება გამოშვებულ იქნეს სხვადასხვა უფლებით. პრივილეგი-ური აქციების ვალდებულებად და საკუთარ კაპიტალად კლასიფიცირების დროს, საწარ-მომ უნდა შეაფასოს აქციებთან დაკავშირებული განსაკუთრებული უფლებები იმის დასად-გენად, თუ როგორ გამოვლინდება ფინანსური ვალდებულების ძირითადი მახასიათებლე-ბი. მაგალითად, პრივილეგიური აქცია, რომელიც გამოსყიდვას ითვალისწინებს გარკვეუ-ლი თარიღისათვის ან მფლობელის არჩევანით, აკმაყოფილებს ფინანსური ვალდებულების განმარტებას, რადგან ემიტენტი ვალდებულია აქციის მფლობელს გადასცეს ფინანსური აქ-ტივები. სახსრების უკმარისობის, საკანონმდებლო შეზღუდვის, ან არასაკმარისი მოგების ან რეზერვების გამო, ემიტენტის მიერ პრივილეგიური აქციების გამოსყიდვის ვალდებუ-ლების შესრულების პოტენციური უუნარობა  წილები მაშინ გამოისყიდოს, როდესაც ხელშეკრულებით მოითხოვება  არ იწვევს ვალდებულების გაუქმებას (ხაზგასმა დამატებულია).


გამოსყიდვის აკრძალვა (მე- 8 და მე-9 პუნქტები)


მაგალითი 3

ფაქტები

დ6. კოოპერაციულ საწარმოს თავისი წევრებისათვის გამოშვებული აქვს წილები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თანხის:

ა) 20X1 წლის 1 იანვარი 100,000 აქცია, თითოეული 10 ფე (1,000,000 ფე);

ბ) 20X2 წლის 1 იანვარი 100,000 აქცია, თითოეული 20 ფე (კიდევ 2,000,000 ფე, ასე, რომ მთლიანად გამოშვებული წილები შეადგენს 3,000,000 ფე-ს).

წილები გამოსყიდვას ექვემდებარება მოთხოვნისთანავე იმავე თანხით, როგორც გამოშ-ვებული იყო.

დ7. საწარმოს წესდებაში აღნიშნულია, რომ მთლიანმა გამოსყიდვამ არ უნდა გადააჭარბოს ოდესმე მიმოქცევაში გაშვებული წევრების წილების უდიდესი რაოდენობის 20 პროცენტს. 20X2 წლის 31 დეკემბერს საწარმოს მიმოქცევაში გაშვებული აქვს 200,000 აქცია. ეს ციფრი არის წევრების წილების უდიდესი რაოდენობა, რაც კი ოდესმე მიმოქცევაში ყოფილა გაშვებული. წარსულში არ ყოფილა გამოსყიდული არც ერთი წილი. 20X3 წლის 1 იანვარს საწარმო ცვლის თავის წესდებას და ზრდის გამოსყიდვის დასაშვებ დონეს, ოდესმე მიმოქცევაში გაშვებული წევრების წილების უდიდესი რაოდენობის 25 პროცენტამდე.
 


ფასიკ 2

კლასიფიკაცია

წესდების შეცვლამდე

დ8. წევრების წილები, რომლებიც აღემატება გამოსყიდვის აკრძალულ დონეს, ფინანსური ვალ-დებულებებია. კოოპერაციული საწარმო თავის ფინანსურ ვალდებულებას აფასებს რეალური ღირებულებით თავდაპირველი აღიარებისას. ვინაიდან ეს წილები მოთხოვნისთანავე ექვემ-დებარება გამოსყიდვას, კოოპერაციული საწარმო ამგვარი ფინანსური ვალდებულებების რეალურ ღირებულებას ისე განსაზღვრავს, როგორც მოთხოვება ფასს 13-ის 47-ე პუნქტით, სადაც აღნიშნულია: `მოთხოვნამდე მახასიათებლის მქონე ფინანსური ვალდებულების (მაგ., მოთხოვნამდე დეპოზიტის) რეალური ღირებულება არ შეიძლება იყოს მოთხოვნის მომენტში გადასახდელ თანხაზე ნაკლები~. შესაბამისად, კოოპერაციული საწარმო ფინანსური ვალდებულებების კლასიფიკაციას ანიჭებს იმ მაქსიმალურ თანხას, რომელიც გადასახდელია მოთხოვნისთანავე, გამოსყიდვის დებულებების თანახმად.


დ9. 20X1 წლის 1 იანვარს გამოსყიდვის პირობებით გადასახდელი მაქსიმალური თანხა შეადგენს 20,000 აქციას, თითოეული 10 ფე-ის ღირებულების და, შესაბამისად, საწარმო 200,000 ფე-ს ანიჭებს ფინანსური ვალდებულების კლასიფიკაციას და 800,000 ფე-ს  საკუთარი კაპიტალის კლასიფიკაციას. ამასთან, 20X2 წლის 1 იანვარს 20 ფე-ის ღირე-ბულების მქონე წილების ახალი ემისიის გამო, გამოსყიდვის პირობების თანახმად, მაქსიმალური გადასახდელი თანხა გაიზარდა 40,000 აქციამდე, თითოეულის ღირებულება 20 ფე. 20 ფე-ის ღირებულების მქონე წილების დამატებითი ემისია წარმოქმნის ახალ ვალდებულებას, რომელიც თავდაპირველი აღიარებისას რეალური ღირებულებით ფასდება. ამ წილების გამოშვების შემდეგ ვალდებულება არის მთლიანი გამოშვებული წილების 20 პროცენტი (200,000), 20 ფე შეფასებით, ან 800,000 ფე. ეს მოითხოვს 600,000 ფე-ის სიდიდის დამატებითი ვალდებულების აღიარებას. ამ მაგალითში შემოსულობა ან ზარალი არ აღიარდება. შესაბამისად, საწარმო ახლა 800,000 ფე-ს ანიჭებს ფინანსური ვალდებულებების კლასიფიკაციას და 2,200,000 ფე-ს  საკუთარი კაპიტალისას. ამ მაგალითში იგულისხმება, რომ ეს თანხები არ შეცვლილა 20X1 წლის 1 იანვრიდან 20X2 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში.

წესდების შეცვლის შემდეგ

დ10. წესდების შეცვლის შემდეგ კოოპერაციულ საწარმოს უკვე შეიძლება მოეთხოვოს მიმოქცევაში გაშვებული წილების მაქსიმუმ 25 %-ის გამოსყიდვა ანუ მაქსიმუმ 50,000 აქციის გამოსყიდვა, რომელთაგან თითოეულს 20 ფე ღირებულება აქვს. შესაბამისად, 20X3 წლის 1 იანვარს კოოპერაციული საწარმო, ფასს 9-ის 5.4.3 პუნქტის შესაბამისად, 1,000,000 ფე-ს ანიჭებს ფინანსური ვალდებულებების კლასიფიკაციას, რომელიც გამოსყიდვის პირობების თანახმად წარმოადგენს მოთხოვნისთანავე გადასახდელ მაქსიმალურ თანხას. ამგვარად, 20X3 წლის 1 იანვარს საწარმოს საკუთარი კაპიტალიდან ფინანსურ ვალდებულებებში გადააქვს 200,000 ფე თანხა, ხოლო 2,000,000 ფე-ს ტოვებს საკუთარ კაპიტალად კლასიფიცირებულს. ამ მაგალითში საწარმო თანხების გადატანის დროს არ აღიარებს შემოსულობას ან ზარალს.


მაგალითი 4

ფაქტები

დ11. კოოპერაციული საწარმოების მარეგულირებელი ადგილობრივი კანონი ან საწარმოს წესდების პირობები საწარმოს უკრძალავს წევრების წილების გამოსყიდვას, თუ გამოსყიდვის შედეგად მთლიანად გადახდილი წილების ღირებულება შემცირდება მთლიანად გადახდილი წილების მაქსიმალური თანხის 75 %-ზე მეტად. განსახილველი კოოპერაციული საწარმოს მთლიანად გადახდილი სააქციო კაპიტალის უდიდესი თანხა შეადგენს 1,000,000 ფე-ს. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მთლიანად გადახდილი წილების ნაშთი იყო 900,000 ფე.
 

ფასიკ 2

კლასიფიკაცია

დ12. ამ შემთხვევაში, 750,000 ფე-ს უნდა მიენიჭოს საკუთარი კაპიტალის კლასიფიკაცია და 150,000 ფე-ს  ფინანსური ვალდებულებების. უკვე ციტირებული პუნქტების გარდა, ბასს 32-ის 18 (ბ) პუნქტში აღნიშნულია:

.... ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მფლობელს უფლებას აძლევს ფულადი სახსრების

ან სხვა რომელიმე ფინანსური აქტივის (,,დაბრუნებადი ინსტრუმენტი’’) სანაცვლოდ, ემი-ტენტს უკან დაუბრუნოს ის, წარმოადგენს ფინანსურ ვალდებულებას, იმ ინსტრუმენტების გარდა, რომლებიც წილობრივ ინსტრუმენტად არის კლასიფიცირებული (16ა) და (16ბ), ან (16გ) და (16დ) პუნქტების შესაბამისად. ფინანსური ინსტრუმენტი ფინანსურ ვალდებულებას წარმოადგენს მაშინაც კი, როცა ფულადი სახსრების ან სხვა ფინანსური აქტივების ოდე-ნობა განისაზღვრება ინდექსის ან მსგავსი მაჩვენებლის მეშვეობით, რომელიც შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს. ის ფაქტი, რომ მფლობელს არჩევანის საშუალება აქვს, ინ-სტრუმენტი დაუბრუნოს ემიტენტს, ფულადი სახსრების ან სხვა ფინანსური აქტივის სანაც-ვლოდ, ნიშნავს, რომ დაბრუნებადი ინსტრუმენტი აკმაყოფილებს ფინანსური ვალდებულე-ბის განმარტებას, იმ ინსტრუმენტების გარდა, რომლებიც წილობრივ ინსტრუმენტად არის კლასიფიცირებული (16ა) და (16ბ), ან (16გ) და (16დ) პუნქტების შესაბამისად.


დ13. გამოსყიდვის აკრძალვა, რომელიც ამ მაგალითშია აღწერილი, ბასს 32-ის მე-19 და მგ 25-ე პუნქტებში აღწერილი შეზღუდვებისაგან განსხვავდება. ის შეზღუდვები წარმოადგენს საწარმოს უნარის შეზღუდვას, გადაიხადოს ფინანსური ვალდებულების დასაფარად საჭირო თანხა, ანუ ეს შეზღუდვები ხელს უშლის ვალდებულების დაფარვას მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტული პირობები დაკმაყოფილებულია. ამის საპირისპიროდ, ამ მაგალითში აღწე-რილია გამოსყიდვის უპირობო აკრძალვა გარკვეული თანხის ზღვარს მიღმა, იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა საწარმოს წევრების წილების გამოსყიდვა (მაგ., თავისი ფულადი სახსრების რესურსების, მოგების ან განაწილებადი რეზერვების გათვალის-წინებით). ფაქტობრივად, გამოსყიდვის აკრძალვა საწარმოს ხელს უშლის მთლიანად გადახდილი წილების გარკვეულ სიდიდეზე მეტი სიდიდის ფინანსური ვალდებულების აღებას გამოსყიდვისთვის. ამგვარად, წილების ის ნაწილი, რომელიც გამოსყიდვის აკრძალვას ექვემდებარება, არ წარმოადგენს ფინანსურ ვალდებულებას. მართალია, თითოეული წევრის წილები შეიძლება ინდივიდუალურად იქნეს გამოსყიდული, მაგრამ მიმოქცევაში გაშვებული მთლიანი წილების გარკვეული რაოდენობა არასდროს არ არის გამოსყიდვადი, გარდა საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევისა.



მაგალითი 5

ფაქტები

დ14. ამ მაგალითში ფაქტები ისეთივეა, როგორიც მე-4 მაგალითში იყო. გარდა ამისა, საანგა-რიშგებო პერიოდის ბოლოს, ადგილობრივი კანონმდებლობით დაწესებული ლიკვიდობის მოთხოვნა საწარმოს ხელს უშლის წევრების წილების გამოსყიდვას, თუ მისი ფულადი სახსრები და მოკლევადიანი ინვესტიციები სპეციალურად დადგენილ თანხაზე მეტი არ არის. ლიკვიდობის ზემოაღნიშნული მოთხოვნების გავლენა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს იმაში გამოიხატება, რომ საწარმოს არ შეუძლია 50,000 ფე-ზე მეტის გადახდა წევრების წილების გამოსასყიდად.

კლასიფიკაცია

დ15. როგორც მე-4 მაგალითში აღვნიშნეთ, საწარმო 750,000 ფე-ს ანიჭებს საკუთარი კაპიტალის კლასიფიკაციას და 150,000 ფე-ს  ფინანსური ვალდებულების. ამის მიზეზი ისაა, რომ ვალდებულებად კლასიფიცირებული თანხა ეყრდნობა საწარმოს უპირობო უფლებას, უარი თქვას გამოსყიდვაზე და არა პირობით შეზღუდვებს, რომლებიც გამოსყიდვას მხოლოდ მაშინ უშლის ხელს, თუ ლიკვიდობის ან სხვა პირობები არ იქნება შესრულებული, ხოლო როგორც კი ეს პირობები შესრულდება, გამოსყიდვა შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ბასს 32-ის მე-19 და მგ 25-ე პუნქტები.
 

ფასიკ 2

მაგალითი 6

ფაქტები

დ16. წესდება საწარმოს უკრძალავს წევრების წილების გამოსყიდვას იმ თანხაზე მეტი სიდიდით, რამდენსაც შეადგენდა ახალი ან არსებული წევრებისთვის დამატებითი წილების ემისიიდან მიღებული შემოსავალი წინა სამი წლის მანძილზე. წევრების წილების ემისიიდან მიღებული შემოსავალი გამოყენებულ უნდა იქნეს იმ წილების გამოსასყიდად, რომლის გამოსყიდვასაც წევრები მოითხოვენ. წინა სამი წლის მანძილზე წევრების წილების ემიისიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 12,000 ფე და წევრების არც ერთი აქცია არ ყოფილა გამოსყიდული.

კლასიფიკაცია

დ17. საწარმო წევრების წილების 12,000 ფე-ს ანიჭებს ფინანსური ვალდებულებების კლასი-ფიკაციას. მე-4 მაგალითში გამოტანილი დასკვნების შესაბამისად, წევრების წილები, რომელთა გამოსყიდვაც უპირობო აკრძალვას ექვემდებარება, არ წარმოადგენს ფინანსურ ვალდებულებებს. ამგვარი უპირობო აკრძალვა მიესადაგება იმ თანხას, რომელიც ტოლია სამი წლის წინ წილების ემისიიდან მიღებული შემოსავლის და, შესაბამისად, ეს თანხა კლასიფიცირდება საკუთარ კაპიტალად. თუმცა, თანხა, რომელიც წინა სამი წლის მანძილზე განხორციელებული წილების ემისიიდან მიღებული შემოსავლის ტოლია, არ ექვემდებარება გამოსყიდვის უპირობო აკრძალვას. შესაბამისად, წინა სამი წლის მანძილზე განხორ-ციელებული წილების ემისიიდან მიღებული შემოსავალი წარმოშობს ფინანსურ ვალდებულებებს მანამ, სანამ ეს თანხა ხელმიუწვდომელი არ გახდება წევრების წილების გამოსასყიდად. მაშასადამე, საწარმოს აქვს ფინანსური ვალდებულება, რომელიც ტოლია წინა სამი წლის მანძილზე განხორციელებული წილების ემისიიდან მიღებული შემოსავლის, ამ პერიოდის მანძილზე განხორციელებული ნებისმიერი გამოსყიდვის თანხის გამოკლებით.


მაგალითი 7

ფაქტები

დ 18. საწარმო არის კოოპერაციული ბანკი. კოოპერაციული ბანკების მარეგულირებელ ადგილობრივ კანონმდებლობაში აღნიშნულია, რომ საწარმოს `მიმოქცევაში გაშვებული~ მთლიანი `ვალდებულებების~ სულ მცირე 50% მაინც (ეს ტერმინი, რომელიც კანონმდებლო-ბით არის განსაზღვრული, მოიცავს წევრების საპაიო ანგარიშს) წარმოდგენილი უნდა იყოს წევრების მთლიანად გადახდილი წილების სახით. კანონმდებლობის გავლენა იმაში გამო-იხატება, რომ თუ კოოპერტივის მიმოქცევაში გაშვებული ყველა ვალდებულება იარსებებს წევრების წილების ფორმით, შესაძლებელია ყველა მათგანის გამოსყიდვა. 20X1 წლის 31 დეკემბერს საწარმოს მიმოქცევაში გაშვებული აქვს სულ 200,000 ფე-ის ღირებულების ვალდებულებები. აქედან, 125,000 ფე წარმოადგენს წევრების საპაიო ანგარიშებს. წევრების საპაიო ანგარიშების პირობები მის მფლობელს გამოსყიდვის უფლებას აძლევს მოთხოვნისთანავე და საწარმოს წესდებაში არავითარი შეზღუდვა არ არსებობს გამოსყიდვასთან დაკავშირებით.


კლასიფიკაცია

დ 19. აქ წევრების წილები კლასიფიცირდება ფინანსურ ვალდებულებებად. ამ მაგალითში მოცემული გამოსყიდვის აკრძალვა ბასს 32-ის მე-19 და მგ 25-ე პუნქტებში აღწერილი შეზღუდვების მსგავსია. ეს შეზღუდვა წარმოადგენს საწარმოს შესაძლებლობის  გადაიხადოს ფინანსური ვალდებულების შესაბამისი თანხა  პირობით შეზღუდვას, ანუ ეს შეზღუდვები ვალდებულების დაფარვას მხოლოდ მაშინ უშლის ხელს, თუ წინასწარ დად-ენილი პირობები დაკმაყოფილებულია. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, შეიძლება საწარმოს წევრების წილების მთლიანი თანხის გამოსყიდვა (125,000 ფე) მოეთხოვოს, თუ ის დაფარავს ყველა სხვა ვალდებულებას (75,000 ფე-ს). შესაბამისად, გამოსყიდვის აკრძალვა ხელს არ უშლის საწარმოს, გამოსყიდვისთვის აიღოს ფინანსური ვალდებულება, რომელიც მეტი იქნება წევრების წილების გარკვეულ რაოდენობაზე ან მთლიანად გადახდილი წილების სიდიდეზე. ეს შეზღუდვა საწარმოს მხოლოდ გამოსყიდვის გადავადების საშუალებას აძლევს, კერძოდ, იმ დრომდე, სანამ გარკვეული პირობა არ შესრულება, ე.ი. სანამ საწარმო არ გადაიხდის ყველა სხვა ვალდებულებას. ამ მაგალითში წევრების წილები არ ექვემდებარება გამოსყიდვის უპირობო აკრძალვას და, ამდენად, ფინანსურ ვალდებულებებად კლასი-ფიცირდება.